Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 24 February 2018



ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები და
 ფინიკიური კოლონიზაცია


      აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის სანაპირო რაიონი მოიცავდა რამდენიმე ისტორიულ მხარეს _ სირიას, ფინიკიას და პალესტინას, ძველად ამ ტერიტორიას ქანაანის სახელითაც მოიხსენიებდნენ. ფინიკია მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თუმცა მის ტერიტორიას დღეს სამი ქვეყანა ინაწილებს _ ლიბია, სირია, ისრაელი.
         “ფინიკია” ბერძნული წარმოშობის სახელია და ნიშნავს “მეწამულს”. ეს სახელწოდება მათ მიიღეს იმის გამო, რომ მხოლოდ ფინიკიელებმა იცოდნენ მეწამული (მუქი წითელი) ფერის საღებავის მიღება. ამ საღებავს განსაკუთრებული სახის ლოკოკინებისაგან ამზადებდნენ, რომელიც ძალიან ძვირად ფასობდა.
           ფინიკიის არსებობა დასტურდება ძვ.წ. XIV საუკუნიდან. ფინიკიაში განვითარდა მესაქონლეობა, მებაღეობა. იზრდებოდა ზეთისხილი, ფინიკი, სწორედ ხილის ამ სახეობას მისცა ამ ქვეყანამ თავისი სახელი – ფინიკი. ფინიკია მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით _ სპილენძისა და რკინის მადნით, ტყეებით, მათ შორის, სახელგანთქმული კედრის ტყეებით. ლიბანის კედარი უძველესი დროიდან ძვირფას სამშენებლო მასალად ითვლებოდა, ეს სიმდიდრე ძველთაგანვე ეგვიპტელებისა და შუამდინარეთის სახელმწიფოების ინტერესს იწვევდა.
          ბუნებრივი პირობები გამო ფინიკიელების ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა მეთევზეობამ და საზღვაო ვაჭრობამ. ცხადია, ვაჭრობა სახმელეთო გზებიტაც შეიძლებოდა განვითარებულიყო, მაგრამ სწორედ ბუნებრივი პირობების გამო, რადგან ზღვით გადაადგილება უფრო უსაფრთხო იყო,  ფინიკიაში დიდად განვითარდა საზღვაო ვაჭრობა. საზღვაო ვაჭრობის განვითარება კი პირდაპირ უკავშირდებოდა გემთმშენებლობას. გემთმშენებლობის განვითარებას კი ხელი შეუწყო იმანაც, რომ ფინიკიაში არსებული ხის ჯიშები შესანიშნავი მასალა იყო გემების მშენებლობისათვის.
        ასე, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარში ფინიკიელები საუკეთესო ზღვაოსნებად და გემთმშენებლებად მიაჩნდათ.   ფინიკიელ მეთევზეთა პატარა სოფლები თანდათანობით მსხვილ სავაჭრო ქალაქებად გადაიქცა. ასეთები იყო: ბიბლოსი, სიდონი და ტვიროსი. შემდეგში ისინი დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ასე ჩამოყალიბდა ფინიკია საზღვაო-სავაჭრო ცივილიზაციად.
         საუკუნეთა მანძილზე ბერძნები და ფინიკიელები ერთმანეთს ეცილებოდნენ ზღვაზე ბატონობას. ფინიკიელი ვაჭრები არა მარტო დაცურავდნენ მთელ ხმელთაშუა ზღვაში, არამედ მის კოლონიზაციასაც ახდენდნენ. კერძოდ, შორეული მგზავრობისათვის აუცილებელი იყო შესვენება, საქონლის შევსება და სხვა. ამავე დროს როგორც უკვე ვიცით, ფინიკიელები არც მეკობრეობას თაკილობდნენ. დროთა განმავლობაში ფინიკიელებმა სხვადასხვა ადგილას ახალი დასახლებების _ კოლონიების _ დაარსება დაიწყვეს. 
         ფინიკიური კოლონიზაციის პროცესი რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული.
1. სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი მიწების სიმცირე 
2. საზღვაო ვაჭრობის განვითარება
ფინიკიელთა კოლონიები გაჩნდა სიცილიაზე, პირინეის (იბერიის) ნახევარკუნძულზე, აფრიკაში. მათ შორის აღსანიშნავია: გენუა, პალერმო ალიკანტე, კადისი, მალაგა, ტრიპოლი და სხვა.  ძვ.წ. 814 წელს დღევანდელი ტუნისის ტერიტროიაზე დაარსდა ქალაქი კართაგენი, რომელსაც გადმოცემა ტვიროსის მეფის, პიგმალიონის სახელს უკავშირებს.          ძვ.წ. VI საუკუნეში ფინიკია სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო, ამით დასრულდა ფინიკიის არსებობის ისტორიაც.

          ფინიკიელების სახელთან არის დაკავშირებული კაცობრიობის უდიდესი მიღწევა _ ანბანის გამოგონება. ფინიკიელ ვაჭრებს აუცილებლად უნდა აღეწერათ საქონელი. მცირე აზიაში გავრცელებული დამწერლობა ამის საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ის რთული და ძნელად დასამახსოვრებელი იყო. ამიტომ ფინიკიელებმა გამოიგონეს ისეთი დამწერლობა, რომელიც მარტივი და გამოსაყენებლად მოსახერხებელი იყო. გრაფიკული ნიშნებით _ ე.ი. ასოებით _ აღნიშნეს ბგერები. თითოეულ ბგერას ერთი ნიშანი შეესაბამებოდა. ასეთი ნიშნების დამახსოვრება ადვილი იყო, რადგან ანბანი მხოლოდ 22 ნიშანს შეიცავდა. ფინიკიელებმა ასო-ნიშნები მხოლოდ მხოლოდ თანხმოვან ბგერებს შეუსაბამეს, ხოლო ხმოვანი ბგერების აღმნიშვნელი ასო-ნიშნები მოგვიანებით ბერძნებმა დაამატეს.  ასე, რომ ანაბანური დამწერლობა სწორედ ფინიკიური და ბერძნული დამწერლობიდან წარმოიშვა.
      ფინიკიელმა ხელოსნებმა ასევე პირველებმა გამოიგონეს მინა, რომელიც თავიდან გაუმჭვირვალე იყო და ძირითადად მძივების დასამზადებლად იყენებდნენ.
       ფინიკიელთა სახლს უკავშირდება მრავალი ტექნოლოგიური სიახლე. ტვიროსში, მეფე ჰირამის, დროს გააფართოვეს კუნძული ხელოვნური მიწაყრილებით, რითიც დღევანდელი იაპონიისა და დუბაის არქიტექტორების წინამორბედებად მოგვევლინენ.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -