Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday 1 March 2018
აქემენიანთა ირანი
ასურეთის იმპერიის განადგურების შესახებ (ძვ.წ. 614/12 წწ) ახლო აღმოსავლეთში იწყება სპარსული ტომების გაბატონების ეპოქა. სპარსული, იგივე ირანული ტომების გაერთიანებას სათავეში ჩაუდა, დინასტიის დამფუძნებელი აქემენი. სწორედ აქემენიანებმა შეძლეს ძველი აღმოსავლეთის გაერთიანება ერთ იმპერიაში. სწორედ ამიტომ ხშირად ამ სახელმწიფოს აქემენიანთა სახელმწიფოსაც უწოდებენ.
ძვ.წ. VII ს-ში ასევე ირანულენოვანი ტომების მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიდიის შემადგენლობაში შედიოდნენ და ხარკს იხდიდნენ. ძვ.წ. 550 წელს კიროსმა აიღო მიდიის დედაქალაქი ეკბატანა და თავი სპარსეთისა და მიდიის მეფედ გამოაცხადა. კიროს დიდის მეფობის წლებია ძვ.წ. 558-530 წწ.
კიროს დიდმა ძვ.წ. 539 წელს ბაბილონიც დაიკავა. Qქალაქის მცხოვრებლებს კიროსის არმიისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. კიროსმა ქალაქის მცხოვრებლებს მშვიდობას და ხელშეუხებლობას შეჰპირდა. ბაბილონის სამეფოში ამ დროისათვის განსახლებულნი იყვნენ თავიანთი სამშობლოდან ძალით გადმოსახლებული ხალხები, მათ შორის ებრაელებიც. კიროსმა დააბრუნა ებრაელები სამშობლოში და სახელმწიფო სახსრებიც გამოუყო იერუსალიმის ტაძრის აღსადგენად. ამის გამო ბიბლიაში არც ერთ არაებრაელ მმართველს არ მიეგება ისეთი პატივი, როგორიც კიროსს. კიროს დიდის ეს გადაწყვეტილება “რელიგიური ავტონომიის” მიღების პირველი ნიმუშია კაცობრიობის ისტორიაში.
კიროსმა მიიღო “ბაბილონის მეფისა და ქვეყნების მეფის” ტიტული. Bბაბილონის დამორჩილების შემდეგ დასავლეთით მდებარე ქვეყნები _ სირია, პალესტინა და ფინიკია – ეგვიპტის საზღვრებამდე სპარსელებს დაექვემდებარა.
კიროს II-ის მემკვიდრის, კამბისეს II-ის (ძვ.წ. 530-522 წწ) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტეც. კამბიზი მამის პოლიტიკის გამგრძელებელი იყო.
ძვ.წ. 522 წელს სპარსეთის ტახტზე ავიდა დარიოს I, რომელიც სპარსეთს მართავდა ძვ.წ. 486 წლამდე. Mმეფობის პირველ ორ წელიწადს დარიოსი მთელს იმპერიაში მოდებული აჯანყებების ჩაქრობას მოუნდა. სახელმწიფოში წესრიგის დამყარების შემდეგ დარიოსმა გაატარა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-ფინანსური რეფორმები, რამაც შესაძლებლობა მისცა
1. ჩამოეყალიბებინა სახელმწიფო მმართველობის მყარი სისტემა,
2. გაეკონტროლებინა დაპყრობილი ქვეყნები,
3. მოეწესრიგებინა გადასახადების აკრეფა
4. გაეზარდა სამხედრო კონტიგენტი.
ამასთან ერთად დარიოს I-მა რეფორმების საშუალებით შეინარჩუნა ადგილობრივი მმართველობისა და სამართალწარმოების ზოგიერთი ყველაზე მყარი ფორმა. ზოგადად, აქემენიანთა პერიოდში ბაბილონური სამართალი ითვლებოდა ნიმუშად ახლო აღმოსავლეთის სამართლებრივი ნორმებისათვის. დარიოს I-მა აქემენიანთა იმპერიაში გაატარა შემდეგი რეფორმები:
1. დარიოს I-მა სახელმწიფო დაყო ადმინისტრაციულ-საგადამხდელო ოლქებად, რომელსაც სატრაპიები ეწოდებოდა. (სატრაპის თანამდებობა კიროსისა და კამბიზის დროსაც არსებობდა და ის ადგილობრივი მმართველის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც ამავე დროს იყო უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო პირი). სატრაპიებს სათავეში უდგა სატრაპები. ამ პოსტზე მხოლოდ სპარსელები ინიშნებოდნენ. სატრაპიები ასრულებდნენ უმაღლეს სამოქალაქო და სასამართლო ხელისუფლებას. ისინი კრებდნენ გადასახადებს, რომლებიც ოქროს, ვერცხლის, ხეტყის, სხვადასხვა პროდუქტებისა და საქონლისაგან შედგებოდა. სატრაპიების საზღვრები ხშირად ემთხვეოდა აქემენიანთა იმპერიაში შემავალი ქვეყნების ძველ სახელმწიფოებრივ და ეთნიკურ საზღვრებს. სულ არსებობდა 20 სატრაპია.
XIX სატრაპიაში შედიოდა კოლხეთის სამეფოს სამხრეთი ნაწილი, რომელიც აქემენიანებმა უშუალოდ დაიქვემდებარეს. საკუთრივ კოლხეთის სამეფო შემცირებული ტერიტორიით დამოუკიდებლად აგრძელებდა არსებობას და აქემენიანებს უგზავნიდა ძღვენს, ხუთ წელიწადში ერთხელ ისინი იმპერიაში ძღვნად გზავნიდნენ 100 ქალსა და ვაჟს. გარდა ამისა, როგორც ჩანს კოლხებს გარკვეული სამხედრო ვალდებულებაც ჰქონდათ სპარსელების სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქსერქსეს ლაშქარში კოლხებიც მოიხსენებიან. როგორც ჰეროდოტე გადმოგვცემს კოლხების ასეთი დამოკიდებულება აქემენიდური სპარსეთისადმი ნებაყოფლობითი იყო.
2. დარიოს I-მა გამიჯნა სატრაპებისა და მხედართმთავრის ფუნქციები. სატრაპებს ეკისრებოდათ სამოქალაქო ფუნქციების შესრულება, ხოლო მხედართმთავრები უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ.
3. აქემენიანთა იმპერიის არსებობა ძირითადად ემყარებოდა არმიას. ამ თვალსაზრისით სახელმწიფო დაიყო სამხედრო ტოპარქიებად, რომელთა რაოდენობაც იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის ჩამორჩებოდა სატრაპიების რაოდენობას. არმია ძირითადად დაკომპლექტებული იყო სპარსელებისა და მიდიელებისაგან. სპარსელთა არმია შედგებოდა კავალერიისა და ქვეითი ჯარისაგან. კავალერიის რეკრუტირება (შევსება) ხდებოდა დიდგვაროვნებისაგან, ქვეითებისა კი _ მიწათმოქმედებისაგან. არმიის ბირთვს შეადგენდა 10 000 “უკვდავი” მეომარი, რომელიც წარმოადგენდა უშუალოდ მეფის პირად დაცვას,
4. დარიოსმა ეკონომიკური რეფორმაც გაატარა. მან იმპერიაში ფულის საერთო ერთეული შემოიღო, ეს იყო ოქროს “დარიკი”.
5. დარიოსის რეფორმების შედეგად ქვეყანა იმართებოდა სამეფო კანცელარიიდან. მეფის რეზიდენცია პერსეპოლისში იყო.
6. დარიოსის ბრძანებით გაიყვანეს “სამეფო გზა”. ეს იყო კეთილმოწყობილი გზა, გზებზე ყოველ 20 კილმეტრში განთავსებული იყო დასასვენებელი და ცხენების გამოსაცვლელი ადგილები, ე.ი. სასტუმროები და საფოსტო სადგურები. მალემსრბოლელებს ცხენების გამოცვლითა და ერთმანეთის შეცვლით, შვიდ დღეში შეეძლოთ 2000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა. შიკრიკები სამეფო ბრძანებებს გადასცემდნენ სამეფო მწერლებს. ასე მოწესრიგებული გზები ხელს უწყობდა ვაჭრობისა და კომუნიკაციის განვითარებას.
7. დარიოსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყანაში აღმშენებლობით საქმიანობას. მისი მეფობის დროს დიდი გავლენა განიცადა სპარსულმა არქიტექტურამაც. მეფე დარიოსმა წამოიწყო ახალი დედაქალაქის _ პერსეპოლისის ქალაქში იყო უზარმაზარ კარიბჭე, რომელიც ხსნიდა გზას სპარსეთის მეფეების სასახლისაკენ, “აპადანისაკენ”(დიდი დარბაზი-მოედანი) _ იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი სასახლისაკენ. აპადანა მორთული იყო რელიეფებით, რომელზეც ერთი მხრივ გამოსახულნი იყვნენ სპარსელი მეომრები, უკვდავები, ხოლო მეროე მხრივ 33 ქვეყნის დამორჩილებული ხალხი, რომელთაც სხვადასხვა ძღვენი მიჰქონდათ მეფისათვის. პერსეპოლისი მსოფლიო ომპერიის სიმბოლოდ იქცა. აქ ინახებოდა მეფეთა საგანძური, აქედან მიდიოდა ქვით მოკირწყლული გზები იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში. დარიოს I-მა საკუთარი თავი “მეფეთ-მეფედ” და “მთელი ქვეყნიერების მეფედ” გამოაცხადა. მართლაც სპარსელთა ძალაუფლება ვრცელდებოდა თითქმის მთელ მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროზე.
დარიოს I-ის გარდაცვალების შემდეგ აქემენიდურ სპარსეთს სათავეში ჩაუდგა მისი მემკვიდრე ქსერქსე I, ძვ.წ. 486-465 წწ, საგარეო პოლიტიკაში მან ტრადიციული, აქემენიდური კურსი გააგრძელა. ქსერქსემ ასევე გაატარა მნიშვნელოვანი რელიგიური რეფორმა. მან ირანელთა საერთო რელიგიად ზოროასტრიზმი გამოაცხადა. ამ რელიგიის სწავლება გადმოცემულია ზოროასტრიზმის საღვთისმსახურო წიგნში _ ავესტაში, რომლის უძველესი ნაწილები განეკუთვნება ძვ.წ. I ათასწლეულს. ზოროასტრიზმის საფუძვლების შექმნა მიეწერება ზარატუშტრას, იგივე (ბერძნულად) ზოროასტრის.
ძვ.წ. V ს-ში მცირე აზიის, იონიის ბერძნული ქალაქები აქმენიდურ იმპერიას ექვემდებარებოდა, თუმცა ხშირი იყო აჯანყებებიც. ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში (ძვ.წ. 500 წელს) იონიაში მოხდა მორიგი აჯანყება. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ სპარსელებმა აჯანყება ჩაახშეს. დარიოსმა გადაწყვიტა დაესაჯა აჯანყებული ბერძნული ქალაქების, უპირველესყოვლისა კი ათენის დასჯა და დამორჩილება. სპარსელები სწორად მსჯელობდნენ, როდესაც ფიქრობდნენ, რომ მათი სრული ბატონობის დასამყარებლად საჭირო იყო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები დამორჩილებაც, რომელთა შორის უძლიერესი ათენი და სპარტა იყო. სწორედ ამიტომ ძვ.წ. 490 წ სპარსელთა ფლოტი ათენისაკენ დაიძრა. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ბერძენ-სპარსელთა ომები, რომელიც სპარსელების დამარცხებით დასრულდა. ეს ომი წამოიწყო დარიოს I-მა, ხოლო ძირითადად მიმდინარეობდა ქსერქსეს დროს.
აქმენიდთა სამეფოში ხშირი იყო სახელმწიფო გადატრიალებები, დაპყრობილი ხალხების პერიოდული აჯანყებები, სატრაპთა სეპარატიზმი (სწრაფვა გამოყოფისა და განცალკევებისაკენ), ყოველივე ამან სპარსეთის იმერია დაასუსტა, ამიტომ მას ძალა უკვე აღარ ეყო წინააღმედეგობა გაეწია ახალი მეტოქისათვის _ მაკედონიისათვის. ძვ.წ. 334 წ ბერძნულ-მაკედონური არმია შეიჭრა აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრებში და რამდენიმე წელიწადში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, აქემენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
აქემენიდური იმპერიის მარცხი განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:
1. მიუხედავად იმისა, რომ სპარსელებს აურაცხელი მატერიალური რესურსები და უზარმაზარი არმია ჰყავდათ, მარცხი განაპირობა იმან, რომ სპარსელთა არმია შედგებოდა სხვადასხვა ტომების რაზმებისაგან;
2.არმია მოძველებული იარაღით იყო აღჭურვილი და ბევრად ჩამორჩებოდა იმ დროისათვის საუკეთესო შეიარაღების მქონე და სამხედრო საქმეში გაწაფულ ალექსანდრე მაკედონელის არმიას;
3.სპრსეთის მთავარსარდლობა არ ცდილობდა შეიარაღების სრულყოფას და მეომართა სამხედრო დონის ამაღლებას. ისინი შემოიფარგლნენ მხოლოდ იმით, რომ სპარსელთა არმიაში შეიყვანეს დაქირავებულ ბერძენ მეომართა 30 000-იანი ჯარი, რომელიც ამ უზარმაზარი არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი გახდა.
საერთო ჯამში აქემენიანთა ეპოქამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანისა და მთლიანი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობა დამყარდა უზარმაზარ ტერიტორიაზე _ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ინდოეთის მისადგომებამდე. მისი მემკვიდრე სახელმწიფოები იყვნენ _ პართია და სასანიანთა სამეფო, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე წარმოიქმნენ.