Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday, 16 March 2018
ჰუნები.
“მარადიული ქალაქის” დაცემა
დასავლეთ რომისათვის კატასტროფა ჰუნების მომთაბარე ტომების გამოჩენით დაიწყო, რომლებმაც სათავე დაუდეს “ხალხთა დიდ გადასახლებას”.
IV საუკუნის შუა ხანებში შორეული აზიიდან, დღევანდელი მონღოლეთისა და მისი მიმდებარე ვრცელი ველებიდან დასავლეთისაკენ დაიძრნენ საშინელი შესახედაობის ტომები. ისინი ნადირთა ტყავებში იყვნენ გახვეულები, ისხდნენ უბელო (შეუკაზმავ) ცხენებზე, იარაღად მშვილდ-ისარი და მახვილები ჰქონდათ. მოდიოდნენ კაცები და ქალები, მოხუცები და ბავშვები, თან მოჰქონდათ ყველაფერი რაც გააჩნდათ. ესენი იყვნენ ჰუნები.
უცნობია, რა მიზეზის გამო მიატოვეს მათ აზიის სტეპები და დაიძრნენ დასავლეთისაკენ, მაგრამ ფაქტია, მათ გრიგალივით გადაუარეს ურალისპირეთს და გადმოლახეს მდინარე იტილი (დღევანდელი ვოლგა). დაამარცხეს ალანთა ტომები და დასავლეთისკენ გააქციეს. გაქცეულებს ფეხდაფეხ მიჰყვნენ. ჰუნები ბალკანეთში შეიჭრნენ. მათ შიშის ზარი დასცეს ბიზანტიელებსა და დასავლეთის რომაელებს.
V საუკუნის 30-იან წლებში ჰუნები ევროპისაკენ დაიძრნენ. მათ სათავეში ედგა ჭკვიანი, გამოცდილი და სასტიკი ბელადი ატილა, რომელსაც “ღვთის რისხვას”უწოდებედნენ. დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა ატილას სატახტო ქალაქი. აქედან აწყობდა ის თავის მძარცველურ თავდასხმებს ყველა მიმართულებით. “ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც არ უნდა ამოვიდეს”, _ ამბობდა ატილა.
375 წელს ჰუნები თავს დაესხნენ გოთებს, რომლებიც რომის იმპერიის საზღვრებს მიღმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოთები კარგი მეომრები იყვნენ, ჰუნებმა მალე გატეხეს მათი წინააღმდეგობა. გოთების ერთი ნაწილი _ ოსტგოთები _ ჰუნებს დაემორჩილნენ, ხოლო მეორე ნაწილმა _ ვესტგოთებმა _ უკან დაიხიეს რომის საზღვრებისაკენ და იმპერატორს მორჩილების სანაცვლოდ შესთავაზეს მოკავშირეობა ანუ ფედერატობა. რომაელებმა ვესტგოთები შემოუშვეს იმპერიაში და საზღვართან დასახლების უფლებაც მისცეს, მაგრამ მცირე და უვარგისი მიწები გამოუყვეს, რაც არ იყო საკმარისი მათ გამოსაკვებად. უკმაყოფილო ვესტგოთები აჯანყდნენ და დაიძრნენ კონსტანტინოპოლისაკენ. 378 წელს ადრიანოპოლთან ვესტგოთებს დახვდა იმპერატორი ვალენტინიანე, თუმცა რომაელები დამარცხდნენ და ვალენტინიანე ბრძოლის ველზე დაეცა. ადრიანოპოლის ბრძოლის შემდეგ რომი წელში ვეღარ გაიმართა.
ამ პერიოდში გოთებისა და სხვა ბარბაროსების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მათში გავრცელება დაიწყო ქრისტიანობის იმ მიმდინარეობამ, რომელსაც არიოზობა ეწოდება. ერთი გოთი, სახელად ვულფილა, დიდხანს ცხოვრობდა რომაელ ქრისტიანებში, გაეცნო მათ რელიგიას და მოინათლა. ბოლოს არიოზულ მიმდინარეობას მიემხრო და გოთურ ენაზე თარგმა სახარება. ვულფილას ბარბაროსთა ანუ გოთების მოსე შეარქვეს.
როგორც ვიცით 395 წლიდან დასავლეთ რომის მმართველი მცირეწლოვანი ჰონორიუსი გახდა, თუმცა ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას მისი მეურვე, წარმოშობით ვანდალი, ნიჭიერი მხედართმთავარი სტილიქონი. რომაელებს აღიზიანებდათ ამ ბარბაროსის აღზევება და ჰონორიუსს შთააგონეს, რომ სტილიქონს თავად სურდა იმპერატორობა. ჰონორიუსმა დაიჯერა ეს მონაჭორი და მისი ბრძანებით იმპერიის საუკეთესო მხედართმთავარი სიცოცხლეს გამოასალმეს, რასაც რომში ბარბაროსთა სასტიკი რბევა მოჰყვა შედეგად.
რომს ახლა ვესტგოთები მოადგნენ ალარიხის მეთაურობით და ალყა შემოარტყეს 408 წელს. თუმცა რომაელები და ვესტგოთები შეთანხმდნენ და გამოსასყიდის სანაცვლოდ ალარიხმა ალყა მოხსნა. ორი წლის შემდეგ კი იგი კვლავ გამოჩნდა რომის კედლებთან. იდგა 410 წელი. იმპერატორი ჰონორიუსი გაიქცა და თავი ქალაქ რავენას შეაფარა. შიშმა მოიცვა მარადიული ქალაქის, რომის მცხოვრებნი. რომის სენატთან მოლაპარაკებამ ალარიხთან შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ ბარბაროსთა ბელადმა იერიში ბრძანა. ქალაქის ჭიშკარი ვეღარ უძლებდა მომხდურებს. უცნობებმა შიგნიდან გახსნეს კარები და ვესტგოთები ქალაქში შეიჭრნენ. დაიწყო უმაგალითო რბევა და ძარცვა.
მარადიული რომი დაეცა. ეს მოხდა პირველად რომის დაარსებიდან. ქრისტიანი მოღვაწეები თვლიდნენ, რომ რომი ცოდვილი წარსულის გამო დაისაჯა და მისი დაცემა ძველ ცოდვებზე შურისძიება იყო.
რომის აღების შემდეგ ალარიხი მალე გარდაიცვალა. ჰონორიუსმა ვესტგოთებს შემოუთვალა:”ოღონდ იტალიას გაეცალეთ და სამხრეთ გალია თქვენთვის დამითმიაო”. გოთები აიყარნენ და გალიაში გადავიდნენ. თავიანთ სატახტო ქალაქად აქციეს ულამაზესი ქალაქი ტულუზა. გალიიდან ესპანეში შეიჭრნენ და შექმნეს ვრცელი სახელმწიფო. ასე დაარსდა V საუკუნეში პირველი ბარბაროსული სახელმწიფო რომის იმპერიის ტერიტორიაზე.