Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 10 March 2018


პირველი გეოგრაფიული 
ექსპედიციები
   დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ინიციატორები იყო პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე ორი სახელმწიფო: ესპანეთი და პორტუგალია. ეს განაპირობა მათმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ორივე სახელმწიფო ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობდა, საიდანაც ევროპელებისათვის უცნობი სამყარო იწყებოდა. პირინეის სახელმწიფოები ეძებდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ მიმავალ ახალ გზებს, სადაც ისინი მონოპოლიურ მდგომარეობას დაიკავებდნენ. ამ მხრივ პირველ ხანებში აქტიურობდა პორტუგალია, რომლის ოცნება იყო _ აფრიკის შემოვლით უმოკლესი საზღვაო გზის პოვნა.
   ახალი სანაპიროების კვლევისა და ათვისების საქმის სულისჩამდგმელი იყო პორტუგალიელი უფლისწული ენრიკ ზღვაოსანი, მან სამხრეთ პორტუგალიის ერთ-ერთ კონცხზე დაარსა სანაოსნო სკოლა, სადაც თავს იყრიდნენ ასტრონომები, რუკების შემდგენელები, შორეული ზღვაოსნობის მოტრფიალენი. ისინი ერთმანეს უზიარებდნენ თავის ცოდნას და მართავდნენ ექსპედიციებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გამოსაკვლევად. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიცია 1460 წ აფრიკიდან დაბრუნდა ოქროთი, სპილოს ძვლითა და შავი მონებით დატვირთული გემებით. ენრიკის გარდაცვალების დროისათვის პორტუგალიელებს კონტროლი ჰქონდათ დამყარებული აფრიკის დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე.
  იმისათვის, რომ ინდოეთისაკენ საზღვაო გზა მოეძიათ, პორტუგალიელები  ცდილობდნენ აფრიკის კონტინენტისათვის შემოევლოთ. 1488 წ პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ბართოლიმეუ დიაშმა (ბართლომეო დიასმა) აფრიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილს მიაღწია, რომელსაც თავდაპირველად "ქარიშხლების კონცხი" უწოდა, ხოლო პორტუგალიის მეფემ ჟოაო II-ემ მას სახელი გამოუცვალა და დაარქვა კეთილი იმედის ჯონცხი, იქ ახლა ქალაქი კეიპტაუნი მდებარეობს. მართლაც ამ კონცხის გარშემოვლით ინდოეთის ოკეანეში შეიძლებოდა შესვლა და ეს დიდ იმედებს აჩენდა. მაგრამ პორტუგალიელებს კიდევ 10 წელი დასჭირდათ, რომ ინდოეთამდე მიეღწიათ. ეს შეძლო ვასკუ და გამამ 1498 წელს, რომელიც თავის სამშობლოში ეროვნულ გმირადაა აღიარებული, თუმცა ინდოეთში მან უმოწყალო და სასტიკი დამპყრობლის სახელი დატოვა. 1498 წელს ის გასცდა კონცხს და გავიდა ინდოეთის ოკეანეში 4 გემით და 168 მეზღვაურის თანხლებით 10 თვიანი მოგზაურობის შემდეგ ისინი მიადგნენ ინდოეთის ქალაქ კალკუტას. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი მდხვერპლიც განიცადა, ვასკო და გამა უკან სანელებლებით დატვირთული გემით დაბრუნდა. ამ მოგზაურობას დიდი მნიშვნეელობა ჰქონდა, რადგან გაიხსნა საზღვაო გზა დასავლეთ ევროპიდან სამხრეთ აზიის ქვეყნებისაკენ.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -