Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 7 March 2018
რომის ჯარი.
რომაელთა გაბატონება იტალიაში.
რომის რესპუბლიკის ხუთივე კატეგორიის მოქალაქე მამაკაცის ერთ-ერთი მოვალეობა სამხედრო სამსახური იყო. თავდაპირველად მეომრები ჯარში სეზონურად მსახურობდნენ და არავითარ გასამრჯელოს არ იღებდნენ. ამიტომ მეომარი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ის პირი, რომელიც თავად შეძლებდა შეეძინა საჭურველი და იარაღი, გამოეკვება თავი. მეომრები ლაშქრობის ბოლოს ანაზღაურების სახით, ნადავლის ნაწილს იღებდნენ. მდიდარი მამაკაცები, რომლებსაც საკუთარი ცხენები ჰყავდათ, ცხენოსანი ჯარის ნაწილს შეადგენდნენ. ნაკლები ქონების პატრონი მოქალაქეები ქვეით ჯარში მსახურობდნენ.
რომის ჯარის ძირითადი სამხედრო შენაერთი იყო ლეგიონი. ლეგიონი შედგებოდა 4 500 მეომრისაგან. ჯარი ორად იყო გაყოფილი და თითოეული მათგანი ერთ-ერთ კონსულს ემორჩილებოდა. ლეგიონერები, როგორც ფიგურები ჭადრაკის დაფაზე ისე ეწყობოდნენ. პირველ ხაზსს შუბოსნები იკავებდნენ. ისინი მეომართა შორის ასაკით ყველაზე უმცროსები იყვნენ. მათ უკან ომის ქარცეცხლში გამოვლილი მამაკაცები იდგნენ, ბოლოს ლეგიონის ყველაზე უფროსი და გამოცდილი მეომრები იდგნენ. ყოველი ხაზი 10 მცირე რაზმად იყოფოდა. შეტევას მსუბუქად შეიარაღებული მეომრები იწყებდნენ. ისინი მტერს ისრებსა და ხელშუბებს ესროდნენ და უკან იხევდნენ. მათ შემდეგ მოწინააღმდეგეს მძიმედ აღჭურვილი მეომრები უტევდნენ. სულ ბოლოს შეტევაზე მხედრები გადადიოდნენ. რომის ჯარში მკაცრი დისციპლინა და წესრიგი იყო.
თანდათანობით, რომაელებმა იტალიის ტომები დაიმორჩილეს. მათ ხელში აღმოჩნდა სამხრეთ იტალიის ბერძნული პოლისებიც. თუმცა მათ დიდი მარცხის გემოც გაიგეს. კერძოდ ძვ.წ. 387 წ ჩრდილოეთ იტალიაში დასახლებულმა გალების ტომებმა რომზე გაილაშქრეს. მათ გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი, მაგრამ კაპიტოლიუმი აუღებელ ციხესიმაგრედ დარჩა. გალები ამასთან შეგუებას არ აპირებდნენ. ერთ ღამესაც კაპიროლიუმის ბირცვის ციცაბო კლდეზე ასვლა დაიწყეს. ისე მოხდა, რომ რომაელ გუშაგებს ჩაეძინათ და მტრის ეს მანევრი გამოეპარათ. ცოტაც და გალები ბორცვზე გამოჩნდებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ბატები აყიყინდნენ. ეს ბატები ქალღმერთ იუნონასთვის იყო შეწირული და ბორცვზე მდებარე ტაძრის ეზოში ბინადრობდნენ. ყიყინზე რომაელებს გამოღვიძათ და ბრძოლა გააჩაღეს. გალები დამარცხდნენ – მათ კაპიტოლიუმი ვერ აიღეს. ასე გადაარჩინეს ბატებმა კაპიტოლიუმი...
ძვ.წ. III საუკუნიდან რომმა დაიწყო ბრძოლა ხმელთაშუაზღვისპირეთში ძალაუფლების გასავრცელებლად. მათ აწარმოეს ორი ილირიული ომი (ძვ.წ. 229-228 წ და ძვ.წ. 219 წ) და ხელში ჩაოგდეს ადრიატიკის სანაპირო. ასევე აწარმოეს სამი მაკედონური ომი და დაიმორჩილეს ბალკანეთი. კელტებთან ომის შემდეგ კი დაასრულა ჩრდილოეთ იტალიის დაპყრობა (ძვ.წ. 200-190 წწ).
რომი ცდილობდა დამორჩილებული ხალხები დაეყო და გაეთიშა, რათა ისინი ერთობლივად ვერ აღმდგარიყვნენ რომის წინააღმდეგ. “გათიშე და იბატონე” _ ასეთი იყო სენატის ძირითადი პოლიტიკა დაპყრობილი ხალხების მიმართ. რომის მიერ დამორჩილებული ქალაქები სხვადასხვა უფლებებით სარგებლობდნენ. რომი თავის ღარიბ მოქალაქეებს, მიწათმოქმედებსა და ვეტერანებს (რომის ჯარში დიდხანს ნამსახურევი, ვალმოხდილი მეომარი) ასახლებდა იტალიის მნიშვნელოვან სანაპირო ქალაქებში. ეს ქალაქები რომის კოლონიებად, მათი მოსახლეობა კი რომის სრულფასოვან მოსახლეობად მიიჩნეოდა. ზოგიერთი ქალაქის მოსახლეობას რომის მოქალაქეობა საერთოდ არ ენიჭებოდა. მათ რომის ლეგიონების ფლანგების შევსების და განმტკიცებისათვის გარკვეული რაოდენობის მეომრები უნდა გამოეყვანათ. ასეთ ქალაქებს მოკავშირეებს უწოდებდნენ.