Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday, 1 March 2018
კოლხა
ძვ.წ. VIII ს-ში დიაოხის ჩრდილოეთით გაძლიერდა კიდევ ერთი სამეფო _ კოლხა, რომლის მოსახლეობაც ასევე ქართველური ტომებისაგან შედგებოდა. დიაოხის გაქრობა და მის ნაცვლად კოლხას გამოჩენა მხოლოდ ერთი რამის მაჩვენებელი უნდა იყოს _ ურარტუსთან ხანგრძლივი ბრძოლებით დასუსტებული დიაოხი განადგურდა და მისი ტერიტორიის ნაწილი გაძლიერებულმა კოლხამ დაიკავა. დიაოხის სამხრეთი ნაწილი ურარტუმ დაიკავა, ხოლო ჩრდილოეთი _ კოლხამ. ამიერიდან კოლხა და ურარტუ გაუმეზობლდნენ ერთმანეთს.
უძველესი ქართული სახელმწიფოს კოლხას (ძვ.წ. XII-VIII სს.) შესახებ, გარდა ასურული და ურარტული ლურსმული წარწერებისა, ცნობები დაცულია აგრეთვე ბერძნულ მითოლოგიაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მითი არგონავტების შესახებ. მართალია, მითი, თქმულება, ხალხური გადმოცემაა და მასში ბევრი რამ ზღაპრულია, მაგრამ ამასთანავე ის შეიცავს ისტორიული რეალობის ელემენტებსაც. მითი არგონავტების შესახებ საფუძვლად დაედო ბერძენ ავტორთა მთელ რიგ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. მითის ძირითადი შინაარსი გადმოცემულია ძვ.წ. IIIს-ის ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის თხზულებაში _ “არგონავტიკა” და ევრიპიდეს (ძვ.წ. V ს) – “მედეაში”. მითის შინაარსი ასეთია:
არგონავტები ქალღმერთმა ჰერამ (ზევსის ცოლმა) ნისლში გაახვია და შეუმჩნევლად მიიყვანა კოლხას მეფის _ აიეტის სასახლესთან. აიეტის სასახლეს გარს ერტყა ბაღი, ვაზის ხეივნებით და 4 შადრევნით: ღვინის, რძის, სურნელოვანი ზეთის და წყლის, რომელიც ზამთარში თბებოდა და ზაფხულში ანკარა და ცივი ხდებოდა. (ეს აიეტს გაუკეთა მჭედლობისა და ცეცხლის ღმერთმა ჰეფესტომ). სასახლე შედგებოდა სპილენძის ქონგურებიანი კოშკებისაგან; ერთში ცხოვრობდა აიეტი ცოლით, სხვებში მისი ქალები: ქალკიოპე და მედეა, აგრეთვე ვაჟიშვილი _ აფსირტე.
იაზონმა ამცნო აიეტს მოსვლის მიზანი, სთხოვა ოქროს საწმისი და სამაგიეროდ დაპირდა მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას. აიეტი დაპირდა ოქროს საწმისის მიცემას, თუ ის შეასრულებდა შემდეგ დავალებას: შეამბამდა რკინის გუთანში (რომელიც გამოუჭედა მას ჰეფესტომ) სპილენძისჩლიქებიან და ცეცხლისმფრქვეველ ხარებს, მოხნავდა არესის ველს, დათესდა ურჩხულის კბილებს და შემდეგ დახოცავდა იქიდან აღმოცენებულ სპილენძისჯავშნიან მეომრებს. თვითონ აიეტი ამას იოლად ასრულებდა, მაგრამ იაზონი ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, თუ არა სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს დახმარება. ადროდიტემ თავისი ვაჟი ეროსი გაგზავნა მეფე აიეტის მეორე ქალის, მზეთუნახავ და ჯადოქარ მედეას მოსახიბლად. ეროსმა სიყვარულის ოქროს ისარი სტყორცნა მედეას გულში, რათა იაზონისადმი ტრფობის ცეცხლი დაენთო. გრძნეული მედეას დახმარებით იაზონმა შეასრულა აიეტის დავალება. აიეტი მაინც არ აპირებდა ოქროს საწმისის მისთვის მიცემას, მაგრამ აქ იაზონს კვლავ დაეხმარა მედეა. მან მიაძინა ოქროს საწმისის მცველი ურჩხული. ოქროს საწმისი მოიტაცეს იაზონმა და მედეამ და გაუდგნენ გზას საბერძნეთისაკენ. გზაში მათ წამოეწივნენ აიეტის მიერ დადევნებული მეომრები მედეას ძმის – აფსირტეს მეთაურობით. არგონავტებმა დაამარცხეს მდევრები და თვით აფსირტეც მოკლეს.
ამ მითში ზღაპრულ ამბებთან ერთად, ასახულია ძველი კოლხეთის რეალური სურათიც:
1. კოხეთი ძლიერი და მდიდარი სამეფოა;
2. აქ მეფობს აიეტი (აეტიდების დინასტია მართლაც დადასტურებულია ერთ-ერთი მომდევნო პერიოდის ბერძნულ წყაროში);
3. განვითარებულია მიწათმოქმედება და რკინის მეტალურგია (რკინის გუთნის მოხსენიება).
4. როგორც მითში დავინახეთ აიეტს ბერძნები თავისი გმირების თანასწორ პიროვნებად განიხილავდნენ და ბუნებრივია მისი სამეფოც ბერძნული სამყაროს ღირსეულ პარტნიორად აღიქმებოდა.
5. მნიშვნელოვანია მითში გადმოცემული ის ფაქტიც, რომ იაზონთან ერთად ბევრი ბერძენი გმირიც მონაწილეობდა ამ მოგზაურობაში, მათ შორის ბერძენთა შორის პოპულარული – ჰერაკლე, თუმცა იგი სხვა გმირებთან ერთად კოლხეთში არ ჩასულა, რადგან იგი ღმერთების ნების აღსასრულებლად გზიდან გაბრუნდა, რათა თავისი 12 გმირობა ჩაედინა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ჰერაკლემ ასევე გაათავისუფლა პრომეთე, იგივე ამირანი, რომელიც კავკასიონზე იყო მიჯაჯჭვული.
6. რაც შეეხება ბერძნების მიერ კოლხეთიდან მოტაცებულ ოქროს საწმისს. ძნელია ზუსტად თქმა იმისა, თუ რას წარმოადგენდა იგი. გამორიცხული არაა, რომ ეს იყო ტყავის ეტრატზე დაწერილი ოქროს მოპოვების მეთოდი, ან შეიძლება ოქროს საწმისი გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, როგორც ზოგადად ცოდნა, სიბრძნე.
კოლხას შესახებ ცნობებს ასევე ვხვდებით ასურულ წყაროებში, რომლებიც ლურსმულად (იგივე სოლისებური) დამწერლობითაა შესრულებული. ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს კოლხას დაუპირისპირდა მეზობელი ურარტუ. მისმა მეფემ სარდურ II-ემ ორჯერ ილაშქრა კოლხაში, პირველად ძვ.წ. 750-748 წლებში, მეორედ 747-741 წლებში, ამის შესახებ მოგვითხრობს ურარტუს მეფის სარდურ II-ის წარწერა, სადაც ის იკვეხნის, რომ ილაშქრა კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ, დაიპყრო მისი სამეფო ქალაქი ილდამუსა, გადაბუგა მისი მოსახლეობა და გაჟლიტა იქ მყოფი მეფის ნაცვლები.
ურარტუსთან ბრძოლაში დასუსტებულ კოლხას მალე, ძვ.წ. VIII ს-ის 20-იან წლებში თავს დაესხნენ ჩრდილო კავკასიიდან შემოსული მეომარი მომთაბარე ტომები _ კიმერიელები, მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპირო გზით და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოიჭრილი ასევე მეომარი ტომი _ სკვითები. მათთან ბრძოლაში კოლხა ძალიან დასუსტდა და მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუს შემადგენლობაში მოექცა, მაგრამ კოლხა განაგრძობდა არსებობას.
როგორც გვახსოვს ძვ.წ. 590 წელს ურარტუც გაანადგურეს მიდიელებმა. ძვ.წ. 550 წელს კი მიდია დაამარცხა სპარსეთის მმართველმა კიროს დიდმა აქმენიდმა. მიდია კი ახლად წარმოქმნილი აქემენიდური სპარსეთის იმპერიის ნაწილი გახდა.