Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 26 March 2018
დავით აღმაშენებლის ღონისძიებები ამიერკავკასიიდან თურქთა გასადევნად
XI საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისისათვის ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო მდგომარეობა საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა. დაიწყო თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს დასუსტებისა და დაშლის პროცესი. ამავე დროს დასავლეთ ევროპის ქრისტიანულმა ქვეყნებმა დაიწყეს ჯვაროსნული ომები თურქ-მაჰმადიანთა წინააღმდეგ.
საქართველოს სამეფო კარმა კარგად შეაფასა საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე მომხდარი ცვლილებები. ჯვაროსნების მიერ 1098 წ ანტიოქიისა და 1099 წ იერუსალიმის აღების შემდეგ დასუსტებული თურქ-სელჩუკების მდგომარეობა უკვე არასახარბიელო იყო. დავით მეფემ კარგად აწონ-დაწონა და პოლიტიკური შეაფასა არსებული მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ 1099 წლიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა და სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა, რომელსაც ისინი საქართველოდან თითქმის ჩვიდმეტი წლის მანძილზე იღებდნენ. ეს კი, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის აღდგენას ნიშნავდა.
ასეთ პირობებში აქტიური გახდა კახეთ-ჰერეთის ერთიან საქართველოსთან შემოერთების საკითხი. კახეთ-ჰერეთის გარდა საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საქმე 1103 წელს ზედაზნის აღებით დაიწყო, რადგან ამ ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. კახეთ-ჰერეთში საქართველოს მეფე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბევრი დიდებული მის პოლიტიკას მხარს უჭერდა. 1104 წელს კახეთ-ჰერეთის ფეოდალთა პატრიოტულად განწყობილმა ნაწილმა, კერძოდ, დიდმა აზნაურებმა _ არიშიანმა და ბარამმა და მათმა ბიძამ (დედის ძმამ) ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს და საქართველოს მეფეს გადასცეს თურქ-სელჩულების მხარეზე დამდგარი, გამაჰმადიანებული კახთა მეფე აღსართანი. დავით აღმაშენებელმა ჰერეთი და კახეთი დაიკავა. მაგრამ ამას ყველა ფეოდალი როდი შეხვდა სიხარულით. განსაკუთრებით უკმაყოფილოები იყვნენ დიდგვაროვანი აზნაურები, რომლებიც შიშობდნენ, რომ საქართველოს მეფე მათ დამოუკიდებლობას ბოლოს მოუღებდა. ამიტომ მათი ნაწილი მტრის მხარეზე გადავიდა. მათ დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის ქვეშევრდომი იყო. თავის მხრივ სულთნისთვის აუტანელი იყო საქართველოს გაძლიერება, თანაც დავითმა ისინი საქართველოს ტერიტორიიდან გააძევა და ხარკსაც აღარ აძლევდა. ამიტომ განძის ათაბაგისთვისაც და სულთნისთვისაც ეს მომენტი არ იყო ხელიდან გასაშვები.
იმავე 1104 წელს საქართველოში სელჩუკთა სულთნის დიდი ლაშქარი შემოიჭრა, რომელსაც განძის ათაბაგის ლაშქარიც ახლდა. თურქებთან მოღალატე ქართველებიც მრავლად იყვნენ, რომლებიც საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დავით მეფემ დიდი ჯარის შეკრება ვერ მოასწრო და მცირე ძალით შეეგება მტერს. ბრძოლა ერწუხში მოხდა. ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, არნახული ვაჟკაცობის და გმირობის მაგალითს თვითონ მეფე იძლეოდა. მას ბრძოლაში სამი ცხენი მოუკლეს და ომი მეოთხე ცხენზე დაასრულა. მემატიანეს ცნობით, როდესაც მეფემ ბრძოლის შემდეგ სარტყელი შეიხსნა, აბჯარში დაგროვილი მტრის იმდენი სისხლი დაიღვარა, რომ თანამებრძოლებს დაჭრილი თვით მეფე ეგონათ. კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ დავითის ტიტული გახდა: “მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა”.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ რჩებოდა მისი დედაქალაქი _ თბილისი. თბილისის გასათავისუფლებლად ბრძოლა დავითმა ღრმა შემოვლის ტაქტიკით განახორციელა. 1110 წელს გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, მისი დისშვილის თევდორეს, აბულეთისა და ივანე ორბელის მოხერხებული მოქმედების შედეგად აღებული იქნა თბილისის სამხრეთით მდებარე ქ. სამშვილდე, რომელიც მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო. იმავე წელს აღებული და შემოერთებული იქნა ძერნა. 1115 წელს ერთიან სამეფოს შემოუერთდა ქალაქი რუსთავი. 1117 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო ციხე-ქალაქი გიში, რომელიც წუქეთის საერისთავოს ცენტრი იყო. 1118 წელს დავითმა ციხე-ქალაქი ლორე განთავისუფლდა. ლორეს აღების შემდეგ მეფემ თავის ტიტულატურას “სომეხთა (იგულისხმება ტაშირ-ძორაგეტის სამეფო) მეფის” ტიტულიც დაუმატა. ეს ქალაქები ამაგრებდნენ თბილისის მიდამოებს და მას თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან აკავშირებდნენ.