Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 8 March 2018




იმპერატორი დიოკლეტიანე და 

მისი რეფორმები
რომის იმპერიაში შექმნილი ვითარება ძლიერ მმართველს საჭიროებდა. სწორედ იმპერატორის ძალაუფლების განმტკიცება დაისახა მიზნად დიოკლეტიანემ (284-305 წწ), რომელიც წარმოშობით დალმაციიდან იყო. იგი გააზატებული მონის შვილი იყო და არც დიდი მხედართმთავარს წარმოადგენდა და არც დიდი განათლება ჰქონდა. სამაგიეროდ გამოირჩეოდა დიდი ორგანიზატორული ნიჭით. იგი 284 წ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის ჯარისკაცებმა იმპერატორად გამოაცხადეს. 
დიოკლეტიანემ იმპერიაში დაწყებული რღვევა ცოტა ხნით შეაჩერა, ამ მიზნით მან იმპერიაში სხვადასხვა რეფორმები გაატარა. მან შეცვალა მმართველობის სისტემა, გააუქმა რესპუბლიკური მმართველობის ელემენტები და ქვეყნის აბსოლუტური და შეუზღუდავი ბატონი ე.ი. დომინიუსი გახდა. ამიტომ ამ ხანას იმპერიის ისტორიაში “დომინანტე” ეწოდება. დიოკლეტიანე შეეცადა საიმპერატორო ძალაუფლება მდიდრული საიმპერატორო კარის ცერემონიებითაც განემტკიცებინა. მაგალითად შემოიღეს იმპერატორთან მისალმების წესი _ უნდა მიემართათ ასე _ დომინუს, რაც ლათინურად ნიშნავს “ბატონს”, “სახლის პატრონს”, სწორედ აქედან წამოვიდა დიოკლეტიანეს მიერ შექმნილი მმართველობის სისტემის სახელი _ “დომინანტი”. ამ სახელით მოიხსენიებენ დიოკლეტიანეს შემდგომ პერიოდს. ე.ი. დასრულდა პრინციპატის ხანა და დაიწყო დომინანტის ხანა.

დიოკლეტიანემ შემოიღო თავისებური პოლიტიკური მმართველობის ფორმა _ ტეტრარქია, რაც ნიშნავს ოთხთა მმართველობას. ტახტზე ასვლისთანავე მან დააყენა თავისი  თანამმართველი, რომელსაც ავგუსტუსის ტიტული უბოძა, თვითონაც ავგუსტუსად იწოდებოდა. თვით დიოკლეტიანე რომის იმპერიის  აღმოსავლეთ ნაწილის ავგუსტუსად ითვლებოდა, და იჯდა ნიკომედიაში, რომელიც ითვლებოდა რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის ცენტრად, იგივე რეზიდენციად (ე.ი. თანამდებობის პირის ადგილსამყოფელი), მან დასავლეთ ნაწილის ავგუსტუსად გამოაცხადა მაქსიმიანე. დასვლეთ ნაწილის  რეზიდენცია იყო მილანში.  
შემდეგ ამ ორმა ავგუსტუსმა თავისი მოადგილეები _ კეისრები დაინიშნეს. კეისრები ავგუსტუსის მემკვიდრეებად ითვლებოდნენ, ანუ დამკვიდრდა საიმპერატორო ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის სისტემა. სენატი ვეღარ ერეოდა საიმპერატორო საქმეებში. დიოკლეტიანე ვარაუდობდა, რომ ამით იმპერიის ერთიანობას განამტკიცებდა. მის დროს შეიქმნა საიდუმლო პოლიციაც. 
 დიოკლეტიანეს დროს იმპერია დაიყო ოთხ პრეფექტურად, რომელსაც პრეფექტი განაგებდა. პრეფექტურა შედგებოდა ოლქებისაგან, რომელთა რაოდენობა 12-ით განისაზღვრა. ეს 12 ოლქი კი მთლიანად 100 პროვინციას აერთიანებდა. დიოკლეტიანეს ყველგან ჰყავდა ჯაშუშები.
დიოკლეტიანემ ადმინისტრაციულ რეფორმასთან ერთად გაატარა სამხედრო რეფორმაც, რომლის მიზანი იყო სამხედრო დისციპლინის გაძლიერება და ქმედითუნარიანობის გაზრდა. არმიაში გაიზარდა ლეგიონების რიცხვი, სამაგიეროდ დიდ ლეგიონებში ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდა. სულ რომის არმია იმ ხანად 70 000 მეომარს ითვლიდა. მან ჯარი ორ კატეგორიად დაყო: სასაზღვრო ჯარებად და მობილურ ნაწილებად, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მათ ერთი ადგილიდან სწრაფად შეეძლოთ გადაადგილება მეორე ადგილზე.საზღვრისპირა ლეგიონები შედგებოდა იქ ჩასახლებული მეომრებისაგან. სამხედრო სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, დიოკლეტიანეს მონეტებზე ამოკვეთილი იყო ლოზუნგები _ “ჯარისკაცის ერთგულება” “ჯარისკაცის სიმამაცე”. დიოკლეტიანემ ასევე შემოიღო ჯარში საყოველთაო გაწვევა. მან მსხვილ და საშუალო მიწათმფლობელებს დაავალა, სახელმწიფოსათვის გარკვეული რაოდენობის მოლაშქრეების გამოეყოთ.
დიოკლეტიანეს დროს გატარდა ფინანსური და საგადასახადო რეფორმაც. საგადასახადო ერთეულად დასამუშავებელი მიწა გახდა, ანუ ვისაც მეტი მიწა ჰქონდა, ის მეტს იხდიდა. მოიჭრა ახალი ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტები. სახელმწიფო ჩაერია ფასების საკითხშიც. დაწესდა სხვადასხვა საქონელზე მაქსიმალური ფასები, ვაჭრებს ამ ფასების გაზრდა აღარ შეეძლოთ. დიოკლეტიანემ სახელმწიფოში შეამცირა სპეკულაცია.
დიოკლეტიანემ ყურადღება მიაქცის რელიგიის საკითხსაც. მის დროს გაძლიერდა ძველი რომაული რელიგია, იუპიტერი გამოცხადდა იმპერატორების მფარველად, ამ ნაბიჯით ხაზი გაესვა იმპერატორების ღვთიურ წარმომავლობას. დიოკლეტიანეს მმართველობა, როგორც გვახსოვს აღინიშნა ქრიატიანების დევნითაც. ვინც ქრიატიანულ მრწამსზე უარს არ იტყოდა სიკვდილით ისჯებოდა. ეს რომის ისტორიაში ქრისტიანების ბოლო, მაგრამ ყველაზე სასტიკი დევნა იყო.
დიოკლეტიანე ერთადერთი რომის იმპერატორია, რომელმაც სიცოცხლეში თქვა საიმპერატორო გვირგვინზე უარი. სრულიად მოულოდნელად დიოკლეტიანემ ხალხისა და ჯარის თანდასწრებით იმპერატორობაზე ნებაყოფლობით უარი განაცხადა და თავის მშობლიურ დალმაციაში, ქალაქ სალონში დასახლდა. იქ მან უბრალო ცხოვრებას მიჰყო ხელი. მას ყვავილების და ბოსტნეულის, განსაკუთრებით კომბოსტოს მოყვანა უყვარდა. პოლიტიკიდან წასვლამ დიოკლეტიანეს სულიერი სიმშვიდე ვერ მოუტანა. მისი მემკვიდრეობის მიღებისათვის იმპერიაში დიდი ბრძოლა გაჩაღდა, რამაც მისი ცოლი და ქალიშვილი შეიწირა.
დიოკლეტიანეს რეფორმებს ჰქონდა გარკვეული დროებითი ეფექტი, მაგრამ ამავდროულად საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის გაყოფას, რამაც საბოლოოდ იმპერიის დაშლა გამოიწვია.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -