Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018


მარიუსის სამხედრო რეფორმა.
 სულას დიქტატურა. 

   რომაელები აკონტროლებდნენ უზარმაზარ ტერიტორიას. დაპყრობილი ხალხების მორჩილებაში ყოლისათვის სულ უფრო და უფრო მეტი ჯარისკაცი იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ გრაკხუსების კანონებმა დროებით შეაჩერეს გლეხების გაღატაკების პროცესი, რომაული არმია მაინც სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, რადგან გაღატაკებული გლეხები ჯარში ვეღარ მსახურობდნენ. აბა როგორ უნდა შეგროვებულიყო ამდენი მეომარი? 
   ამ პრობლემის გადაჭრა კონსულმა მარიუსმა მოახერხა. მარიუსი კონსულად რომში ხუთჯერ იყო არჩეული. მას რომაელებისამშობლოს მხსნელს უწოდებდნენ და არნახულ პატივს მიაგებდნენ. ძვ.წ. 107 წ. მარიუსმა სამხედრო რეფორმის ინიციატივა გამოიჩინა.  სენატი იძულებული გახდა მარიუსის ინციატივა კანონად გარდაექმნა, რომლის მიხედვითაც რომაულ არმიაში უმიწო გლეხებიც გაიწვიეს. დაიწყეს უღარიბესი და უმწეო მოქალაქეების (განურჩევლად ეროვნებისა) ჯარში გაწვევა. მეომარი სახელმწიფოს კმაყოფაზე იყო. მას იარაღსა და ჯამაგირს აძლევდნენ, ხოლო თუ ბრძოლაში თავს გამოიჩენდა, აჯილდოვებდნენ კიდეც. სამსახურის ვადა 16 წლით განისაზღვრა. ჯარისკაცები კი თავის მხედართმთავრებს ერთგულებით პასუხობდნენ. გლეხებს ჯარში სამსახურისათვის მიწის ნაკვეთებს უსასყიდლოდ ურიგებდნენ. მარიუსმა ლეგიონის ერთიან ნიშნად არწივის გამოსახულება შემოიღო. 
   მარიუსის რეფორმამ ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა პროფესიულ არმიას. ამ კანონმა რომაული ჯარი კვლავ გააძლიერა, მაგრამ სამხედრო რეფორმის შემდეგ რომის სამოქალაქო ლაშქარი თანდათანობით დაქირავებულ ჯარად გადაიქცა. ასე გადაიჭრა ძლიერი რომის უმნიშვნელოვანესი პრობლემა: დაქირავებული ჯარის სახით რომს მეომრები უკვე საკმაო რაოდენობით ჰყავდა, ხოლო დაქირავებულ ჯარში სამსახურით მრავალი ღატაკი მოქალაქე და მისი ოჯახი სიღარიბესა და შიშილისაგან სიკვდილს გადაურჩა.
   მართალია მარიუსის რეფორმამ არმიის ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად აამაღლა, მაგრამ რეფორმის უარყოფითმა მხარემაც მალე იჩინა თავი: დაქირავებული არმია თავის მხედართმთავრებზე მიჯაჭვული ხდებოდა, რის გამოც ამ უკანასკნელთა ხელში ძალაუფლებისათვის ბრძოლის იარაღად იოლად იქცეოდნენ ხოლმე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რომაელ სარდლებს მარტო ახალი ტიპის ჯარმა როდი გაუღვიძა დიქტატურობისაკენ სწრაფვა. აშკარა იყო, რომ რომის რესპუბლიკური მმართველობა დასასრულისაკენ მიექანებოდა და იმპერიად ქცეული ეს ქალაქი შესაბამის იმპერიულ მმართველობას მოითხოვდა.

     დიქტატურის დამყარების მოსურნეც მალე გამოჩნდა. ეს პიროვნება გახდა გამოჩენილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე კორნელიუს სულა. რომში კონსულის არჩევნებზე სულამ გაიმარჯვა, ამიტომ მითრიდატე პონტოელის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში რომაელთა არმიის მხედართმთავრობაც მას ერგო. კონსულმა თავისი ლეგიონებით პონტოს წინააღმდეგ ბრძოლის გამო რომი დატოვა. სულას რომში არყოფნით მისმა მოწინააღმდეგეებმა ისარგებლეს და სახალხო კრების დადგენილებით შეძლეს სულას გადაყენება, ხოლო ძალაუფლება მარიუსს გადასცეს. სულა სახალხო კრების დადგენილებას არ დაემორჩილა და თავისი ლეგიონებით რომისაკენ დაიძრა.

    ასე გაჩაღდა რომში I სამოქალაქო ომი. სულამ ქალაქი სისხლისმღვრელი ბრძოლებით დაიკავა და თავისი დიქტატურა დაამყარა. მარიუსმა გაქცევით უშველა თავს. რომის ისტორიაში პირველად, მაგრამ არა უკანასკნელად, სულამ “მარადიულ ქალაქში” ლეგიონები შეიყვანა და ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. სულას მხარდამჭერებს ეწოდათ ოპტიმატები, მარიუსის მომხრეებს კი პოპულარები. სულას დიქტატურა გაგრძელდა ძვ.წ. 82-79 წლებში. მან სასტიკად იძია შური მტრებზე. ქალაქში შედგა სიები – ე.წ. პროსკრიპციები და აქ მოხვედრილები სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მათი ქონება აუქციონზე გაყიდეს. სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე ათეული სენატორი და ათასზე მეტი სხვა რომაელი მოქალაქე. სულას ბრძანებით ამოთხარეს მარიუსის ნეშტი და მდინარე ტიბრში გადააგდეს. სულას მოწინააღმდეგეებმა რომი დატოვეს, პროვინციებს შეაფარეს თავი და აჯანყებისათვის დაიწყეს მზადება, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ძვ.წ. 79 წელს სულა ნებაყოფლობით გადადგა და თავის მამულში განმარტოვდა, ერთი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა. როგორც დავინახეთ სულას დიქტატურამ კანონით გათვალისწინებული 6 თვის ნაცვლად დაახლოვებით ოთხ წელს გასტანა. ეს რა თქმა უნდა რომის პოლიტიკური წყობის სერიოზულ კრიზისს მოასწავებდა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -