Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 21 March 2018


ფრანკთა სამეფოს შექმნა.
მეროვინგები

     დასავლეთ რომის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილ ბარბაროსულ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრანკთა სამეფო. მას შემდეგ, რაც 476 წ რომის იმპერია მოისპო, გალიაში რომის იმპერატორის მიერ დანიშნულმა  მეფისნაცვალმა თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა, თუმცა მისი ხელისუფლება 10 წელზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა. მას ფრანკები დაუპირისპირდნენ.
ფრანკთა გერმანული ტომები ცხოვრობდნენ მდინარე რაინის ქვემო წელზე. ფრანკთა ერთერთი ტომის ბელადი იყო ხლოდვიგი, რომელიც ნიჭიერი, წინდახედული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. ხლოდვიგმა ცოლად შეირთო ბურგუნდიის მეფის ქალიშვილი კლოტილდა, რითაც ის მოკავშირედ გაიხადა. იგი ასევე  დაუკავშირდა ფრანკთა ტომების სხვა ბელადებს და 486 წ დაიძრა გალიის დასაპყრობად. ფრანკები მთელ გალიას დაეპატრონენ. ხლოდვიგმა გაანადგურა ფრანკთა სხვა ბელადებიც, რომლებმაც მასთან ერთად დაიპყრეს გალია, ე.ი. ყოფილი მოკავშირეები. ხლოდვიგი ფრანკთა მეფე გახდა. ხლოდვიგის მიერ დაარსებულ “ბარბაროსულ” სახელმწიფოს, მისი ბაბუის სახელის მიხედვით მეროვინგების ფრანკთა სამეფო ეწოდა.
   ფრანკები წარმართები იყვნენ. მეფედ გამოცხადებამდე რამდენიმე წლით ადრე 498-99 წწ ხლოდვიგი მოინათლა და მიიღო რომაულ-ქრისტიანული სარწმუნოება. სწორედ ამის შემდეგ რომაულ-ქრისტიანული სამღვდელოება, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა გალურ-რომაულ მოსახლეობაში, მას მიემხრო. 

კარლ მარტელი.
 პიპინ მოკლე
    VII საუკუნეში ფრანკთა მეფეები კვლავ მეროვინგების საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა სახელმწიფოს ფაქტობრივად მათი “მაირდომები” (მსახურთუხუცესი) მართავდნენ. თავიდან ისინი მეფის უბრალო მსახურები იყვნენ, მოგვიანებით კი მეფის მეურნეობისა და ქონების მმართველებად და განმკარგავებად გადაიქცნენ. მეფის ძალაუფლება მაირდომების სიძლიერეზე დამოკიდებული გახდა. ისინი იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს სახელმწიფოში. თუ ადრე მეფეები მაირდომებად  ნიშნავდნენ სახელმწიფოს ყველაზე გავლენიან პირებს, მეროვინგი მეფეები ფაქტიურ ძალაუფლებას აღარ ფლობდნენ და მათ დაცინვით “ზარმაც მეფეებს” უწოდებდნენ.
    მაირდომების ძალაუფლება განსაკუთრებით გაძლიერდა კარლ მარტელის (ურო) დროს. მაირდომ კარლოსს ვაჟკაცობისათვის მეტსახელად მარტელი (ურო) შეარქვეს. ის შესანიშნავი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან გაატარა სამხედრო რეფორმა, გააძლიერა ცხენოსანი ლაშქარი, იგივე კავალერია, რომელსაც მოგვიანებით რაინდთა ლაშქარი ეწოდა. კარლოს მარტელმა 732 წ პუატიესთან ბრძოლაში, გარდაქმნილი და მძიმედ აღჭურვილი ცხენოსანი ლაშქრით პუატიესთან გაანადგურა თანამედროვე ესპანეთოდან შემოჭრილი არაბთა მრავალრიცხოვანი ჯარი. გადარჩენილმა არაბებმა უკანდახევით თავის სამფლობელოებისაკენ უშველეს თავს. არაბთა შეტევა ფრანკთა სამეფოზე შეჩერებული და უკუგდებული იქნა.

სხვადასხვა თანამდებობეზე კარლ მარტელი მხოლოდ მისთვის სანდო პირებს, ანუ იმ    ადამიანებს ნიშნავდა, ვინც მის ჯარში იმსახურებდა. ამ სამსახურის სანაცვლოდ მათ მიწებითა და ამ მიწებზე მიმაგრებული გლეხებით აჯილდოვებდა, თუმცა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში მათ ეს მიწები ჩამოერთმეოდათ. ასე ჩამოყალიბდა მიწათმფლობელობის განსაკუთრებული ფორმა ბენეფიციუმი, რომელიც სამსახურის სანაცვლოდ მიწის ფლობას გულისხმობდა. 
   კარლის შვილმა პიპინ მოკლემ 751 წელს უკანასკნელი მეროვინგი მეფე ბერად აღკვეცა და თავი ფრანკთა მეფედ გამოაცხადა. ფრანკთა სამეფოში მეროვინგების დინასტია შეიცვალა კაროლინგების დინასტიით. პიპინს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან. პაპმა იგი ხელმეორედ აკურთხა მეფედ. სამაგიეროდ პიპინმა ალპები გადალახა და იტალიაში გაილაშქრა პაპის მოწინააღმდეგე ლანგობადების მეფის წინააღმდეგ. პიპინმა მას წაართვა რავენისა და რომის ოლქების ქალაქები და ისინი რომის პაპს გადასცა. ამით საფუძველი ჩაეყარა პაპის საერო ხელისუფლებას, ე.წ. პაპის ოლქს.
   როგორც ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, პაპის საერო ხელისუფლების დასადასტურებლად სწორედ ამ დროს უნდა შექმნილიყო ცნობილი ყალბი საბუთი "კონსტანტინეს ნაბოძვარი". ამ საბუთის თანახმად რომის იმპერატორმა კონსტანტინე I დიდმა, რომელიც რომის პაპმა მონათლა ქრისტიანად, მას (პაპს) ასევე უბოძა საიმპერატორო ძალაუფლების დამადასტურებელი სიმბოლოები _ მეწამული მოსასხამი და ოქროს დიადემა, ასევე ქალაქი რომი  მის გარშემო ტერიტორიებით და იტალიის ქალაქები. 
   1870 წელს, ერთიანი იტალიური სამეფოს შექმნის შემდეგ პაპების სახელმწიფო გაუქმდა, ხოლო 1929 წელს ბენიტო მუსოლინიმ ლატერანის კონკორდატით აღადგინა პაპის სახელმწიფო ვატიკანის სახით.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -