Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday, 19 March 2018
ბიზანტიის იმპერია
როგორც ვიცით 395 წელს, რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა დასავლეთ რომისა და აღმოსავლეთ რომის იმპერიები. აღმოსავლეთ რომის იმპერიას მოგვიანებით ისტორიკოსებმა ბიზანტიის იმპერია შეარქვეს და ამ სახელითაა იგი ცნობილი ისტორიაში.
ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა კონსტანტინოპოლი, რომელიც სამი მხრიდან ზღვით იყო გარშემოტყმული, ხოლო ხმელეთიდან მას იცავდა გალავანი. ეს ქალაქი მდებარობდა ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე, მისი ასეთი მდებარეობა ანიჭებდა მნიშვნელოვან სამხედრო და ეკონომიკური ხასიათის უპირატესობას. სწორედ კონსტანტინოპოლი წარმოადგენდა იმ ბუნებრივ ცენტრს, რომლის გარშემო შეეძლო თავმოყრა აღმოსავლურ სამყაროს. ბიზანტიის იმპერია, თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე ვრცელ ტერიტორიაზე გადაჭიმული იყო იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დროს.
იმ დროს, როცა დასავლეთ რომის იმპერია ბარბაროსთა შემოსევების შედეგად სულს ღაფავდა, ბიზანტია თავისი განვითარების ოქროს ხანაში (IV-VI სს) შევიდა. იმპერიის სათავეში იდგა ბასილევსი, იგივე იმპერატორი (ბერძნულად მეფე). იგი ღვთის რჩეულად და ღმერთის ნების აღმსრულებლად ითვლებოდა. ბასილევსები ფიქრობდნენ, რომ რომისაგან მემკვიდრეობით მხოლოდ მათ ერგოთ ევროპის, წინა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებზე ბატონობის უფლება. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ 381 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარებულმა II მსოფლიო საეკლესიო კრებამ კონსტანტინოპოლი “ახალ რომად” გამოაცხადა.
იმპერატორის (ბასილევსის) კარზე არსებობდა სათათბირო ორგანო _ სინკლიტი (სენატს ბერძნულად ასე უწოდებდნენ), რომლის წევრებსაც სინკლიტიკები ანუ სენატორები ეწოდებოდათ. მოხელეებად და სინკლიტიკებად ხდებოდნენ არა მხოლოდ დიდგვაროვნები, არამედ ამ უმაღლეს თანამდებობდეს ხშირად უბრალო წარმომავლობის, მაგრამ ნიჭიერი ადამიანებიც იღებდნენ.
VII საუკუნიდან, არაბთა შემოსევების შედეგად ბიზანტიამ აზიაში საკმაოდ დიდი ტერიტორიები დაკარგა. არაბებმა კონსტანტინეპოლამდეც კი მიაღწიეს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლეს.
X საუკუნიდან ბიზანტია კვლავ შეეცადა აღედგინა ძველებური დიდება. იმპერატორ ბასილი II-ის დროს ბიზანტიამ კვლავ დაიბრუნა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თავისი გავლენა.
XI ს II ნახევარში თურქ-სელჩუკების შემოსევამ ბიზანტია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. სელჩუკები ბიზანტიის აღმოსავლეთი პროვინციების დიდ ნაწილს დაეპატრონნენ.
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა განსაკუთრებული დაღი დაასვესე ბიზანტიის ისტორიას. IV ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, 1204 წელს კი კონსტანტინოპოლი ჯვაროსნებმა აიღეს, რის გამოც ბიზანტიის იმპერიამ არსებობა დროებით შეწყვიტა.
1261 წელს ბიზანტიის იმპერია კვლავ აღდგა, თუმცა მისი გავლენა უკვე საკმაოდ სუსტი იყო. XIV საუკუნის მიწურულისათვის ბიზანტიის იმპერია ფაქტობრივად მხოლოდ კონსტანტინოპოლითა და ევროპულ ნაწილში მდებარე რამდენიმე პროვინციით შემოიფარგლებოდა.
ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით კარგად ისარგებლა ოსმალეთმა. 1453 წლის 29 მაისს, სულთან მეჰმედ II-ემ კონსტანტინოპოლი აიღო, რითაც დასრულდა ბიზანტიის იმპერიის არსებობა.