Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018



მონათა აჯანყება სპარტაკის 
მეთაურობით.

   ძვ.წ. I საუკუნეში იტალიასა და სიცილიაში უამრავმა მონამ მოიყარა თავი. ჩვენთვის ცნობილია, რომ მონებს გლადიატორთა ბრძოლებისთვისაც იყენებდნენ, მათ სპეციალურ სკოლებში წვრთნიდნენ, რომლებიც მთელს ქვეყანაში იყო მიმოფანტული. გლადიატორთა სკოლებში მიყავდათ ყველაზე მარჯვე და ღონიერი მონები. ერთ-ერთი ასეთი სკოლიდან რომელიც ,ქ. კაპუაში მდებარეობდა, ძვ.წ. 74 წელს 78 მონა გაიქცა და თავი ვეზუვის მთას შეაფარა. მათ ხელმძღვანელობდა წარმოშობით თრაკიელი სპარტაკი, რომელსაც რომაელები აღიქვამდნენ, როგორც ახალ ჰანიბალს. 
   რომაელები თავიდან არასერიოზულად მიუდგნენ ამ აჯანყებას და მონათა წინააღმდეგ მეტად მცირა ჯარი გაგზავნეს. სპარტაკმა კი არა მარტო ისინი, არამედ მის წინააღმდეგ გამომგზავნილი პრეტორიც კი დაამარცხა. აჯანყებულთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. სპარტაკის ჯარმა 70-80 ათას კაცს მიაღწია. ისინი თავს ესხმოდნენ მდიდარი მიწათმფლობელების სახლებს. 
   აჯანყებულების მიზანი იყო თავისუფლების მოპოვება და ამიტომ იტალიის დატოვება ჰქონდათ განზრახული. ამიტომ აჯანყებული მონები ჩრდილოეთისაკენ – ალპებისაკენ დაიძრნენ. თუ მონები ალპებს გადალახავდნენ, ფაქტობრივად თავისუფლებიც გახდებოდნენ. მოულოდნელად, დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, სპარტაკის ჯარმა თავის პირვანდელ გეგმაზე უარი თქვა და უკან, სამხრეთისაკენ მოტრიალდა. სპარტაკმა აჯანყებული მონებისაგან რომაულ ყაიდაზე ჩამოაყალიბა ქვეითი და ცხენოსანი ჯარი. მათ ბანაკში გამუდმებით მუშაობდნენ მჭედლები, რომლებიც მონათა არმიისათვის იარაღს ამზადებდნენ. სპარტაკმა არმიაში დაამყარა მკაცრი დისციპლინა, რის გამოც მონების ნაწილმა აჯანყებულთა ბანაკი დატოვა.
   სენატმა აჯანყებული მონების წინააღმდეგ ბრძოლა ცნობილ სარდალ მარკუს კრასუსს დაავალა, მაგრამ თავიდან მანაც რამდენიმე მარცხი იწვნია სპარტაკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მდგომარეობა გართულდა და ამიტომ სენატმა აჯანყების ჩასახშობად კიდევ ორი მხედართმთავარი გამოიძახა: პომპეუსი და ლუკულუსი, თუმცა მათ მოსვლამდე, ძვ.წ. 71 წელს, კრასუსის მრავალრიცხოვანმა ჯარმა დაამარცხა სპარტაკის არმია. როდესაც პომპეუსის ლეგიონები მოვიდა, გადამწყვეტი ბრძოლა დასრულებული იყო. აჯანყებული მონები სასტიკად დასაჯეს. 6 000 მონა ხის ჯვრებზე გააკრეს. ეს ჯვრები აღმართეს კაპუადან რომისკენ მიმავალ გზაზე, რომ სხვებისთვისაც მწარე გაკვეთილი ყოფილიყო. სპარტაკი კი ბრძოლაში დაიღუპა.


   ამ აჯანყებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რომის ისტორიაში, რადგან აჯანყების შემდეგ მონების მიმართ დამოკიდებულება ოდნავ უფრო ჰუმანური გახდა. რომში გავრცელდა მონობისაგან განთავისუფლების პრაქტიკა. განთავისუფლებულ მონებს ლიბერტანებს  უწოდებდნენ. ისინი რომის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წარმოადგენდნენ. იმპერიის ხანაში კი დაიწყეს მონების მიწაზე დასმა. მათ კოლონები ეწოდებოდათ, ე.ი. იქცნენ ნახევრადთავისუფალ გლეხებად. ასე, რომ გლეხი, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა  საკუთარი ნაკვეთითა და მოსავლით უფრო რენტაბელური  იქნებოდა ვიდრე უქონელი და უუფლებო მონისა.
  



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -