Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 21 March 2018


საქართველოს დაპყრობა არაბთა მიერ. 
ჰაბიბ იბნ მასლამა და “დაცვის სიგელი”

   სამხრეთ კავკასიაში არაბთა პირველი მარბიელი რაზმები 640-იან წლებში გამოჩდნენ.ისინი შევიდნენ სომხეთში და მისი დედაქალაქი დვინი დაიკავეს. არაბებმა განიზრახეს ქართლის დამორჩილებაც. მათ ელჩი გამოგზავნეს ქართლში და მოსახლეობას შესთავაზეს ან დამორჩილება ანდა აყრა და სხვა ქვეყნებში გადასახლება. ქართველებმა მორჩილებაზე უარი განაცხადეს. მაშინ არაბებმა გალაშქრება გადაწყვიტეს, მაგრამ ამას ბუნებრივმა პირობებმა შეუშალეს ხელი. ზამთარი იდგა. მოვიდა დიდი თოვლი, რასაც ზედ სასტიკი ყინვები დაერთო. არაბებმა ლაშქრობა შეწყვიტეს და უკან გაბრუნდნენ. არაბთა ეს პირველი გამოჩენა კავკასიაში მიზნად არ ისახავდა ამ ქვეყნების დაპყრობას. ეს იყო ჩვეულებრივი მარბიელი თავდასხმა, რომლის დროსაც არაბებმა მომავალი მოწინააღმდეგეები დაზვერეს.
   654 წელს არაბებმა ხომხეთში დაამარცხეს ბიზანტიელები, რომელთა სარდალმა ქართლს შეაფარა თავი. არაბთა ლაშქარი კი ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურობით ქართლს მოადგა.
   ამ დროისათვის ქარლის ერისმთავარი იყო სტეფანოზ II, რომელსაც არაბები ბატრიკს უწოდებდნენ, რადგან ის პატრიკიოსის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა. სტეფანოზ II-ემ რეალურად შეაფასა არსებული ვითარება და მნიშვნელოვანი დიპლომატიური სვლა გააკეთა: ბიზანტია დამარცხებული იყო და მისი აღმოსავლეთის პროვინციები არაბებს უკვე დაპყროილი ჰქონდათ, სომხეთშიც ისინი ბატონობდნენ, საქართველო კი მარტო იყო დარჩენილი ძლიერი მტრის წინააღმდეგ. ასე რომ ქართლის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ქართველები ვერ მოახერხებდნენ არაბების შეჩერებას, ბრძოლის წაგების შემთხვევაში კი შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო. თავის მხრივ არაბებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი თუ ქართლი ნებით დაემორჩილებოდა მათ. არაბებს უზარმაზარ ტერიტორიაზე თავისი ბატონობის განმტკიცება ესაჭიროებოდათ, დაპირისპირება იყო თვით არაბებშიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქარველო არაბებისათვის ძალზე დაშორებული ყველზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა იყო.
   ერისმთავარმა ჰაბიბ იბნ მასლამას ელჩის ხელით საჩუქრები გაუგზავნა და ზავი და მშვიდობა შესთავაზა. ჰაბიბ იბნ მასლამა ქართლის ერისმთავრის წინადადებით ფრიდ კმაყოფილი დარჩა, მორთმეული საჩუქრები მომავალი წლის ხარკში ჩაუთვალა, ერისმთავრის ელჩს თავისი ელჩი გაატანა, თვითონაც მოვიდა თბილისში და ქართლს, როგორც ნებით დამორჩილებულ ქვეყანას “ დაცვის სიგელი” მისცა, რომლის თანახმადაც:
1. ქართლის მოსახლეობას დაეკისრა ფულადი გადასახადი “ჯიზია” _ თითო დინარი კომლზე. ქართველებს ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიას შემცირების მიზნით, ხოლო არაბებს _ კომლების დაყოფა, ჯიზიას გაზრდის მიზნით;
2. ქართველებს დაეკისრათ სამხედრო ბეგარა _ ქართველები ვალდებულნი იყვნენ დახმარებოდნენ არაბებს, ჩამორჩენილი მუსლიმი მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე;
3. ქართველთაგან თუ ვინმე ისლამს მიიღებდა, თავისუფლდებოდა ჯიზიასაგან და სარგებლობდა მუსლიმანთა თანასწორი უფლებებით, ხოლო ხელახლა გაქრისტიანების შემთხვევაში _ ისჯებოდა;
4. არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ, დაეცვათ ქართლი მომხვდურებისაგან, ასევე დაეცვათ ქართლის მოსახლეობის უშიშროება, ჰპირდებოდნენ სარწმუნოების ხელშეუხებლობას. ე.ი. არაბები ვალდებულებას იღებდნენ დახმარებოდნენ ქართველებს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო თუ არაბთა არყოფნის დროს ქართველები ვინმეს დაემორჩილებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ;
5. თუ ქართველები ამ პირობებს არ შეასრულებდნენ, არაბები მათ ომს გამოუცხადებდნენ ალაჰისა და მისი მოციქულის სახელით;
   როგორც ვხედავთ ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული დამპყრობელ-დააპყრობილთა უფლებები და ურთიერთვალდებულებები, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართლში შემოსვლის შემდეგ საკმარისად არ ჩათვალა ხელშეკრულების დადება მხოლოდ ქართლის ერისმთავართან, მან ასევე შესაბამისი ხელშეკრულებები გააფორმა ქართლის ცალკეული ნაწილების მფლობელ მთავრებთან, რაც იმას მოწმობს, რომ ეს მთავრები თავს საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდნენ.
   ქართველები უცხოელთა ბატონობას მაინც არ ეგუებოდნენ და როგორც კი ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა, კერძოდ სახალიფოში როცა დაიწყო შინაომები, რომელიც როგორც ვიცით გაგრძელდა 661 წლამდე, აღარ შეასრულეს “დაცვის სიგელით” გათვალისწინებული ვალდებულებები. ქართლში რთული ვითარება შეიქმნა. VII საუკუნის 60-იან წლებიდან ქართლში სამი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს: სახალიფო, ბიზანტია და ხაზარები. ბიზანტიას და არაბებს ხარკის გადახდა და კავკასიონის საუღელტეხილო გზების დაუფლება აინტერესებდათ, ხოლო ხაზარები თავს იცავდნენ არაბებისაგან და დროდადრო თვითონაც ესხმოდნენ თავს ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით. ასე, რომ ქართველ მოსახლეობას “სამი მხრიდან” უხდებოდათ ხმლის ქნევა, რაც მათ მძიმე მდგომარეობაში აგდებდა.
   კავკასიაში გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლის სასწორი მალე არაბების მხარეს გადაიხარა. VII საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო არაბთა გამუდმებული თავდასხმები “დაცვის სიგელის” პირობების შესრულების მოთხოვნით. არაბები დასავლეთ საქართველოშიც გადავიდნენ. ბიზანტიის მმართველობით შეწუხებულმა ეგრისის მმართველმა, სერგი ბარნუკის ძემ ძველ ხერხს მიმართა _ ბიზანტიელთა წინააღმდეგ მეორე ძალის გამოყენება სცადა, 697 წელს აუჯანყდა ბიზანტიელებს და ეგრისი არაბებს გადასცა. VIII საუკუნის დასაწყისისათვის არაბებს შავი ზღვისპირა ზოლის გარდა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო ეკავათ. ციხე-გოჯში, ასევე კოდორის ხეობის ციხეებში არაბთა სამხედრო გარნიზონები იდგა. 702 წლისათვის ხალიფამ მთელი ამიერკავკასია დაიმორჩილა და შექმნა სახალიფოს პროვინცია _ “არმენია”, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქართლი, რომელსაც არაბულად ეწოდებოდა _ ჯურზანი. 
   ბიზანტია არ თმობდა პოზიციებს. ლაზიკის საზღვაო სანაპირო VIII საუკუნის დასაწყისში ბიზანტია-სახალიფოს სამხედრო დაპირისპირების არეალად იქცა. VIII საუკუნის 30-იან წლებში ბიზანტიამ ეგრისი დაიბრუნა. იმპერატორმა ქართლის ერისმთავარს უბოძა “ლაზთა პატრიკიოსის” ტიტული

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -