Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday 16 March 2018
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა.
ატილას, დიდი ხანია იზიდავდა რომის სიმდიდრე. მან მოახერხა ბურგუნდების სამეფოს განადგურება და ბიზანტიის დახარკვა. იგი 451 წელს გალიაში შეიჭრა, იქაური სოფლები და ქალაქები გაძარცვა და გადაწვა. დასავლეთ რომის ერთ-ერთმა სარდალმა აეციუსმა რომის ჯარები გააერთიანა და ჰუნებისაგან შევიწროვებული სხვა ბარბაროსებიც მიიმხრო. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 451 წელს კატალაუნის ველზე (ადგილია საფრანგეთში, შამპანის ოლქში). ეს ბრძოლა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრძოლად იქცა, რომელშიც იმდროინდელი ევროპის თითქმის ყველა ტომი და ხალხი მონაწილეობდა, თუმცა ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია გამარჯვებას, რადგან ატილა ბრძოლის ბოლოს იძულებული გახდა უკან დაეხია, ხოლო დასადევნებლად გამარჯვებულ მხარეს ძალა აღარ შესწევდა.
452 წელს ჰუნთა ურდოები კვლავ შემოიჭრნენ იტალიის ტერიტორიაზე და რომს დაემუქრნენ. იმპერატორი ვალენტინიანე III მშიშარა, სუსტი პიროვნება იყო და ჰუნებს ვერ შეებრძოლა. მაშინ ბარბაროსთა ბელადთან შესახვედრად რომის მაშინდელი პაპი ლეო I გამოვიდა. პატარა მდინარესთან პირისპირ შეხვდნენ ატილა და მოხუცი პაპი. საუბრის შემდეგ მოხდა სასწაული. რომის პაპმა გამოსასყიდით დაიყოლია ატილა, რომელიც უბრძოლველად უკან გაბრუნდა. მომდევნო 453 წელს ატილა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჰუნთა კავშირი დაიშალა და ისინი სხვა ბარბაროსებში აითქვიფნენ.
ჰუნების შემდეგ რომი კვლავ ბარბაროსებმა, ამჯერად ვანდალებმა დაარბიეს. 455 წელს, ვანდალთა ფლოტი, რომელსაც მეფე ჰაიზერიხი მეთაურობდა იტალიის ნაპირებს მიადგა, აუყვა მდინარე ტიბრს და რომაელთათვის მოულოდნელად ქალაქის კედლებთან აღმოჩნდა. რომი მზად არ იყო თავდაცვისათვის. ქალაქის გადასარჩენად კვლავ ლეო I გაემართა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ვანდალებს რომი მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში დაეკავებინათ. ვანდალებმა რომი აიღეს და საშინლად დაარბიეს. გაანადგურეს მრავალი კულტურის ძეგლი, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობებთან ერთად გაზიდეს ყველაფერი, ხოლო რის წაღებასაც ვერ ახერხებდნენ, დაამტვრიეს და გაანადგურეს. სწორედ ამ ორი კვირის რბევის შემდეგ ისტორიას საბოლოოდ შემორჩა სიტყვა "ვანდალიზმი", როგორც კულტურულ ფასეულობათა განადგურებისა და რბევის სინონიმი.
იმპერიის არსებობის უკანასკნელ წლებში რომის იმპერატორის კარზე ერთ გადატრიალებას მეორე მოსდევდა. 475 წელს იმპერატორად ყმაწვილი რომულუს ავგუსტულუსი გამოაცხადეს, თუმცა იმპერიას ფაქტიურად მართავდა მამამისი. როდესაც მამა-შვილმა დაქირავებულ მეომარ ბარბაროსებს მიწებისა და სხვა ჯილდოების გადაცემაზე უარი უთხრეს, ერთ-ერთმა უკმაყოფილო მხედართმთავარმა _ ბარბაროსმა ოდოაკრმა 476 წელს აჯანყება მოაწყო, ოდოაკრი, წარმოშობით სკირების გერმანული ტომიდან იყო. მან მოკლა რომულუს ავგუსტულუსის მამა, ხოლო იმპერატორი ტახტიდან ჩამოაგდო.
476 წლის გადატრიალება იმით განსხვავდება უამრავი მსგავსი გადატრიალებებისაგან, რომ ოდოაკრმა თავი იმპერატორად არ გამოაცხადა. ოდოკრმა აიძულა რომის სენატი გამოეცხადებინა, ის რომ იმპერიის დასავლეთ ნაწილს იმპერატორი არ სჭირდებოდა და ამიერიდან იმპერატორი მხოლოდ კონსტანტინოპოლში იქნებოდა. ოდოაკრმა საიმპერატორო ძალაუფლების ნიშნები _ დიადემა (გვირგვინი) და მეწამული ფერის მანტია (მოსასხამი) კონსტანტინოპოლში გაგზავნა, თავად კი ბიზანტიის იმპერატორისაგან პატრიციის ტიტული მიიღო.
ამით დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. როგორც დავინახეთ IV საუკუნეში, გერმანელი ტომების განუწყვეტელმა და უფროდა უფრო მზარდმა თავდასხმებმა დასავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ შეიწირა. მის ნანგრევებზე ევროპაში გერმანელთა სამეფოები შეიქმნა. კერძოდ: ვესტგოთების სამეფო შეიქმნა სამხრეთ გალიასა და ესპანეთში, ვანდალ-ალანთა სამეფო შეიქმნა – ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ლანგობადების სამეფო შეიქმნა ჩრდილოეთ იტალიაში, ხოლო ბურგუნდებისა და ფრანკების სამეფოები შეიქმნა გალიაში. ასევე შეიქმნა სხვა ბარბაროსული სამეფოებიც. თუმცა ახლადწარმოქმნილი ბარბაროსული სახელმწიფოებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა ერთმანეთს შორის გამართულ ბრძოლაში, ზოგიერთი ბარბაროსული სამეფოები კი მეტად გაძლიერდა, მათ დაიკავეს მეოზობელი სამეფოები და ხალხები, თუმცა მერე კვლავ დაიშალნენ, მაგალიგათ ფრანკთა სამეფო. ზოგი პატარ-პატარა ბარბაროსული სამეფოები კი ერთმანეთთან დაპირისპირების პროცესში გაერთიანდნენ და ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდნენ, მაგალითად ინგლისი. საბოლოოდ ამ რთული პროცესების შედეგად საფუძველი ჩაეყარა ევროპის თანამედროვე ერებისა და სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოშობას.
როგორც დავინახეთ, ხალხთა დიდი გადასახლების შედეგად, შესაბამისად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემით და ახალ ბარბაროსულ სახელმწიფოებთან ანტიკური ცივილიზაციის ბრძოლების ჭიდილში მარცხით დასრულდა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ღირსშესანიშნავი, ანტიკური, ხანა და დასაბამი მიეცა ახალ – შუა საუკუნეების ეპოქას.