Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 15 March 2018



ბარბაროსები. ძველი გერმანელები

      იტალიას ჩრდილოეთით ალპების ქედი ესაზღვრება, მის იქით კი ჩრდილოეთის ზღვამდე ვრცელი ვაკეა. სწორედ ამ ადგილებში ტყეებსა და ველებზე, უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ სხვადასხვა მოდგმის ტომები, რომლებსაც რომაელები, საერთო სახელს, ბარბაროსებს უწოდებდნენ. 
      რომაელებთან შედარებით ბარბაროსები, მართლაც ჩამორჩენილები იყვნენ. ბარბაროსები სახლდებოდნენ უღრანი ტყეებით დაფარულ ვრცელ მიწა-წყალზე; ისინი ამ დროს ჯერ კიდევ გვაროვნულ თემებად და ტომებად ცხოვრობდნენ. ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბარბაროსებმა მიწის დამუშავება კარგად არ იცოდნენ, უფრო ემარჯვებოდათ ნადირობა, თევზჭერა და საქონლის მოვლა. ტანზეც უმეტესად ცხოველის ტყავი ემოსათ და ტყავის ქალამანი ეცვათ. მძიმე იყო მათი ცხოვრება. უჭირდათ საკვებისა და სარჩო-საბადებელის მოპოვება. ამასთანავე ხარბებიც იყვნენ. თუ სადმე ნადავლს, მოსატაცებელს წააწყდებოდნენ, იტაცებდნენ.
    ალპების ჩრდილოეთით მდებარე ევროპის ტერიტორია დაკავებული ჰქონდა მრავლრიცხოვანი ტომების სამ დიდ ჯგუფს: კელტებს, გერმანელებსა და სლავებს. ბარბაროსებს რომში გერმანელების სახელით იცნობდნენ. პირველად იულიუს კეისარმა განასხვავა გერმანელები კელტებისაგან თავის ნაშწომში “ჩანაწერები გალებთან ომის შესახებ”.
     “ძველი გერმანელები” _ ამ სახელით მოიხსენიებდნენ ათეულობით სხვადასხვა ტომისაგან შემდგარ მონათესავე წარმოშობის ხალს. ისინი ამ დროს მთელ შუა ევროპაში იყვნენ განსახლებულნი, კერძოდ: მდინარე რაინიდან მდინარე ელბამდე და ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების სანაპიროებიდან მდინარე დუნაიმდე. როგორც უკვე ავღნიშნეთ ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. მათში ჯერ კიდევ გვროვნულ-თემური წყობილება ბატონობდა. 
     ცივილიზებული ანტიკური სამყაროსათვის ძველი გერმანული ტომების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ძვ. წ. IV საუკუნეში ერთი ზღვაოსნის წყალობით, რომელიც მარსელიდან იყო. იგი ჩრდილოეთის ზღვებში მოგზაურობისას წააწყდა ახლ-მახლო ნაპირებზე დასახლებულ გერმანელ ბარბაროსებს. ძველი ბერძნულ-რომაული წყაროები მათ აღწერენ, როგორც ტანმაღალ, თეთრი პირისახის, უმეტესად ქერა და ცისფერთვალება საშიშ ბარბაროსებად.
     ძველი გერმანელების მრავალრიცხოვანი ოჯახები ცხოვრობდნენ ჩალით გადახურულ მოგრძო ხის სახლებში. ისინი ზამთრობით აქვე ათავსებდნენ საქონელსაც. ეს სახლები იყოფოდა ცალკეულ ბინებად, თითოეულ მათგანს თავისი კერა ჰქონდა. ამ სახლების ერთობლიობა ქმნიდა დასახლებას, რომელიც გამაგრებული იყო თხრილებით, მიწაყრილებით, ყორეებით. სწორედ ამ ნაგებობებით იცავდა სოფელი თავს მეზობელი ტომის თავდასხმისაგან.
      ძველ გერმანელებში მიწათმოქმედება ნაკლებად იყო განვითარებული, მაგრამ მათმა გარკვეულმა ნაწილმა შეძლო ხშირი ტყეების სავარგულებად გადაქცევა, ამისათვის კი გერმანელებს დიდი შრომა უხდებოდათ. ისინი ტყეში მიწას დასათესად შემდეგნაირად ამზადებდნენ: რკინის ნაჯახით ჭრიდნენ ხეებს, ძირიანად ძირკვავდენენ კუნძებს, ტოტებს და  გამხმარ გადანაჭრებს კი წვავდნენ და ფესვიანად იღებდნენ მიწიდან, შემდეგ ნიადაგს რკინის თოხით აფხვიერებდნენ. ასეთი ნაცარშერეული მიწა მოსავალს რამდენიმე წლის განმავლობაში იძლეოდა. მიწის დამუშავების ამ წესს საახოე სისტემა ეწოდება. მიუხედავად ასეთი დიდი შრომისა, გერმანელების მიერ მოწეული მოსავალი მაინც მწირი იყო, ამიტომ მათ ძირითად საზრდოს მესაქონლეობა იძლეოდა. 
      სოფლის მეურნეობას ძირითადად ქალები და ხანში შესული მამაკაცები უძღვებოდნენ, რომლებსაც ამ საქმეში ბავშვებიც ეხმარებოდნენ. დანარჩენი მამაკაცები მეომრები იყვნენ. ისინი იცავდნენ ტომის საზღვრებს და ლაშქრობებშიც მონაწილეობდნენ. ომისაგან თავისუფალ დროს გერმანელები ნადირობითა და თევზაობით ერთობოდნენ.
ძ      ველი გერმანელების ყოველ ტომს ჰყავდა თავისი ბელადი, უხუცესები და ქურუმები. ტომის საქმეებს სახალხო კრება ან უხუცესები წყვეტდნენ. სახალხო კრებაში შედიოდა ტომის ყველა სრულწლოვანი მამაკაცი, რომელიც ამავე დროს მეომარი იყო და ქმნიდა ტომის სამხედრო ძალას. ომის წინ ისინი ირჩევდნენ სამხედრო მეთაურს, ბელადს, რომელსაც შემდეგ ყველა უნდა დამორჩილებოდა. 
     უხუცესებს ირჩევდნენ ასაკის,  დამსახურებისა და სახელის მიხედვით. უხუცესები განაგებდნენ სამოქალაქო და სასამართლო საქმეებს, კერძოდ: ყოველსლიურად ანაწილებდნენ მიწებს ტომის წევრებს შორის, განიხილავდნენ და არჩევდნენ სადავო საკითხებს, არკვევდნენ მტყუან-მართალს, ადგენდნენ დამნაშავისათვის სასჯელს და სხვა.
     ძველი გერმანელები, განსაკუთრებით ისინი, ვინც იმპერიის საზღვრების სიახლოვეს ცხოვრობდნენ, ბევრ რამეს სწავლობდნენ რომაელებისაგან. ამასთანავე შურითა და სიხარბით უყურებდნენ რომაულ პროვინციებს.
    რომაელთა ბატონობას ძველი გერმანელები ვერ ეგუებოდნენ. უკვე  III-V საუკუნეებში, რომის საზღვრებიდან უფრო შორს მცხოვრები ბარბაროსები საარსებო საშუალებათა მოსაპოვებლად, აიყარნენ თავიანთი ადგილებიდან და დაიძრნენ რომის საზღვრებისაკენ და სხვადასხვა მხრიდან მიადგნენ რომის იმპერიას. სწორედ ამიტომ  რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო. 

    ბარბაროსთა შესაკავებლად რომმა ჯერ კიდევ I საუკუნეში დაიწყო მდინარეების რაინისა და ზემო დუნაის გასწვრივ თავდაცვითი ზღუდეების აგება. აქ ააგეს ე.წ. რომაული სიმაგრეები, სანგრები,  რომლის საერთო სიგრძე 500 კილომეტრზე მეტი იყო. ფართო თხრილი მაღალი მესერით იყო დაცული, შიგდაშიგ კოშკები და საგუშაგოები ჰქონდა ჩატანებული. რომაელები ამ სასაზღვრო სიმაგრეებს ლიმესს უწოდებდნენ.
     II-III საუკუნეების მიჯნაზე ბარბაროსებმა გადალახეს ეს ზღუდეები, იგივე ლიმესი და დაარბიეს რომის პროვინციები. საიმპერატორო ხელისუფლება იძულებული იყო მათთვის საცხოვრებლად დაეთმო რომის ტერიტორიები. ის ბარბაროსები, რომლებიც დასავლეთ რომის იმპერიის სასაზღვრო ტერიტორებზე ჩასახლდნენ რომაელებისათვის ფედერატებად ანუ მოკავშირეებად ითვლებოდნენ. მცირე გადასახადებსაც იხდიდნენ, თუმცა რეალურად თავისუფალნი იყვნენ.  
     ასე, რომ დაიწყო ბარბაროსთა რომანიზება. ლიმესი საუკუნეებზე იყო გათვლილი, მაგრამ IV საუკუნის ბოლოს და V საუკუნის დასაწყისში ძალთა თანაფარდობა იმპერიასა და ბარბაროსებს შორის სწრაფად იცვლებოდა და საზღვარიც გაქრა. ლიმესი დაინგრა.






- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -