Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018



მონობა რომში. 
გლეხთა მდგომარეობა რომში.

  რომაელები ძლევამოსილი ლაშქრობების დროს უამრავ ხალხს ატყვევებდნენ და მონებად ყიდდნენ, იყო შემთხვევა, როდესაც საბერძნეთის 150 000-ზე მეტი მცხოვრები ერთ დღეში მონად იქცა. ადამიანებს ატყვევებდნენ და მონებად ყიდნენ ზღვის ყაჩაღები-მეკობრეებიც. მონები მიჰყავდათ მონათა ბაზრებში. მათ მყიდველი როგორც ნივთს ან საქონელს ისე სინჯავდა. ამ დათვალიერების დროს მონას თავისი ძალა და მოხერხებულობა უნდა ეჩვენებინა. მონას ყელზე ეკეთა პატარა ფირფიტა, რომელზედაც მისი დაბადების ადგილი, ასაკი და სხვა მონაცემები ეწერა. ახალი მონის ყიდვა უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ავადმყოფის მოვლა-პატრონობა. ამიტომ მოხუც და ავადმყოფ მონებს უპატრონოდ და ბედის ანაბარად ტოვებდნენ. მონადქცეულთა შორის ბევრი განათლებული და ხელმარჯვე ადამიანიც იყო. ასეთთა რიცხვში მრავლად იყვნენ ბერძნები. მათი სახით რომაელებს ცოცხალი ბიბლიოთეკები ჰქონდათ. განათლებული ბერძნები რომაელთა ოჯახებში ძირითადად, შინამასწავლებლებლებად მსახურობდნენ. სოფლად და ქალაქად ყველა სამუშაოს მონები ასრულებდნენ. ისინი ხნავდნენ, თესავდნენ, უვლიდნენ ხეხილს და ვენახს, მწყევსავდნენ საქონელს. ყველაზე ძლიერი და ღონიერი მამაკაცი მონები ხომალდზე მენიჩბეებად მიჰყავდათ. ისინი, რომ არ გაქცეულიყვნენ ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ გადაბმულნი. ასეთი მდგომარეობის გამო მონები ხშირად აჯანყებებს აწყობდნენ. მონათა დიდი რაოდენობა რომის სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილში იყო თავმოყრილი.

   თავისუფალი რომაელი გლეხი მძიმე მდგომარეობაში იყო. იგი მეურნეობას ცუდად უვლიდა, რადგან ჯარში სამსახურის გამო სახლ-კარს დიდი ხნით ტოვებდა. ლაშქრობიდან დაბრუნებული კი ხედავდა, რომ მისი შრომა არავის სჭირდებოდა, რადგანაც 1. მონის შრომა უფრო იაფი იყო. რომაელი გლეხების შექმნილი პროდუქცია კი კონკურენციას ვეღარ უწევდა მსხვილ მიწათმფლობელებს. 2. მიწათმოქმედებაც აღარ იყო მომგებიანი. ბაზარში პროვინციებიდან შემოტანილი პური უფრო იაფი ღირდა, ვიდრე მის მიერ მოყვანილი. ხშირად რომაელი გლეხი იძულებული იყო საკუთარი მიწის ნაკვეთები გაეყიდათ 3. გლეხებს ჯარში სამსახურიც აღარ შეეძლოთ, რადგან იარაღის შესაძენად საჭირო სახსრები არ ჰქონდათ. ეს პროცესი კი თავის მხრივ იწვევდა რომაული ჯარის შემცირებას. როგორც დავინახეთ მონების შრომის ფართოდ გამოყენებამ გამოიწვია რომაელი გლეხების გაღატაკება

   რომის მოქალაქეთა მაღალი კლასების შეძლებულმა ოჯახებმა კი ხელთ იგდეს გაღატაკებული გლეხების მიწები და მსხვილ მიწათმოქმედებად იქცნენ. უამრავმა უმიწოდ დარჩენილმა, გაღატაკებულმა თავისუფალმა გლეხმა რომსა და სხვა ქალაქებს მიაშურა. ისინი იქაც ვერ შოულობდნენ სამუშაოს და ლუკმა-პურისა და მდიდართა მოწყალებით ცხოვრობდნენ. ზოგიერთი შეძლებული რომაელი მათ პურს ურიგებდა, დროებით თავშესაფარსა და სამუშაოს აძლევდა, რადგან გაღატაკებული გლეხები რომის მოქალაქეებად რჩებოდნენ და ხმის მიცემის უფლებაც ჰქონდათ. შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ, ხშირად ისინი სახალხო კრებებზე იძულებული იყვნენ თავისი ხმა გაეყიდათ. 
   უსახლკარო, უმუშევარი ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ზოგიერთი შეძლებული ამფითიატრში მდიდრულ სანახაობას აწყობდა. ამფითიატრში მონა-გლადიატორების ანუ პროფესიონალი მებრძოლების შერკინებები და მათი მხეცებთან ბრძოლები ტარდებოდა. ამფითეატრის შუაგულში მოწყობილი იყო სპეციალური არენა, სადაც გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.  ამ წარმოდგენებზე ღარიბთათვის უფასო სახალხო სადილები იმართებოდა. მდიდარი რომაელები ცდილობდნენ ღარიბთათვის “პური და სანახაობა” მიეცათ, რათა გაღატაკებული მოქალაქეების მღელვარება თავიდან აეცლებინათ.
  რომაელი გლეხების გაღატაკების თავის აცილების მიზნით რომში ცდილობდნენ გარკვეული კანონების გატარებასაც. მაგალითად ძმები ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსები, რომლებიც  წარმოშობით მდიდარი პლებური ოჯახებიდან იყვნენ. ძვ.წ. 133 წ უფროსი ძმა ტიბერიუსი სახალხო ტრიბუნი გახდა. მან სახალხო კრებაზე შეიტანა წინადადება, რათა მიწის შესახებ ახალი კანონი მიეღოთ. ამ კანონის მიხედვით დიდ მიწათმფლობელებს დარჩებოდათ სახელმწიფო მიწის მხოლოდ 250 ჰექტარი, დანარჩენი ჩამოერთმეოდათ. ჩამონაჭერი ნაკვეთები ღარიბ და უმწეო მოქალაქეებს შორის უნდა განაწილებულიყო. მიუხედავად სენატის წევრებს შორის წინააღმდეგობისა, სახალხო კრებამ მიწის ახალი კანონი მაინც მიიღო. ტიბერიუსი კანონის განხორციელებას შეუდგა. მიწის ნაკვეთი ბევრ ღარიბ მოქალაქეს დაურუგდა. სენატი ახალი კანონით ძალიან უკმაყოფილო იყო. ტიბერიუსის თავიდან მოსაშორებლად იგი ხელსაყრელ საბაბს ელოდა. საბაბიც მალე მოიძებნა. ტიბერიუსს სურდა მომდევნო წელსაც ყოფილიყო ტრიბუნი. არჩევნების დღეს მოხდა ჩხუბი ტიბერიუსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სახალხო კრებაზე უკანა რიგში მყოფთ ხმაურისაგან არაფერი ესმოდათ. ამიტომ ტიბერიუსმა თავზე ხელი მოისვა. ამით მას სურდა ხალხისათვის ენიშნებინა “განსაცდელი მელისო”. სახალხო ტრიბუნის ეს ჟესტი მისმა მტრებმა შესანიშნავად გამოიყენეს. ისინი გაიქცნენ სენატში და ტიბერიუსს ცილი დასწამეს, თითქოს მას სამეფო გვირგვინი ეწადა. გაბრაზებული სენატორები სასწრაფოდ მოვიდნენ კრებაზე და ცემა დაუწყეს ტიბერიუსსა და მის მომხრეებს. ტიბერიუსი და მისი 300 მომხრე კეტებითა და ქვებით ჩაქოლეს და დახოცილები ტიბრში გადაყარეს. 
  ათი წლის შემდეგ ძვ.წ. 123 წ სახალხო ტრიბუნად ტიბერიუსის ძმა _ გაიუსი აირჩიეს. მან უფროსი ძმის საქმე გააგრძელა და მრავალ ღარიბ მოქალაქეს დაეხმარა მიწის მიღებაში. სენატმა ახლა მისი მოცილება გადაწყვიტა და გაიუსის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. ამან რომში დიდი არეულობა და ბრძოლები გამოიწვია. ეს დაპირისპირება იმით დამთავრდა, რომ გაიუსი იძულებული გახდა გაქცეულიყო. მას მოსაკლავად ფეხდაფეხ მისდევდნენ. გაიუსს არ სურდა მოწინააღმდეგეს ხელში ჩავარდნოდა და მონას უბრძანა მოეკლა იგი. მონამ პატრონის ბრძანება აღასრულა. ეს ამბავი მოხდა ძვ.წ. 121 წ. მდიდარმა რომაელებმა ძალიან მალე ღარიბი მოქალაქეებისათვის დარიგებული მიწების უმეტესობა უკან დაიბრუნეს. ძლიერი რომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა _ გაღატაკებული გლეხების პრობლემა _ გადაუჭრელი დარჩა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -