Posted by : ლელა კაკაშვილი Tuesday 20 March 2018



ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა 
ლაშქრობები საქართველოში

    ბიზანტია-სპარსეთის უკანასკნელი ომის პირველ ეტაპზე სპარსელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. დაიპყრეს მთელი სომხეთი, ქართლი, ზემო შუამდინარეთი, სირია. მოპოვებულმა დიდმა წარმატებამ საშუალება მისცა ხოსრო II-ს აქტიური ანტიბიზანტიური პოლიტიკა გარტარებინა, რაც დიოფიზიტების დევნაში გამოიხატა. ეს საკითხი კი მტკივნეულად შეეხო ქართლს.  
   ქართლში ხოსრომ  II-ემ სტეფანოზ I-ის, ძეს ბიზანტიის მომხრე ადარნესეს ერისმთავრობა ჩამოართვა და ფეროზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელს, ქართლის პიტიახშს არშუშას გადასცა. ადარნასე ერმისმთავარი და ქართლის კათალიკოსი იძულებულნი გახდნენ ქართლი დაეტოვებინათ.
    მძიმე მდგომარეობა იყო ბიზანტიაშიც. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია თავდაპირველად არც გამოცდილი მხედარმთავრის ჰერაკლე კეისარის (610-641) ტახტზე ასვლის შემდეგ გამოსწორდა. 612 წელს ირანელებმა აიღეს ანტიოქია, ხოლო 615 წელს _ დამასკო. ქრისტიანული სამყაროსთვის განსაკუთრებით თავზარდამცემი იყო ხოსრო II-ის მიერ 615 წელს იერუსალიმის აღება და იქიდან ქრისტიანთა უწმინდესი რელიკვიის “ძელი ცხოვრებისას” (ძელის ჯვარი, რომელზედაც გადმოცემის თანახმად ჯვარს აცვეს ქრისტე) წამოღება და მათ სატახტო ქალაქ ქთეზიფონში გადატანა. ირანელებმა ასევე ხელთ იგდეს სხვა ქრისტიანული რელიქვიები. 617 წელს სპარსელებმა დაიკავეს ეგვიპტე, მცირე აზია და კონსტანტილოპოლსაც კი დაემუქრნენ. 
   სპარსელებმა ბიზანტიის დაპყრობილი პროვინციებიდან და ქალაქებიდან აურაცხელი სიმდიდრე გამოზიდეს. შაჰის ხაზინა იმჟამად 1600 მილიონ ოქროს დირჰემს ითვლიდა, რაც გრანდიოზულ სიმდიდრეს წარმოდგენდა. მაგრამ ხოსრომ ვერ შეძლო ამ სიმდიდრის ეფექტურად გამოყენება.
    სამაგიეროდ ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემ ავბედობის დროს ქვეყნის მეთაურობის კარგი ნიჭი გამოამჟღავნა. მან გაატარა სამხედრო რეფორმა. ჰერაკლე კეისარს გვერდში ამოუდგა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მას საეკელესიო საგანძური გადასცა. ბიზანტიამ ირანზე შეტევა დაიწყო 622 წელს, მოიპოვა მრავალი მნიშვნელოვანი წარმატება და დაკარგული პროვინციებიც დაიბრუნა. 627 წელს ბიზანტიელებმა შაჰის რეზიდენციაც დაიკავეს.
   ჰერაკლე კეისარმა ირანელების ქართლიდან განდევნაც გადაწყვიტა, ამ დროს თბილისში ირანელები იდგნენ. ჰერაკლე კეისარმა დაიწყო ბრძოლა ამიერკავკასიისათვის და დარწმუნდა იმაში, რომ ირანელთა დასამარცხებლად მხოლოდ თავისი ძალა არ ეყოფოდა. მან ბრძოლაში ჩააბა ადგილობრივი მოსახლეობა და კავშირი დაამყარა ხაზარებთან.
   ხაზარები თურქულენოვანი წარმოშობის ხალხი, ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩნდნენ ჰუნების შემდეგ. მათი ძირითადი საქმიანობა სტეპებში მომთაბარეობა იყო. ხაზარები თურქთა ხაკანატის შემადგენლობაში შევიდნენ, რომლის დაშლის შემდეგაც  თავიანთი დამოუკიდებელი ხაკანატი შექმნეს. მისი დედაქალაქი ვოლგის შესართავში მდებარე იტილი იყო. ხაზართა ხაკანი კმაყოფილებით შეხვდა კეისრის მიწვევას, რადგან თბილისში ისინი დიდ ნადავლს ელოდნენ. ხაზარები თავიანთი ხაკანის (მეფის) ჯიბღუს სარდლობით ქართლისაკენ გამოემართნენ.
   ჰერაკლე ზღვით მოადგა ტრაპეზუნტს. იქიდან აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა და ხაზართა ლაშქართან ერთად 627 წ. თბილისს ალყა შემოარტყა. აქ ბიზანტიელებს ეგრისელთა დამხმარე ლაშქარი მოუვიდა. ჰერაკლეს ლაშქარი იმ პერიოდისათვის საუკეთესოდ იყო შეიარაღებული. ბერძნებს ჰქონდათ ოთხთვლიანი ლოდსატყორცნი მანქანები, რომლებიც ქალაქის კედლებს უზარმაზარ ლოდებს უშენდნენ და ანგრევდნენ.
 ბიზანტიელთა და ხაზართა თბილისზე ლაშქრობას აგვიწერს მოსე კალანკატუელი: ბიზანტიელებმა და ხაზარებმა მტკვარი გადაღობეს და ქალაქის კედლებზე მოუშვეს. თბილისი ქართველებისა და სპარსელების მიერ კარგად იყო გამაგრებული. მას ძლიერი გარნიზორი იცავდა. ქართველებს ქართლის პიტიახში ერისმთავარი არშუშა ხელმძღვანელობდა, სპარსელების ათასეული კი სპარსეთის შაჰის პირადი მცველებისაგან შედგებოდა. მას გამოცდილი სპარსელი სარდალი ედგა სათავეში. 
   თბილისის დამცველები ისე იყვნენ დარწმუნებული ქალაქის შეუვალობაში, რომ ბიზანტიის კეისარს და ხაზართა ხაკანს _ ჯიბღუს _ დაცინვაც კი დაუწყეს. ძველი ისტორიკოსების ცნობით, თბილისელებმა უზარმაზარ გოგრას ხაზართა ხაკანის სახე დაახატეს და ქალაქის გალავანზე გამოსდეს. ისინი გოგრას შუბებით ჩხვლეტდნენ და იძახდნენ: “ეს ჯიბღუ ხაკანიაო”. ჰერაკლე კეისარს კი გასძახოდნენ: “ვაცის წვერი გასხია და ვაცბოტის (მამალი თხა) კისერი გაქვსო”.
    მოკავშირეებმა თბილისი ვერ აიღეს. კეისარი ხაზარებს შეუთანხმდა, რომ ერთი წლის შემდეგ უფრო დიდი ძალებით გამოილაშქრებდნენ თბილისის ასაღებად. ჰერაკლე სპარსეთისაკენ გაემართა. მას ხაზართა ლაშქრის ერთი ნაწილიც გაჰყვა, ნაწილი კი სამშობლოში გაბრუნდა. ეგრისელებმა უარი თქვეს სპარსეთში ლაშქრობაზე და უკან დაბრუნდნენ. 
   627 წ. სპარსეთის დედაქალაქის ქტეზიფონის ახლოს ნინევიასთან ხოსრო II-სა და ჰერაკლე კეისარს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა, რომელიც სპარსელთა სასტიკი დამარცხებით დამთავრდა. ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა ქართლის ერისმთავარი არშუშა, რომელიც სპარსელების მხარეზე იბრძოდა.
   განცდილი მარცხის შემდეგ სპარსეთში აჯანყებამ იფეთქა. ხოსრო II მისივე შვილმა შეიპყრო და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც ის გარდაიცვალა. სპარსელებმა ბიზანტიასთან სასწრაფოდ ზავი შეკრეს. ამ ზავმა ქართლის მიმართ ისევ 591 წლის პირობები გაიმეორა. 
628 წელს, შემოდგომაზე ხაზართა ლაშქარი ხელახლა მოადგა ქართლის დედაქალაქს. სპარსეთი ამჯერად თბილისის მეციხოვნეებს ვეღარ დაეხმარა. ხაზარებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს ქალაქი, გაზიდეს აურაცხელი ძვირფასეულობა, ოქრო და ვერცხლი. ხაზარებმა ტყვედ ჩაიგდეს თბილისის ქართველი ციხისთავი და სპარსელთა ლაშქრის სარდალი. ტყვეებს ჯერ თვალები დათხარეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. მათი ტყავები თივით გამოტენეს და გალავნის ზემოთ გამოფინეს. 
   საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ თბილისის აღებამდე წყაროები ასახელებენ ბიზანტიელების მხარეზე მებრძოლ იბერიელებს. სავარაუდოა, რომ ეს იყო ქართლიდან დევნილი ერისმთავარი ადარნესე. ასეთ ვითარებაში ჰერაკლე კეისარმა ქართლის ერისმთავრობა ხელმეორედ თავის დროზე სპარსელების მიერ გაძევებულ ადარნასე სტეფანოზის ძეს უბოძა, რომელიც კახეთში აფარებდა თავს.
   ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ კავკასიაში ბიზანტიის გავლენა დამყარდა. ჰერაკლე კეისარი სასტიკად გაუსწორდა მონოფიზიტებს და საერთოდ არაქრისტიანებს. ქართლის ერისმთავრისაგან ბიზანტიელები მხოლოდ ერთგულებასა და სამხედრო სამსახურს მოითხოვდნენ და ქვეყნის საქმეებში არ ერეოდნენ.
   ეგრისში  ბიზანტიელთა გავლენა ბევრად უფრო ძლიერი იყო. VII საუკუნის II ნახევარში კეისრის ხელისუფლებამ აქ მეფობა გააუქმა და მეფეს მაგივრად პატრიკიოსი დასვა. 
   მართალია ქართლი და ეგრისი უცხო ძალის ხელში იყო გაერიანებული, მაგრამ ერთმორწმუნე ბიზანტიის გავლენის ქვეშ ყოფნა ხელსაყრელ პირობებ ქმნიდა ამ ორი ქართული მხარის შემდგომი დაახლოვებისათვის. მიუხედავად ყველაფრისა  ჰერაკლემ ვერ შეძლო დიდხანს ესარგებლა თავისი გამარჯვების შედეგებით, რადგანაც მსოფლიოს ახალი დამპყრობლები მოევლინენ.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -