Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 14 March 2018


კონსტანტინოპოლი
რომის იმპერიის ორად გაყოფა

  რომის იმპერია სირთულეების მიუხედავად არსებობას განაგრძობდა, თუმცა პოლიტიკური და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრმა იმპერიის უფრო მდიდარ, აღმოსავლურ პროვინციებში გადაინაცვლა.
    კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიის დედაქალაქის რომიდან აღმოსავლეთში, მცირე აზიაში გადატანა გადაწყვიტა. ამ მიზნისთვის მან  ბიზანტიონის ნაქალაქარი აირჩია, რომელიც ბოსფორის სრუტის სანაპიროზე მდებარე კარგად დაცულ ძველ ბერძნულ პოლისს წარმოადგენდა. სწორედ აქედან მოდის სახელმწიფოს სახელწოდებაც, რომელიც რენესანსის მოღვაწეებმა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ შემოიღეს, თორემ ბიზანტიელები საკუთარ თავს რომეებს უწოდებდნენ და ღვთის რჩეულ ხალხად მიიჩნევდნენ, ხოლო მათი იმპერატორი იყო სრულიად საქრისტიანოს მეთაური.
   კონსტანტინე დიდმა მომავალი დედაქალაქის საზღვრები საკუთარი შუბით მოხაზა. იმპერატორის სურვილით და წაქეზებით ქალაქი მალე, სულ ოთხ წელიწადში აშენდა. ასე დაიბადა ახალი ქალაქი კონსტანტინოპოლი, რაც კონსტანტინეს ქალაქს ნიშნავს. კონსტანტინე დიდმა 330 წელს იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლში გადაიტანა. კონსტანტინოპოლმა საუკუნეთა მანძილზე მსოფლიო ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა. კონსტანტინემ ქალაქში მრავალი ბრწყინვალე შენობა ააგო. მათ შორის იპოდრომი და იმპერატორის “საღმრთო სასახლე”.

    330 წლიდან, რომის იმპერიის ცენტრის კონსტანტინოპოლში გადატანის შემდეგ, რომმა თანდათან დაკარგა პირველობა. ქვეყნის პოლიტიკური და რელიგიური სასიცოცხლო ამოცანები კონსტანტინოპოლში წყდებოდა. თუმცა თავისი ისტორიული დამსახურებისა და პაპის ტახტის გამო, რომი მაინც ცდილობდა ძველი მდგომარეობის შენარჩუნებას. მაგრამ ბარბაროსთა შემოსევებმა რომის იმპერია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. იმპერატორებს აღარ შეეძლოთ მისი საზღვრების დაცვა.
   IV საუკუნის ბოლოს იმპერიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა. 395 წელს რომის იმპერია საბოლოოდ ორად გაიყო. ეს გადაწყვეტილება იმპერატორმა თეოდოსიმ სიკვდილის წინ მიიღო, როდესაც რომის იმპერია თავს ორ შვილს არკადიუსს და ჰონორიუსს გაუყო. აქედან ჰონორიუსს წილად ხვდა იმპერიის დასავლეთი ნაწილი ქალაქ რომითურთ, არკადიუსს კი _ აღმოსავლეთი ნაწილი დედაქალაქ კონსტანტინოპოლითურთ. 

   ასეთი დაყოფა რომის იმპერიისათვის არ იყო უცხო, მაგრამ ამის შემდეგ ეს მსოფლიო იმპერია აღარ გაერთიანებულა. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ, რომელსაც შემდგომ პერიოდში მეცნიერები ბიზანიის სახელით მოიხსენიებდნენ, კიდევ ათ საუკუნეზე მეტ ხანს იარსება. მისგან განსხვავებით კი, დასავლეთ რომის იმპერიის დღეები დათვლილი იყო.




- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -