Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 10 March 2018


ქრისტეფორე კოლუმბი. 
ამერიკის აღმოჩენა

   საზღვაო ვაჭრობის მონოპოლიისათვის ბრძოლაში პორტუგალიის მთავარი მოწინააღმდეგე იყო ესპანეთი. ესპანეთის მეფე ფერდინანდს სურდა მოეწყო საზღვაო ექსპედიცია, რომელიც მას დააკავშირებდა ინდოელ ვაჭრებთან და იაფად შემოიტანდა სანელებლებს ევროპაში.
   ქრისტეფორე კოლუმბი წარმოშობით გენუელი იყო. იგი დიბადა შალეულის საამქროს მეპატრონის ოჯახში. თავისი ცხოვრების ადრეული წლები მან გაატარა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო ზღვაოსნობით და გეოგრაფიული რუკების შედგენით. კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა ვარაუდს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომ ინდოეთამდე მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ აფრიკის შემოვლით, არამედ ატლანტის ოკეანის გავლითაც დასავლეთის მიმართულებით.
   შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით ჩაღწევის გეგმა კოლუმბმა ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა. მის იდეას გამოეხმაურა მხოლოდ ესპანეთი, სადაც XV საუკუნის მიწურულისათვის დასრულდა რეკონკისტა (პირენეს ნახევარკუნძულის ხალხების მიერ არაბებისაგან დაპყრობილი ტერიტორიების ბრძოლით უკან დაბრუნება) და ესპანელი აზნაურების დასაქმების პრობლემა შეიქმნა. “კათოლიკე მეფეებმა” ისაბელმა და ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად კოლუმბს სამი კარაველა: “სანტა-მარია”, “პინტა” და “ნინია”  გადასცეს. უნდა აღინიშნოს, რომ კოლუმბის ეკიპაჟში გემ “სანტა-მარიაზე”, რომლის კაპიტანი თავად კოლუმბი იყო, იყვნენ ქართველი ძმები მოლაშხიები. ამასთან იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.

  თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგრძილივი და დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან მიწა შენიშნეს. 1492 წ 12 ოქტომბერს (12 ოქტომბერი ამერიკაში დადგენილია, როგორც ამერიკის ხელახლა აღმოჩენის დღე, კოლუმბის ღვაწლის დაფასების მიზნით)  69 დღიანი მოგზაურობის შემდეგ,  კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს  სან-სალვადორი  (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. ესპანეთის “კათოლიკე მეფეების” სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ აზიის განაპირა კუნძულებს ანუ “ინდიებს” მიაღწია, ამიტომ ახლად აღმოჩენილ მიწას  ვესტ (დასავლეთი) ინდოეთი, ხოლო ადგილობრივ მცხოვრებლებს ინდიელები  უწოდა. 1493 წ გაზაფხულზე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყეს და “ოკეანის ადმირალის” ტიტული უბოძეს.
  1493-1502 წწ კოლუმბმა კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკაში და აღმოაჩინა კარიბის ზღვის ბევრი კუნძული. მან აღმოაჩინა კუნძული იამაიკა, ანტილიის კუნძულები და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო სანაპირო, მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა ესპანეთის სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა 1506 წელს სიღარიბესა და მარტოობაში, რომ არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთს მიაღწია.
  იტალიელმა ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფმა ამერიგო ვესპუჩიმ  1501 წლის 14 მაისს ოკეანეში ორი თვის მოგზაურობის შემდეგ მიადგა ნაყოფიერ, მდიდარ, მცენარეებიტა და ცხოველებეით მრავალფეროვან მიწას, სადაც ველური მოსახლეობა ცხოვრობდა და მას “მიწიერი სამოთხე” უწოდა. მის მიერ აღწერილი ეს სამოთხე წარმოადგენდა დღევანდელ ბრაზილიას. ამრიგო ვესპუჩი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს მიწა უფრო ფართოვდებოდა სამხრეთისაკენ, ვიდრე ეს ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა იგი, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი. 1507 წელს მარტინ ვოლდსიმიულერმა ვესპუჩის ანგარიშებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც ახალ კონტინენტს მან ამერიკა უწოდა ამერიგო ვესპუჩის საპატივსაცემოდ.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -