Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018



მითრიდატული ომები. 

    როგორც გვახსოვს, სელევკიდების დამარცხების შემდეგ რომის ხელში გადავიდა მცირე აზიის ნახევარკუნძულისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო. რომის ხელში ასევე აღმოჩნდა შავ ზღვაში გასასვლელი ბოსფორის სრუტეც, თუმცა შავი ზღვის სრულად გაკონტოლებას რომაელები მაინც ვერ ახერხებდნენ, რადგან  რომის გაფართოების სურვილს წინ გადაეღობა ორი დიდი წინააზიური სამეფო: პონტო და არმენია ანუ სომხეთი, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ სამხრეთ კავკასიური სამეფოები: იბერია ანუ ქართლი და ალბანეთი (აზერბაიჯანი). 
   იმხანად პონტოში მეფობდა მიტრიდატე VI ევპატორი, იბერიაში _ არტოკი (არტაგი), არმენიაში _ ტიგრანი. რომთან ბრძოლაში წამყვანი როლი პონტოს სამეფოს ეკუთვნოდა, ამიტომაც რომის ამ აღმოსავლურ ომებს “მითრიდატული ომები” ეწოდა. სულ სამი მითრიდატული ომი იყო: I ომი _ ძვ.წ. 89-84 წწ, II ომი _ ძვ.წ. 83-82 წწ, III ომი _ ძვ.წ. 74-64 წწ. 
   მითრიდატე VI (ძვ.წ. 111-63 წწ) ძალიან ენერგიული და განათლებული (მან 22 ენა იცოდა), ამავე დროს მკაცრი და დაუნდობელი მმართველი იყო. მან დაიპყრო კოლხეთის სამეფოც, რომელსაც გარკვეული ვალდებულებები დააკისრა, კერძოდ პონტოელებს გაჰქონდათ საშენი მასალა, სელი, მონები. ფაზისიდან სინოპამდე ზღვით 8 ან 9 დღის სავალი ყოფილა. ძვ.წ. 89 წ რომაელთა წაქეზებით პონტოს ომი დაუწყო ბითვინიის მეფემ, რომიც მაშინვე ჩაერთო ბრძოლებში, მაგრამ რომაელთა ჯარი მანამდე მარცხდებოდა, სანამ მითრიდატე VI-ეს ცნობილი სარდალი სულა არ დაუპირისპირდა, რომლმაც პონტოელთა ჯარი დაამარცხა, მაგრამ იგი სწრაფად დაბრუნდა რომში, რადგან რომში სულას გაურთულდა მდგომარეობა  მარიუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რომსა და პონტოს სამეფოს შორის ძვ.წ. 84 წელს დაიდო ზავი, რომლის მიხედვითაც პონტომ რომს გადასცა დაპყრობილი ტერიტორიები და პონტოს სამეფოს ფლოტის ნაწილი და იკისრა კონტრიბუცია. ეს ომი I მიტრიდატული ომის სახელით შევიდა ისტორიაში.

   მცირე აზიაში დარჩენილ რომაელებს ეგონათ, რომ პონტოს სამეფო დასუსტდა და ძვ.წ.83 წელს თავს დაესხნენ მითრიდატეს. ეს კონფლიქტი სწრაფად დასრულდა და ძვ.წ. 82 წელს და აღდგა ზავის პირობები. ეს ომი II მიტრიდატული ომია.
  მიტრიდატემ მშვიდობიანობის პერიოდი თავისი არმიის რეორგანიზაციისა და გაძლიერებისათვის გამოიყენა. ამავე დროს მან შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა სომხეთის მეფე ტიგრან II-სთან, რომელიც ამ პერიოდში სიძლიერის ზენიტში იყო. მითრიდატემ გაითვალისწინა ტიგრან II-ის სიძლიერე და მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად. მითრიდატე ვერ ეგუებოდა მცირე აზიაში რომთან მარცხს და ახალი ომისათვის ემზადებოდა, ომის დასაწყებად კი საბაბი სჭირდებოდა. ძვ.წ. 74 წ. გარდაიცვალა ბითვინიის მეფე, რომელმაც თავისი სამეფო რომს დაუტოვა. მითრიდატე გარდაცვლილი მეფის ვაჟის ინტერესების დამცველად გამოვიდა და რომაელებთან ომი გააჩაღა. 
   ეს იყო III და ბოლო ომი მიტრიდატესთან. რომმა მითრიდატეს წინააღმდეგ ცნობილი სარდალი ლუკულუსი გაგზავნა, რომელმაც სამხედრო მოქმედებები დიდი წარმატებით დაიწყო: ჯერ მიტრიდატე დაამარცხა, ხოლო შემდეგ მისი მოკავშირე ტიგრან II. სომხეთის მეფე ბრძოლის წინ მეტად დაჯერებული იყო და როცა რომაელთა ჯარი დაინახა, თქვა: “თუ ეს რომაელები ელჩებად მოვიდნენ აქ, მეტად ბევრნი არიან, ხოლო თუ ჯარისკაცებად მოვიდნენ _ ფრიდ მცირენი-ო”. ძვირად დაუჯდა მას ეს ამპარტავნობა. ლუკულუსმა კვლავ დიდი გამარჯვება მოიპოვა. ესოდენ კარგად დაწყებული სამხედრო კამპანია ლუკულუსმა სხვადასხვა მიზეზების გამო კარგად ვერ გააგრძელა და მტრის სრული განადგურება გაუჭირდა. ომის გაჭიანურებამ სენატის უკმაყოფილება გამოიწვია და ლუკულუსის ნაცვლად გამოგზავნა სარდალი გნეუს პომპეუსი, რომელმაც ეს ომი დიდი წარმატებით დაასრულა, ხოლო ლუკულუსი რომში დაბრუნდა და მალე საზოგადო მოღვაწეობას თავი დაანება.
    III მითრიდატული ომის ბოლო ეტაპზე პომპეუსმა, როგორც ცნობილია საქართველოში _ ანტიკური ხანის იბერიასა და კოლხეთში ასევე აზერბაიჯანში _ იგივე ანტიკური ხანის ალბანეთში ილაშქრა. პომპეუსს გამოქცეული პონტოს მეფე მითრიდატე, კოლხეთის გავლით ყირიმში, თავის ვაჟთან _ ბოსფორის მეფესთან გაიქცა. მაგრამ, გვირგვინოსანმა შვილმა მამას უღალატა და მისი რომაელებისათვის გადაცემა განიზრახა. იმედგადაწურულმა მითრიდატემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მიტრიდატული ომების დასრულების შემდეგ რომის ხელმში გადავიდა წინა აზიის დიდი ნაწილი: არმენია და პონტოს სამეფო რომის ვასალებად იქცნენ, მათ მიერ ადრე დაპყრობილი ტერიტორიები კი რომმა უშუალოდ შეიერთა. ალბანეთის, იბერიისა და კოლხეთის სამეფოებმაც რომის უზენაესობა აღიარეს.




- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -