Posted by : ლელა კაკაშვილი
Saturday 10 March 2018
საფრანგეთ-პრუსიის ომი
ბისმარკის შემდეგ ამოცანას წარმოადგენდა სამხრეთ გერმანული სახელმწიფოების შემოერთება. ამ სამფლობელოებზე კი დიდი გავლენა ჰქონდა საფრანგეთს. შესაბამისად, ამ ამოცანის გადასაწყვეტად ბისმარკს მოუწევდა საფრანგეთთან დაპირისპირება, რომელიც თავის მხრივ, შეშფოთებული იყო მის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრებთან ძლიერი გერმანული კავშირის არსებობით. "რკინის კანცლერი" დარწმუნდა, რომ საფრანგეთთან ომის შემთხვევაში ამ უკანასკნელს არავინ დაეხმარებოდა, რადგან ინგლისი კვლავ არ განიხილავდა პრუსიას სერიოზულ კონკურენტად, რუსულ-ფრანგული ურთიერთობები კი დაძაბული იყო აღმოსავლეთში დაპირისპირების გამო, ხოლო ავსტრია-უნგრეთის ნეიტრალიზება მოხერხდებოდა რუსეთის წყალობით. ალექსანდრე II-ემ აღუთქვა ვილჰემ I-ს, რომ განალაგებდა ჯარებს ავსტრიის საზღვარზე საფრანგეთ-პრუსიის ომის შემთხვევაში.
1870 წელს ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა ომის დასაწყებად. 1868 წლის ესპანეთის რევოლუციის შემდეგ დედოფალი იზაბელა გადააგდეს და პარლამენტმა დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა. ერთერთ მთავარ კანდიდატურად განიხილებოდა პრუსიის მეფის ნათესავი ლეოპოლდი, რომელსაც მხარი დაუჭირა ბისმარკმა. ნაპოლეონი შიშობდა, რომ ლეოპოლდის ესპანეთში გამეფების შემთხვევაში, საფრანგეთს დასავლეთიდანაც პრუსიის სამეფო დინასტიის წარმომადგენლები გაუმეზობლდებოდნენ.
1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი წარიმართა საფრანგეთის ტერიტორიაზე და ნაპოლეონ III-თვის წარუმატებელი გამოდგა. 1870 წლის 1-2 სექტემბერს ფრანგულმა არმიამ მძიმე მარცხი განიცადა სედანთან ბრძოლაში. იმპერატორი ნაპოლეონ III ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. 4 სექტემბერს საფრანგეთი გამოცხადდა რესპუბლიკად, რომელმაც გააგრძელა პრუსიელებთან ომი, 19 სექტემბერს პრუსიის არმიამ უკვე დაიწყო პარიზის ალყა.
1871 წლის 18 იანვარს ვერალში, სარკეებიან დარბაზში გამოცხადდა გერმანიის იმპერიის შექმნა. გერმანელმა მეფე-მთავრებმა პრუსიის მეფე ვილჰემ I გერმანიის იმპერატორად, იგივე კაიზერად გამოაცხადეს. ახალი იმპერია შედგებოდა 4 სამეფოსაგან, 18 სამთავროსაგან, 3 თავისუფალი ქალაქისაგან, კერძოდ _ ჰამბურგის, ბრემენისა და ლიუბეკისაგან და 1 საიმპერატორო პროვინციის _ ელზას-ლოტარინგიისაგან.
1871 წლის 28 იანვარს დასრულდა საფრანგეთ-პრუსიის ომი. ფრანკფურტის საზავო ხელშკრულებით გერმანიის ხელში გადადიოდა ელზასი და ლოტარინგიის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ძირითადად გერმანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. საფრანგეთს უნდა გადაეხადა კონტრიბუცია 5 მილიარდი ფრანკის ოდენობით. ამ თანხის სრულად გადახდამდე საფრანგეთის ტერიტორიებს გერმანული სახელმწიფო ნაწილები დაიკავებდნენ. პრუსიამ საფრანგეთს ჩამოაცილა ორი სტრატეგიული რეგიონი: ელზასი და ლოტარინგია, ამ პროვინციებს ფრანგები ალზასსა და ლორენს უწოდებდბებ.
გერმანია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და ძალიან მალე ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა.