Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday, 26 March 2018
ჯვაროსნული ლაშქრობების გამომწვევი მიზეზები
აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დაპირისპირების ერთერთ ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს ჯვაროსნული ლაშქრობები. სულ გაიმართა 8 ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1096 (1095) - 1270 წლების შუალედში.
XI საუკუნეში თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს გაძლიერებით შეშფოთებულმა ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა დასახმარებლად რომის პაპს მიმართა, პაპი ურბან II გაგებით მოეკიდა ამ თხოვნას. 1095 წელს ქ. კლერმონში, საეკლესიო კრებაზე პაპმა ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიც ევროპელ მეფე-მთავრებს “წმინდა მიწის” გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობებისაკენ მოუწოდა. ურბან II-ის სიტყვებით, ამ ლაშქრობის მიზანი აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების დახმარება და ქრისტეს საფლავის (ქ. იერუსალიმში) თურქ-სელჩუკებისაგან გათავისუფლება იყო. ლაშქრობის მონაწილეებს ის ზეციურ სამოთხეს დაჰპირდა. რომის პაპისა და ევრეპელი მეფე-მთავრების მზადყოფნა, ხმლით ხელში ებრძოლათ “ურწმუნოების” წინააღმდეგ სხვა მიზეზებითაც იყო განპირობებული:
1.1. რომის პაპებს სურდათ - ბიზანტიაში და თურქ-სელჩუკების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობის, ახალი ქვეყნების, მიწებისა და ეპარქიების თავისი ძალაუფლების ქვეშ მოქცევა.
1.2. ლაშქრობებში წასულები ხომ ხშირად თავის დანაზოგს ეკლესიას სწირავდნენ ან ეკლესიის მფარველობაში ტოვებდნენ თავის საკუთრებას. ყოველივე ამის შედეგად კათოლიკური ეკლესიის სიმდიდრე თანდათან იზრდებოდა. ასე, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები მათ მოუტანდა ახალ შემოწირულობებსა და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების ზრდას;
1.3. გარდა ამისა კათოლიკური ეკლესია, ჯვაროსნულ ლაშქრობებს აღმოსავლეთში “წმინდა ომების” მნიშვნელობას ანიჭებდა და იმედოვნებდა აღმოსავლეთის (მართლმადიდებლური) და დასავლეთის (კათოლიკური) საქრისტიანოს გაერთიანებას რომის პაპის ხელმძღვანელობით.
1.4. რომის პაპი ასევე ვარაუდობდა, რომ შეაჩერდებდა შუღლს ევროპის დიდებულებს შორის, თუ მათ მთავარ ძალებს სელჩუკებზე წარმართავდა და ქრისტიანობის სამსახურში ჩააყენებდა.
2. ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობით დაინტერესებული იყო ევროპის რაინდობა; რომის პაპიც კარგად ხედავდა ევროპაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, სადაც უამრავი ღარიბი რაინდი იყო. ევროპელი ფეოდალები საკუთარ მიწებს სამემკვიდრეოდ მხოლოდ უფროს ვაჟებს აძლევდნენ, ანუ იცავდნენ მაიორატის წესს, რათა მათი მამული არ დანაწევრებულიყო. დანარჩენი ვაჟების ხვედრი ან სამონასტრო ცხოვრება იყო, ან _ რაინდობა. იმ დროისათვის რაინდების უმრავლესობა უმიწაწყლო იყო. ისინი ძირითადად სხვადასხვა მეფე-მთავრებს ემსახურებოდნენ, როგორც დაქირავებული მეომრები და ევროპის შუაგულში გაჩაღებულ შინაომებში მონაწილეობდნენ. ზოგიერთი მათგანი თავის გადასარჩენად ძარცვასაც არ თაკილობდა. ევროპის რაინდთა უმრავლესობა ოცნებობდა ახალ-ახალ ლაშქრობებზე, სადაც შეიძლებოდა დიდი სიმდიდრისა და მიწა-წყლის შოვნა, მითუმეტეს აღმოსავლეთში, რომლის “ზღაპრულ სიმდიდრეზე” ევროპაში ლეგენდები დადიოდა;
3. ეს ლაშქრობები დაბალი ფენის წარმომადგენლებისათვისაც არანაკლებ მიმზიდველი იყო. გლეხობა მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. მათთვის აღმოსავლეთის ლაშქრობაში მონაწილეობა ქონების დაგროვების შანსი იყო;
4. ჯვაროსნული ლაშქრობების წარმოება მნიშვნელოვანი იყო ასევე ევროპული სავაჭრო ქალაქებისათვისაც _ გენიუსათვის, ვენეციისათვის... რადგანაც თურქ-სელჩუკთა დაპყრობებმა შეაფერხა ევროპის ვაჭრობა აღმოსავლეთთან _ ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთთან. ამ ქალაქებს გაძლიერებული თურქ-სელჩუკების სახით კონკურენტი გამოუჩნდა ხმელთაშიაზღვისპირეთის ვაჭრობაში. მათზე გალაშქრება კი თურქ-სელჩუკთა პოზიციებს დაასუსტებდა; ამასთან დახმარების სანაცვლოდ, ამ ქალაქების კონკურენტი ბიზანტიაც სხვადასხვა დათმობებზე წავიდოდა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ ქალაქებისათვის.
ასე, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები მიზნად ისახავდა არა მარტო უფლის საფლავის გათავისუფლებას და ქრისტიანობის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთში, არამედ მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასაც.
ჯვაროსნული ლაშქრობების დასაწყებად მალე ხელსაყრელი დროც დადგა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ დააჩქარა ამ სამხედრო კამპანიის დაწყება. კერძოდ,
1. 1071 წელს თურქ-სელჩუკებმა მანაზკერტთან ბრძოლაში გაანადგურეს ბიზანტიის არმია და მცირე აზიის დიდი ნაწილი დაიკავეს.
2. XI საუკუნის 90-იან წლებში ბიზანტიას პაჭანიკებიც (მომთაბარე თურქული მოდგმის ტომი) დაემუქრნენ.
ასეთ ვითარებში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა დახმარებისათვის რომის პაპს ურბან II-ეს მიმართა.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
როგორც ავღნიშნეთ 1095 წელს ქალაქ კლერმონში შედგა ისტორიული საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ დასავლური სამღვდელოება და ფეოდალები. პაპმა ურბან II-ემ დამსწრეთ ისტორიული სიტყვით მიმართა და შეახსენა, რომ ქრისტეს საფლავი იერუსალიმში და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები ურჯულოთა ხელში იყო. პონტიფიკმა (ე.ი. პაპმა) მათ ზეციური სამოთხე აღუთქვა და საღვთო ომისაკენ მოუწოდა. ლაშქრობის მონაწილენი ტანსაცმელზე იმაგრებდნენ წითელი ფერის ქსოვილისაგან დამზადებულ ჯვარს, სწორედ აქედან მოდის ტერმინი “ჯვაროსნები”.
I ჯვაროსნული ლაშქრობა ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე მასში მონაწილეობდნენ საზოგადოების დაბალი ფენები,იგი წარუმატებლად დასრულდა. ეს არაორგანიზებული ბრბო სელჩუკებმა 1096 წელს ადვილად დაამარცხეს.
ლაშქრობის II ეტაპზე კი ისეთმა მსხვილმა ფეოდალებმა მოიყარეს თავი, როგორებიც იყვნენ: ჰერცოგი გოტფრიდ ბულონელი და მსი ძმა ბალდუინი, სიცილიის ჰერცოგის შვილი ბოემუნდ ტარტანელი, გრაფი რაიმონდ ტულუზელი, საფრანგეთის მეფის ძმა ჰუგო, ინგლისის მეფის ძმა ნორმანდიის ჰერცოგი რობერტი და სხვა. იერუსალიმის გასათავისუფლებლად 1096 წელს 4 არმია დაიძრა. ისინი 1097 წელს შეიკრიბნენ კონსტანტინოპოლთან, სადაც თავი იჩინა ერთმა წინააღმდეგობამ. ვის ხელში უნდა გადასულიყო მუსლიმანთაგან დახსნილი მიწები, რომლებიც ადრე ბიზანტიას ეკუთვნოდა. მხარეები შეთანხმდნე, რომ ჯვაროსანთა მიერ გათავისუფლებული ტერიტორიები მათივე საკუთრება გახდებოდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი ცნობდნენ ბიზანტიის იმპერიაზე ვასალურ დამოკიდებულებას.
ამის შემდეგ ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ. 1097 წელს აიღეს ედესა, 1098 წელს _ ანტიოქია, ხოლო 1099 წელს _ იერუსალიმი, რომელიც სასტიკად გაძარცვეს და დაარბიეს. დაპყრობილ ტერიტორიაზე დაარსდა ახალი ჯვაროსნული სამეფო-სამთავროები, მათ შორის იერუსალიმის სამეფო, ასევე შექმნეს ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლისა და ედესის საგრაფოები.
მეორე და მესამე ჯვაროსნული ლაშქრობები
იერუსალიმის გარდა ჯვაროსნებმა აღმოსავლეთში სხვა ტერიტორიებიც დაიკავეს. მუსლიმები ვერ ეგუებოდნენ ჯვაროსანთა აქ გაბატონებას. გადაწყდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა.
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის საბაბი გახდა სარაცინების, ასე უწოდებდნენ ჯვაროსნები თურქ-სელჩუკებს - მიერ 1144 წ ქალაქ ედესის აღება, რომელიც იერუსალიმის სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ევროპაში კვლავ დაიწყეს მოწოდებები ჯვაროსნული ლაშრობებისაკენ, რათა არ დაეკარგათ მთელი წმინდა მიწა. II ჯვაროსნულ ლაშქრობას(1147-1149 წწ) ამჯერად გვირგვინოსნები _ გერმანიის იმპერატორი კონრად III და საფრანგეთის მეფე ლუი VII ედგნენ სათავეში. ეს ლაშქრობა მისი მეთაურების შეუთანხმებელი მოქმედებების გამო წარუმატებლად დასრულდა.
ამასობაში ძალიან გაძლიერდა ეგვიპტის სულთანი სალაჰ ად-დინი, იგივე სალადინი, რომელიც ეგვიპტეში აიუბიდების დინასტიის დამაარსებლად ითვლება. მან გააერთიანა თავისი ხალხი და ჯიჰადისაკენ (საღვთო ომი) მოუწოდა. სალადინი თავად ჩაუდგა სათავეში ლაშქარს და შეუტია ჯვაროსნებს, ჯერ შეავიწროვა ისინი და მალე, 1187 წელს იერუსალიმიც აიღო. ისინი უფრო ჰუმანურები აღმოჩნდნენ, ვიდრე ჯვაროსნები. მათ არა მარტო დაინდეს იერუსალიმის ქრისტიანი მოსახლეობა, არამედ რწმენის თავისუფლებაც დაუტოვეს.
კვლავ ატყდა განგაში ევროპაში. ეკლესიის მოწოდებით მორიგი III ლაშქრობის მომზადება გადაწყდა. ამ ლაშქრობას სამი ყველაზე გამოჩენილი მეფე ედგა სათავეში _ გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპე II და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული. ლაშქრობა მოეწყო 1189-1192 წლებში. მეფეები ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ამის გამო ბუნებრივია, ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. ერთ-ერთი მათგანი ფრიდრიხ ბარბაროსა ამ ლაშქრობიდან უკან აღარ მობრუნებულა, იგი მცირე აზიის პატარა მდინარეში დაიხრჩო და მისი ჯარი უკან დაბრუნდა. რიჩარდ I-სა და ფილიპე II ჯარმა 1191 წელს ქ. აკრა აიღეს, მაგრამ შემდეგ საფრანგეთის მეფე ფილიპ II წაეჩხუბა ინგლისის მეფეს და ფრანგებიც უკან გაბრუნდნენ, ამრიგად, მუსლიმთა პირისპირ მარტო რიჩარდ ლომგული დარჩა(მას ერთ-ერთ ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის "ლომგული" შეარქვეს). გარკვეული წარმატების შემდეგ მან ვერ შეძლო იერუსალიმის დაბრუნება.
III ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა 1192 წელს, რიჩარდ ლომგულის მიერ სალადინთან ზავის დადებით, რაც პილიგრიმების (მლოცველების) და ვაჭრების იერუსალიმში თავისუფლად ჩასვლის საშუალებას იძლეოდა. სალადინსა და რიჩარდ ლომგულს შორის დადებული ზავის თანახმად, წმინდა მიწა, იერუსალიმის ჩათვლით გაიყოფოდა – ჯვაროსნებმა წმინდა მიწაზე, აკრას გარშემო მეორე სამეფო დაარსეს. იერუსალიმი კვლავ სალადინის ხელში რჩებოდა.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
IV ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა ეკუთვნის რომის ამბიციურ პაპს ინოკენტი III-ეს (1198-1216 წწ). მისი აზრით საომარი მოქმედებები უნდა წარმართულიყო არა იერუსალიმის, არამედ ეგვიპტის წინააღმდეგ, რომელიც მაჰმადიანთა მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. ხოლო მათი დამარცხების შემდეგ კი იერუსალიმის აღება გაადვილდებოდა. ლაშქრობისათვის საჭირო იყო ფლოტი, რომელიც ჯვაროსნებს არ გააჩნდათ. ფლოტი ჰყავდა გენუასა და ვენეციას. არჩევანი ვენეციაზე შეჩერდა.
ვენეციის დოჟი (იგივე მმართველი), 90 წლის უსინათლო ენრიკო დანდოლო (1107-1205 წწ), რომელიც დახვეწილი დიპლომატი იყო,შესანიშნავად ერკვეოდა პოლიტიკურ პროცესებში. ეგვიპტესთან ვაჭრობით ვენეცია დიდ შემოსავალს იღებდა და ეს მარშრუტი მისთვის მიუღებელი იყო, თუმცა მას უარი არ უთქვამს. დასთანხმდა და ფლოტის ქირად საკმაოდ მაღალი თანხა მოითხოვა. ჯვაროსნებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ეს პირობა მიიღეს.
ამავე პერიოდში პროცესებში ჩაერთო ბიზანტიის ტახტიდან ჩამოგდებული ისააკ II-ის ვაჟი ალექსი. ალექსს წარმომადგენლებმა დახმარების სანაცვლოდ ჯვაროსნებს შემდეგი პირობები შესთავაზეს:
1. თუ ისააკ II დაიბრუნებდა ტახტს, მაშინ ბიზანტიის ეკლესია რომს დაექვემდებარებოდა;
2. ჯვაროსნების სასარგებლოდ ბიზანტიის იმპერატორი გადაიხდიდა 200 000 ვერცხლის მარკას;
3. ჯვაროსნებს დაეხმარებოდა წმინდა მიწის გათავისუფლებაში.
ლაშქრობის მესვეურები დანდოლოს მეთაურობით დათანხმდნენ დახმარება გაეწიათ ისააკ II-სათვის. კონსტანტინოპოლის აღება ვენეციის დოჟის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენდა, რადგან ეს ქალაქი ვენეციის უმთავრესი კონკურენტი იყო საერთაშორისო ვაჭრობაში.
ასე დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1202-1204 წლებში.
1203 წლის გაზაფხულზე ჯვაროსნები კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრნენ. იმპერატორი ალექსი III დაამხეს და ტახტზე ბრმა ისააკ II ანგელოზი დასვეს. დაპირებული 200 000-ის ნაცვლად ალექსიმ მხოლოდ ნახევრის გადახდა შეძლო, რამაც ვენეციელები ძალიან გააღიზიანა. დონდოლოს რჩევით ჯვაროსნებმა თავდაპირველი გეგმა შეცვალეს და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც დანაპირები თანხა დროულად ვერ მიიღეს ქრისტეს რაინდებმა კონსტანტინოპოლზე იერიში მიიტანეს და 1204 წლის 12 აპრილს. აიღეს იგი, რადგან მის სიმდიდრეზე კარგა ხანია თვალი ეჭირათ. ქალაქის აღებას ჯვაროსანთა მხრიდან აღმოსავლეთის ქრისტიანთა უმოწყალო ძარცვა-რბევა მოჰყვა. განადგურდა ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები, ძველ ხელნაწერთა საცავები. ასე დასრულდა IV ჯვაროსნული ლაშქრობა.
ბიზანტიის საიმპერატორო კარი ქ. ნიკეაში გაიხიზნა. ამის შემდეგ ბიზანია ორად გაიხლიჩა: მის დასავლეთ ნაწილში კონსტანტინოპოლითურთ ჯვაროსნები ბატონობდნენ, რომლებმაც იქ დაარსეს "ლათინთა იმპერია", აღმოსავლეთ ნაწილში კი წარმოიქმნა "ნიკეის იმპერია". ბიზანტიის ამ ორ ნაწილს 1204 წელს დაემატა ქართველთა ინიციატივით სექმნილი “ტრაპიზონის იმპერია”.