Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 26 March 2018
დავით აღმაშენებლის საშინაო პოლიტიკა
1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა აიძულეს გიორგი II გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისათვის _ დავითისათვის დაეთმო. დავით IV-ის გამეფებით და ქვეყნის მართვის ამ მოღვაწეთა ხელში გადასვლით სრულიად შეიცვალა საქართველოს პოლიტიკური კურსი როგორც თურქების, ისე დიდგვაროვანი აზნაურების მიმართ. დავით მეფის ყოველ მოქმედებაში და ყოველ ნაბიჯში ჩანდა წინდახედულება და შორსგამიზნულობა.
სრულიად ახალგაზრდა მეფის წინაშე სამი ურთულესი ამოცანა იდგა: 1. საქართველოდან თურქი მომთაბარეების გაძევება და სელჩუკთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლება; 2. საქართველოს გაერთიანების დასრულება; 3. სახელმწიფო მმართველობის გარდაქმნა _ რეფორმების ჩატარება.
უპირველეს ამოცანას, რა თქმა უნდა, თურქ მომთაბარეებთან ბრძოლა წარმოადგენდა. 1083 წლის ზავის შემდეგ საქართველოს თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსთან ომი არ ჰქონია, მაგრამ თურქი მომთაბარეები, ზავის მიუხედავად, საქართველოში სულ უფრო და უფრო დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ და სახლდებოდნენ. ჩვენი ქვეყანა მათ იზიდავდა უხვი საზამთრო და საზაფხულო საძოვრებით და ვერავის წარმოედგინა თვით სულთანსაც კი, ოდესმე მათი აქედან გაყვანა ან მათთვის რაიმე ზიანის მიყენება თუ მოხერხდებოდა. თურქებმა აითვისეს ტაო-კლარჯეთი და შიდა ქართლშიც შეაღწიეს, მათგან დაცული მხოლოდ დასავლეთ საქართველო რჩებოდა. მომთაბარეთა თარეშისაგან შეწუხებული მოსახლეობა იყრებოდა, მამა-პაპეულ ადგილებს ტოვებდა და გამოქვაბულებებს, მიუვალ მთებს და ციხეებს აფარებდა თავს
მომთაბარეებთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა მხოლოდ კარგად გაწვრთნილ სამხედრო რაზმებს შეეძლოთ, რომლებიც საქართველოს საზღვრებში შემოსულ თურქებთან განუწყვეტლივ და გამუდმებით იბრძოლებდნენ. ასეთი ამოცანის შესრულება ქართული ტრადიციული ფეოდალური ლაშქრის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ამიტომ დავით IV თავისი ერთგული აზნაურებისაგან სწრაფად მოძრავი რაზმები შექმნა და მომთაბარეებს ბრძოლა დაუწყო. ამ გზით მან თანდათან თავისი სამეფოს სხვადასხვა მხარეებიდან თურქების განდევნა მოახერხა და ხალხს მიტოვებულ სოფლებში დაბრუნების საშუალება მისცა.
მალიქ-შაჰის გარდაცვალებას (1092 წელი) სელჩუკთა სახელმწიფოში შინაომი მოჰყვა და მას რამდენიმე მხარე გამოეყო. ასეთ ვითარებაში საქართველოს თავის გამოხნის რეალური შანსი გაუჩნდა. სელჩუკებთან გადამწყვეტი ომის დაწყების წინ დავით მეფემ ჯერ ქვეყნის შიგნით დიდგვაროვან აზნაურთა მორჩილებაში მოყვანა გადაწყვიტა.
ლიპარიტ V ივანეს ძე ბაღვაში თავისი დიდი პაპის და მამის გზას დაადგა და საქართველოს მეფეს არ ეპუებოდა. ამისთვის მეფემ ის დაატყვევა და მკაცრად გააფრთხილა. მან ყურად არ იღო დავით მეფის გაფრთხილება და კვლავ ურჩობას განაგრძობდა, მაშინ მეფე დარწმუნდა, რომ ლიპარიტი ისევე არ გამოსწორდებოდა როგორც “კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს” და ის ხელმეორედ დაატყვევა, ხოლო 1096 წელს საქართველოდან გააძევა. მის ვაჟს თრიალეთი და კლდეკარი ჩამოართვა და მხოლოდ არგვეთში საგვარეულო მამული დაუტოვა. ბაღვაშთა უკანასკნელი წარმომადგენელი რატი ლიპარიტის ძე ცოტა ხნის შემდეგ უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. მათი საგვარეულო მამული კი, მოგვიანებით მეფემ მის მიერ აშენებულ გელათის მონასტერს შესწირა. დაახლოებით ამავე ხანებში ქართლის ერთ-ერთი დიდებული აბულეთისძეების საგვარეულო აუმხედრდა მეფეს. ძაგანი და მისი ძმა მოდისტო, რომელიც მღვდელთ-მოძღვარი იყო, ისე გათამამდნენ, რომ მცხეთის საეპისკოპოსო საყდარს სოფლები და მამულები წაართვეს. დავით მეფემ შეიპყრო ძაგან აბულეთისძე და სასტიკად გაუსწორდა, მის მიერ ეკლესია-მონასტრებისათვის წართმეული მამულები კი ისევ თავის ძველ პატრონებს დაუბრუნა. ასე, რომ მეფემ დიდგვაროვან აზნაურებს ურჩობის ყოველგვარი სურვილი დაუკარგა.
დავით მეფისთვის და მისი თანამებრძოლებისათვის აშკარა იყო, რომ მარტო ურჩ დიდგვაროვანთა დასჯა ქვეყანას ვერ გააძლიერებდა და ერთი დასჯილის ადგილას სხვა ურჩები გაჩნდებოდნენ. ქვეყანაში საჭირო იყო ძირეული რეფორმების გატარება. ძველი სახელმწიფო აპარატი და მმართველობის წესი, რომელიც არსებობდა როგორც “აფხაზთა”, ისე “ქართველთა სამეფოში”, საქართველოს გაერთიანებამდე, მორგებული იყო შედარებით მცირე ტერიტორიის, პატარა ქვეყნის მართვა-გამგეობის საჭიროებებს და გამოუსადეგარი აღმოჩნდა ერთიანი, თვისობრივად ახალი ტიპის სახელმწიფოს სამართავად. უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ხელისუფლება სამი შტოს სახითაა წარმოდგენილი: საკანომდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, ხელისუფლების ეს შტოები მით უფრო გამოცალკევებულია ერთიმეორესაგან. მაგრამ შუა საუკუნეებში ასე როდი იყო. იმჟამად მეფე აერთიანებდა უმაღლეს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. საქართველოში, ისევე როგორც შუა საუკუნეების სხვა სახელმწიფოებში, არსებობდა უწყებები, რომლებიც დღევანდელ სამინისტროებს შეიძლება შევადაროთ. ეს უწყებები ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მათი ფუნქციები ერთმანეთისაგან ბოლომდე არ იყო გამიჯნული. ამ უწყებებს მოხელეები ედგნენ სათავეში, რომლებსაც “უხუცესები” ეწოდებოდათ.
დავით მეფემ გადაწყვიტა ქვეყნის მმართველობის ცენტრალიზაცია. ეს მოხელე-დიდებულებს ნაკლებ საშუალებას მისცემდა თვითნებურად ემოქმედათ. უპირველეს ყოვლისა, მეფემ სამეფო კანცელარიის უფროსს, რომელსაც საქართველოში “მწიგნობართუხუცესი” ერქვა, ფუნქციები და უფლებები მნიშვნელოვნად გაუზარდა. ის სხვა უხუცესების უფროსად აქცია და მას “ვეზირი” უწოდა. “ვეზირი” სპარსული სიტყვაა და სპარსულ-არაბულ სამყაროში “მეფის მრჩეველს” აღნიშნავდა. ვეზირი დიდ როლს თამაშობდა აბასიანთა სახალიფოში. შემდგომ კი, სელჩუკთა სახელმწიფოში. პირველი ვეზირ-მწიგნობართუხუცესობა დავითმა თავისი აღმზრდელს გიორგი მონაზონს უბოძა.
მოგვიანებით მეფემ თავის ვეზირს ეკლესიის საქმეებიც დაუქვემდებარა. იმჟამად საქართველოს მეფეს, როგორც საერო პირს, უშუალოდ საეკლესიო საქმეებში ჩარევა არ შეეძლო. მეფე საეკლესიო კრებას თუ დაესწრებოდა, იქ სიტყვის წარმოთქმის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ ეკლესიას და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის საეკლესიო პირებს: ეპისკოპოსებს, წინამძღვრებს... , რომლებიც დიდგვაროვან აზნაურთა ოჯახებიდან წარმოსდგებოდნენ, თავის მეფისაგან დამოუკიდებლად ეჭირათ. დიდებულ აზნაურთა ოჯახებში შვილებს საეკლესიო კარიერისათვის პატარაობიდანვე ამზადებდნენ და საეკლესიო წესების გვერდის ავლით ახალგაზრობაშივე მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე განაწესებდნენ. ასეთი საეკლესიო პირები ხშირად შემთხვევაში მაღალი ღირსებებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ისინი გასაქანს არ აძლევდნენ შედარებით დაბალი ფენებიდან გამოსულ ნიჭიერ და მცოდნე ახალგაზრდებს. უფრო მეტიც, ეკლესიამ შეუვალობა მოიპოვა და სახეკმწიფოში ერთგვარ სახელმწიფოდ იქცა. ეკლესიაში გაბატონებული იყო ქრთამის გაღებით საეკლესიო თანამდებობების მემკვიდრეობით გადაცემა.
ეკლესიაში რეფორმის გატარების მიზნით, დავითმა 1104 წელს საეკლესიო კრება მოიწვია, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელითაა ცნობილი. კრებას ესწრებოდნენ დავითის მამა მეფეთ-მეფე გიორგი II, თავისი ავტორიტეტის მეშვეობით დავით მეფის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად ბიზანტიიდან სპეციალურად ჩამოსული გიორგი II-ის და, დავითის მამიდა, ბიზანტიის დედოფალი მართა. საქართველოს კათალიკოსი იოანე, გიორგი მწიგნობართუცუხესი, ეპისკოპოსები, მონასტერთა წინამძღვრები და სხვა იმჟამად ცნობილი სასულიერო პირები. კრებაზე მეფის მომხე-რეფორმატორებსა და სამღვდელოების რეაქციულ ფრთას შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა. საბოლოოდ მეფის მომხრეებმა გაიმარჯვეს, ბევრი უღირსი და უვიცი მღვდელი და ეპისკოპოსი განიკვეთა ეკლესიისაგან. მათ ნაცვლად ღირსეული პირები დაწინაურდნენ. მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონების შესაბამისად, დაწესდა ასაკი, მაგალითად, ეპისკოპოსებისათვის 35 წელი, მღვდლებისათვის _ 30 წელი, დიაკონთათვის _ 25 წელი, რომლის შესრულებამდე სასულიერო პირი არ შეიძლებოდა ეკურთხათ. კრებამ მიიღო მრავალი მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა მხარეს ეხებოდა, კერძოდ, განისაზღვრა ქორწინების ასაკი და წესი, აიკრძალა სხვადასხვა უწესობანი. კრებაზე მიღებული დადგენილება რუის-ურბნისის კრების “ძეგლის-წერის” სახელითაა ცნობილი. მისმა ტექსტმა დღემდე მოაღწია.