Posted by : ლელა კაკაშვილი Tuesday 20 March 2018


მეფობის გაუქმება ქართლში

      ბიზანტიის იმპერიისა და სასანიდური ირანის დაპირისპირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ის ვინც მოახერხებდა საქართველოში გაბატონებას, დიდ უპირატესობას მოიპოვებდა მოწინააღმდეგესთან შედარებით, რადგან საქართველოში გაბატონება და კავკასიონის გადმოსასვლელების ხელში ჩაგდება საშუალებას იძლეოდა გამოეყენებინათ  ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ მომთაბარეთა სამხედრო ძალები.
    VI საუკუნე სამხრეთ კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. ირანმა 510 წელს მეფობა გააუქმა ალბანეთში (მანამდე, 428 წელს მეფობა გააუქმა სომხეთში). ქართლი ერთადერთ ქვეყნად რჩებოდა, სადაც ჯერ კიდევ არსებობდა მეფის ხელისუფლება. ქართლის მიმართ ირანის ასეთი პოლიტიკა განაპირობა იმან, რომ ირანს გართულებული ჰქონდა  მდგომარეობა ბიზანტიასთან და ქვეყნის შიგნითაც, ამიტომ იგი ცდილობდა ქართლში თავისი დასაყრდენი  ჰყოლოდა. ასეთ დასაყრდენს ქართლის დიდაზნაურობა წარმოადგენდა. მათ შაჰის კარი ჰპირდებოდა მაღალი თანამდებობებისა და სამფლობელო ტერიტორიების მემკვიდრეობით დამტკიცებას. 
     ირანელებს ქართლში ფეხი, რომ უკეთ მოეკიდებინათ დაიწყეს ქართლის შევიწროვება. ირანელები ქრისტიანობის უარყოფას და მაზდეანთა წესებზე გადასვლას მოითხოვდნენ. ასეთ მკაცრ სარწმუნოებრივ პოლიტიკას ქართლში 523 წელს დიდი აჯანყება მოჰყვა. ირანის შაჰმა კავადმა ქართლის მეფეს გურგენს შემოუთვალა, რომ მის სამეფოში მიცვალებულები დაეკრძალათ სპარსული რელიგიის წესით, ე.ი. მიწაში კი არ დაემარხათ, არამედ ფრინველებისა და ძაღლებისათვის გადაეგდოთ. ამის გამო გურგენმა დახმარებისათვის მიმართა ბიზანტიის იმპერატორს. იმპერატორი სიამოვნებით დაპირდა მას დახმარებას, მაგრამ ქართლის მეფე გურგენიმა ბიზანტიის იმპერიისაგან ვერ მიიღო დაპირებული დახმარება, არც დიდაზნაურთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რადგან მათ სასანიდური ირანის ხელისუფლებამ დიდი პრივილეგიები მიანიჭა, მაგლითად: მემკვიდრეობით დაუმტკიცეს საერისთავო მიწა-წყალი, მიიღეს მაღალი თანამდებობები და სხვა. 
    გურგენ მეფე იძულებული გახდა ოჯახის წევრებითა და ამალით დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. მას იმედი ჰქონდა, რომ ბიზანიისაგან მიიღებდა დახმარებას, მაგრამ 532 წელს ბიზანტია-ირანს შორის დაიდო ე.წ. “საუკუნო ზავი”, რომლის თანახმადაც ბიზანტიამ სცნო აღმოსავლეთ საქართველოზე ირანელთა ბატონობა, გურგრნ მეფე ქართში ვეღარ დაბრუნდა და ბიზანტიაში გადაიხვეწა.
     ირანელებმა ქართლში სხვასაც არ მისცეს გამეფების უფლება და აქ თავისი მმართველი _ მარზპანი ანუ სანაპირო ოლქის მმართველი დანიშნეს, რომელიც წარმოადგენდა უზენაეს სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფალს. მარზპანის რეზიდენცია თბილისში იყო. ირანელებმა თბილისში, მცხეთაში, რუსთავში და ქართლის სხვა ციხე-ქალაქებში სამხედრო ნაწილები ჩააყენეს, ასევე დაიკავეს და გაამაგრეს კავკასიონის გადმოსასვლელები. ისინი ნაკლებად ზღუდავდნენ ეკლესიას და მხოლოდ მონოფიზიტობის აღიარებას ითხოვდნენ. ასეთი პოლიტიკა განპირობებული იყო იმით, რომ ბიზანტია დიოფიზიტობას უჭერდა მხარს და დევნიდა მონოფიზიტობას.
    რადგან ქართლში მეფობის გაუქმების საქმეში ირანელებს დიდაზნაურები დაეხმარნენ, ამიტომ ირანელები კმაყოფილები იყვნენ დიდაზნაურთა ანუ მთავართა ასეთი პოზიციით და ქვეყნის მართვა-გამგებლობაშიც ჩართეს. თავის მხრივ დიდაზნაურებმა ეს მდგომარეობა კარგად გამოიყენეს. ისინი არა მხოლოდ მემკვიდრეობით დაეუფლნენ უმაღლეს თანამდებობდეს და იმ ტერიტორიებს, რომლებსაც მანამდე განაგებდნენ, არამედ დაადგნენ განკერძოების გზას. 
   სპარსელებისათვის დიდაზნაურთა განკერძოების მცდელობა მისაღები იყო, რადგან ქართლში:
1. მოიშლებოდა ცენტრალიზებული მმართველობა, ამის შედეგად კი:
2. მათ გაუადვილდებოდათ ქვეყნის სრული დაპყრობა;
3. ქართლს გადააქცევდნენ ირანის უბრალო პროვინციად;
    მაგრამ ქართლის მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის აზნაურთა ფენა, არ თანხმდებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას. მათ არ შეუწყვეტიათ ანტისპარსული მოძრაობა.
   ირანელები ეკლესისასაც უკვე აღარ ზღუდავდნენ, ოღონდ მათგან მონოფიზიტურ მრწამსზე გადასვლას მოითხოვდნენ. ქართული ქრისტიანული სარწმუნოებას საშიშროება დაემუქრა. ქრისტიანობის გაძლიერება და განმტკიცება ქართლში ითავეს “ასურელმა მამებმა”, რომლებიც ქართლში მოვიდნენ VI საუკუნის 30-იან წლებში. ესენი იყვნენ: იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, ანტონ მარტყოფრლი, შიო მღვიმელი, ზენონ იყალთოელი, აბიბოს ნეკრესელი და სხვა, სულ 13 საეკლესიო მოღვაწე. სწორედ ასურელმა მამებმა ჩაუყარეს საფუძველი სამონასტრო ცხოვრებას საქართველოში. ამასთანავე, ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები ქართული მწიგნობრობისა და კულტურის მძლავრ კერებად იქცნენ.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -