Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 26 March 2018


შამქორის ბრძოლა

   ძლიერი და საკმაოდ მოქნილი სამხედრო ორგანიზაცია საქართველოს სამეფო კარს საშუალებას აძლევდა, ხელთ ეგდო ის ინიციატივა, რომელითაც თურქ-სელჩუკ დამპყრობლებს საფუძვლიანად გაუმკლავდებოდა და შეტევაზეც გადავიდოდა. საქართველოს აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ მოწინააღმდეგე აიძულა ეცნო ქართველების ძლიერება შარვანიდან თვით ბასიან-სპერამდე და ქალაქები და იალაღები მათთვის დაეთმო. თამარის მეფობისას საქართველოს საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ახლა მეზობელ ტერიტორიებს უშუალოდ კი არ იერთებდნენ, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, არამედ ყმადნაფიცობასა და მოხარკეობაზეც თანხმდებოდნენ.
  საქართველოს საგარეო ავტორიტეტის გაზრდა გახდა სამეფო კარის მთავარი საზრუნავი. 1192 წელს, ტახტის მემკვიდრის, გიორგი-ლაშას დაბადების აღსანიშნავად ქართველთა ლაშქარმა ქვეყნის სამხრეთ მოსაზღვრე ქვეყნები ბარდავი და არზრუმი დალაშქრა და ხელთ იგდო დიდძალი ტყვე, რომლებიც გაათავისუფლეს თამარისა და მისი ძის სადიდებელი სახელით.
  ცხადია ეს ლაშქრობები გარკვეული აუცილებლობებით იყო ნაკარნახევი. ისინი საქართველოს განაპირა და მეზობელი ტერიტორიების თურქებისაგან საბოლოოდ გაწმენდას ისახავდა მიზნად. ბუნებრივია ისიც, რომ მტრები ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ.
  ამ პერიოდისათვის ერთობ გაძლიერდა აზერბაიჯანის ათაბაგი აბუბექრი, რომელმაც თავისი ძმებიც შეავიწროვა. მისი ერთი ძმა შარვან-შაჰს შეეხიზნა, ხოლო შარვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. აბუბექრმა ეს გამოიყენა საბაბად, რომ შარვანი დაელაშქრა და თავის მფლობელობაში მოექცია. განსაცდელში ჩავარდნილმა შარვანშაჰმა საქართველოს სთხოვა დახმარება. აბუბექრმა საქართველოს წინააღმდეგ კოალიციური ძალა შექმნა. მან ბაღდადის ხალიფაც მოიშველია და დიდძალი ლაშქრით საქართველოსკენ გამოემართა. 
  ბრძოლა მოხდა შამქორთან 1195 წ 1 ივნისს. ქართველთა ლაშქარს დავით სოსლანი ხელმძღვანელობდა. ბრძოლა ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მათ დიდი ალაფი ჩაუვარდათ ხელში. თვით ათაბაგი ძლივს გადაურჩა დატყვევებას. ქართული ჯარის ერთ-ერთი სარდალი შალვა ახალციხელი ხალიფას დროშას დაეუფლა, რომელიც შემდეგ თამარმა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა. ქართველებმა 12 ათასი ტყვე, გარდა ამისა,ოცი ათასი ცხენი, თხუთმეტი ათასი აქლემი, შვიდი ათასი ჯორი და ორმოცი ავაზა იგდეს ხელთ. ძვირფასეულობასა და ოქროულობას ხომ თვლა არ ჰქონდა. მეორე დღეს დავით სოსლანს ქალაქ შამქორის მოსახლეობა ეახლა და ქალაქის გასაღები გადასცა.
   შამქორთან გამარჯვებამ ნათელი გახადა საქართველოს სამხედრო ძალის უპირატესობა მთელ ახლო აღმოსავლეთში. გაიზარდა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი, განმტკიცდა საქართველოს გავლენა ჩრდილოეთ ხალხებზე. შამქორის გამარჯვების შემდეგ ქართველთა ლაშქარმა განძაც აიღო და ხარკი დააკისრა. ძლევამოსილი ლაშქრობების შემდეგ საქართველოს სამეფომ შეძლო კონტროლი დაეწესებინა აღმოსავლეთ და დასავლეთ ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზებზე, რომლებიც დვინ-არზრუმსა და დარუბანდ-შამახიაზე გადიოდა.


ბასიანის ომი

   XII საუკუნის მიწურულს საქართველოს პოლიტიკა გააქტიურდა სამხრთის მიმართულებითაც. სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე საქართველოს სამეფოს ინტერესები შეეჯახა მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს, ანუ რუმის სასულთნოს ინტერესებს. 1090 წლისათვის ამ სახელმწიფომ დაიპყრო ბიზანტიის ტერიტორიები და დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებამდე გაფართოვდა.  ეს სახელმწიფო თვალსაჩინოდ გაძლიერდა რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰის დროს. რუქნ ად-დინმა საქართველოს დაპყრობა განიზრახა.
   1201 წელს საქართველოზე გამოლაშქრების წინ რუქნ ად-დინმა არზრუმში ბოლო მოუღო სელჩუკიანთა დინასტიას და იქ ამირად თავისი ძმა დასვა. ამით არზრუმის საამირო რუმის სასულთნოზე დამოკიდებელ ქვეყანად იქცა. ამის შემდეგ რუქნ ად-დინი უზამარმაზარი ლაშქრით, კერძოდ 400 000 მეომრით, ბასიანში დაბანაკდა. ბასიანიდან რუმის სულთანმა მოციქულის (ელჩის) ხელით საქართველოს მეფეს მუქარით აღსავსე წერილი გაუგზავნა: “... ყველა ქალი რეგვენია, _ წერდა გათავხედებული რუქნ ად-დინი თამარს _ შენ ქართველებისთვის გიბრძანებია ხმალი აიღონ მუსლიმთა დასახოცად ... აწ ვაგზავნი მთელ ჩემ მხედრობას, რათა დავხოცო შენი ქვეყნის ყველა მამაკაცი, იმათ გარდა ვინც წინ შემეგებება, თაყვანს ცემს ჩემს კარავს, ქრისტეს ჯვარს ჩემს წინაშე დალეწავს და მუჰამედს აღიარებს”. მოციქულმა თავისი მბრძანებლის წერილი უშუალოდ თამარ მეფეს გადასცა და თან სულთნის დანაბარები დაუმატა: “თუ თქვენი მეფე დატოვებს თავის სჯულს, მას ჩვენი სულთანი ცოლად შეირთავს, თუ არადა ხარჭად დაისვამს”. ამ სიტყვებმა ზაქარია ამირსპასალარი ისე აღაშფოთა, რომ მან ელჩს სახელში სილა გააწნა და გონება დააკარგვინა. როდესაც მოციქული გონს მოვიდა, ამირსპასალარმა მას განუცხადა: “მოციქული რომ არ იყო, ამ უღირსი სიტყვებისათვის პირველად ენის და შემდეგ კი თავის მოკვეთა იქნებოდა შენთვის კანონერი სასჯელი... ეს წერილი მიართვი რუქნ ად-დინს და უთხარი: “ჩვენ მზათ ვართ წინ შესაგებებლად და საომრად, სამართალი კი ღმერთმა ქნას”. ქართველებმა დიპლომატიური ეტიკეტი ბოლომდე დაიცვეს. სულთნის ელჩი უხვად დაასაჩუქრეს და “მწვავე პასუხით” უკანვე გააგზავნეს. 

  თამარის ბრძანებით, ჯავახეთში მალე “ნიკოფსით დარუბანდამდის” საქართველოს მთელი მხედრობა შეიკრიბა. თამარმა ლაშქარი ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა და დავით სოსლანს საქართველოს დროშა გადასცა. ქართველები ისე სწრაფად მიადგნენ ბასიანში დაბანაკებულ რუქნ ად-დინს , რომ ეს სელჩუკებისათვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ბრძოლა 1202 წლის 27 ივლისს გაიმართა. ბასიანი არის ისტორიული მესხეთის ტერიტორია, ამჟამად თურქეთის შემადგენლობაშია. (არსებობს ბასიანის ბრძოლის სხვა დათარიღებაც 1203, 1204 და 1205 წწ).  თავდაპირველმა დაბნეულობამ სელჩუკებს მალე გაუარა და სწრაფად მოეწყვნენ საბრძოლველად. დაიწყო სასტიკი ომი. ცენტრში მდგომ ქართველ მხედართმხათვრებს : ივანე მხარგრძელს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს, თაყაიადინ თმოგველს და სხვებს ცხენები მოუკლეს. ამის მნახველი მოწინავე ლაშქარი თითქმის გასაქცევად მოემზადა. მაშინ მხედართმთვარებმა ცხენები აღარ მოითხოვეს და ქვეითად განაგრძეს ბრძოლა. მოლაშქრეებმა მხედართმთვარები ქვეითად მებრძოლი რომ დაინახეს, “თავი სასიკვდილოდ გასწირეს”, თვითონაც ჩამოქვეითდნენ და მხედართმთვარებს გვერდში ამოუდგნენ. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა. წინასწარ ჩაფიქრებული გეგმის თანახმად, დანარჩენმა ქართულმა მხედრობამ დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით მტერს ფლანგებიდან დაარტყა, რამაც სელჩუკთა რიგებში სრული არეულობა შემოიტანა. სიმრავლით, “ტყეთა მსგავსი ლაშქარი ერთბაშად გაიქცა”. მაშინ ქვეითად მებრძოლი ქართველებიც ცხენებს შემოასხდნენ და რუქნ ად-დინის ლაშქარს დაედევნენ. რუქნ ად-დინმა და მისმა ძმამ არზრუმის ციხე-სიმაგრეს შეაფარეს თავი. 
  სელჩუკთა დიდი ნაწილი ბრძოლაში გაწყდა. ქართველებმა იმდენი ტყვე იგდეს ხელთ, რომ ერთ მოლაშქრეს საბლით გადაბმული რამდენიმე ათეული ტყვე მოჰყავდათ. წარჩინებული ტყვე-ამირები მეფემ თბილისში პირადად მიიღო, დააპურა და შემდეგ სხვადასხვა ციხეში მიუსაჯა ტყვეობა. გამონაკლისი იყო ეზინკელი ამირა. იგი ერთხანს თბილისში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი თამარმა ცხენის ნალის ფასად გაყოდა.
  ქართველებს ძალზე მცირე დანაკლისი ჰქოდათ, მემატიანეს სიტყვით, ბრძოლაში “არცერთი კარგი, მეფისთვის ცნობილი კაცი არ მომკვდარა”. საქართველოს ლაშქარს მტრის მთელი ბანაკი დარჩა. ოქრო-ვერცხლთან, თვალმაგალიტთან, ძვირფას კარვებთან და ჭურჭელთან ერთად თვალა არ ჰქონდა ცხენების, ჯორების თუ აქლემების რიცხვს. ხელში ჩავარდნილი აურაცხელი სიმდიდრიდან მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმჟამად აღმოსავლურ სამყაროში ცნობილი სამედიცინო წიგნი _ კარაბადინი, რომელიც ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ბრძანებით, მაშინვე ითარგმნა ქართულად. 
  ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველომ საშინელი საფრთხე აიცილა თავიდან. ამასთან ამ გამარჯვებას ფართო გამოძახილი ჰქონდა და ხელს უწყობდა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას. საქართველოს საზღვართან დროებით საშიში მტერი აღარ ჩანდა.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -