Posted by : ლელა კაკაშვილი Sunday 11 March 2018



კონსტანტინე დიდი 
(306-337 წწ)

   თავდაპირველად დიოკლეტიანეს მიერ შემოღებული ახალი მმართველობის ფორმის თანახმად რომს ერთხანს ორი იმპერატორი განაგებდა _ ერთი აღმოსავლეთში და მეორე დასავლეთში. თუმცა უმნიშვნელოვანეს საკითხებს ისინი ერთად წყვეტდნენ. 305 წელს გადადგა დიოკლეტიანე. ქვეყანაში დაწყებული შინაომების დროს იმპერატორები ერთმანეთს ცვლიდნენ. ბოლოს გაიმარჯვეს კონსტანტინემ და ლიცინიუსმა. დაახლოვებით ათი წელი კონსტანტინე და ლიცინიუსი იმპერიას მშვიდობიანად მართავდნენ, მაგრამ ლიცინიუსი დააეჭვა კონსტანტინეს აქტიურმა პოლიტიკამ აღმოსავლეთ პროვინციებში. ლიცინიუსმა ქრისტიანების დევნა დაიწყო თავის სამფლობელოშო და კონსტანტინეს დაუპირისპირდა. ამ დაპირისპირებაში გამარჯვება კონსტანტინემ მოიპოვა. 324 წელს ლიცინიუსი მოკლეს, ხოლო  325 წელს კონსტანტინე ერთიანი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა (306-337 წწ). ისტორიაში ის კონსტანტინე დიდის სახელით შევიდა. 
   რომის იმპერატორები 300-ზე მეტი წლის განმავლობაში დაუნდობლად დევნიდნენ ქრისტიანობას. მათი დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე I-ის დიდის სახელთან არის დაკავშირებული. კონსტანტინე დიდმა ჯერ კიდევ ლიცინიუსთან ერთად 313 წელს მილანში გამოსცა ედიქტი (განსაკუთრებული ბრძანებულება), რომლითაც ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად გამოცხადდა. მილანის ედიქტის საფუძველზე რომის იმპერიაში ქრისტიანების მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. ამ ბრძანებით ქრისტიანებს ნება ეძლეოდათ დაუფარავად შეესრულებინათ ქრისტიანული წეს-ჩვეულებები.
   კონსტანტინე დიდი, თუმცა თვითონ ჯერ კიდევ ქრისტიანი არ იყო, მაგრამ ქრისტიანებს დიდი სიმპათიით ეპყრობოდა. ახლა ქრისტიანებს უკვე შეეძლოთ სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილები წასულიყვნენ წირვაზე, ერთმანეთს ნათლობის საშუალებით დანათესავებოდნენ. ქრისტიანები უშიშრად შედიოდნენ სახელმწიფო სამსახურში და სწარაფადაც აღწევდნენ დაწინაურებას. დაიწყო ეკლესიების მშენებლობაც. პირველი ეკლესია რომაული ტრადიციის თანახმად იყო ე.წ. ბაზილიკა. 321 წელს კონსტანტინე დიდის ბრძანებით, რომის იმპერიაში კვირადღე ოფიციალურად გამოცხადდა დასვენების დღედ, როგორც ამას ბიბლია მოითხოვდა.

   აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ, მართალია კონსტანტინე დიდი ქრისტიანებს მფარველობდა, მაგრამ მის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს მყარი პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა. ამ ახალი სარწმუნოების გამოყენებით კონსტანტინე ცდილობდა შეეჩერებინა ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობა. მისი აზრით ქრისტიანობა მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სწორედ ამიტომ გამოსცა 313 წელს კონსტანტინემ რჯულშემწყნარებლობის აქტი “მილანის ედიქტი”, რომლითაც როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიენიჭა. 
   მილანის ედიქტით დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო რომის იმპერიისათვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისათვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დევნის დროს ჩამოართვეს. იმპერატორმა ცოტა ხანში ქრისტიანები სახელმწიფო ბეგარისაგანაც გაათავისუფლა.
   ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიის სახეს იღებდა, რამაც იმპერატორს შესაძლებლობა მისცა დაყრდნობოდა არა მხოლოდ მოხელეებსა და ჯარს, არამედ ქრისტიან სასულიერო პირებსაც. კონსტანტინე დიდი ყოველ ღონეს ხმარობდა რათა არ დარღვეულიყო ქრისტიანთა ერთობა და არ მომხდარიყო განხეთქილება.
   თვითონ კონსტანტინემ თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც წარმართმა ისე გაატარა, თუმცა ბოლოს თანდათანობით ქრისტიანობისაკენ გადაიხარა. კონსტანტინემ დაიწყო წარმართული ტაძრებიდან ძვირფასეულობის გატანა და ზოგიერთი მათგანი დაანგრია კიდეც. ქრისტიანობისათვის განსაკუთრებით თავდადებული იყო მისი დედა ელენე დედოფალი, რომელიც წარმოშობით დაბალ წრეებს ეკუთვნოდა.
   თვითონ მოუნათლავმა იმპერატორმა საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება დაიწყო. მისი ინციატივით 325 წელს გაიმართა ქ. ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. ნიკეის კრებამ დაადგინა ქრისტიანული მრწამსი, რომელიც დღესაც უცვლელია მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იმავდროულად კონსტანტინემ პალესტიანაში რამდენიმე ტაძარი ააგო. მან დაანგრია წარმართული ღვთაების, აფროდიტეს ტაძარი, რომელიც გადმოცემით, ქრისტეს საფლავის ადგილას იდგა და იქ მარმარილოს ეკლესია ააშენა. მალე, დედოფალ ელენეს თხოვნით, იმპერატორმა ეკლესია ბეთლემშიც, იესო ქრისტეს დაბადების ადგილას აღმართა.
   კონსტანტინე I-მა გაატარა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებიც. მან გააუქმა ძველი გვარდია და ის სასახლის დაცვის კორპუსით შეცვალა. ჯარი კი დაყო სასაზღვრო და შინა სამსახურის ნაწილებიად. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად კონსტანტინე დიდმა გაატარა ფულის რეფორმაც. 
   კონსტანტინე იმპერატორობის პერიოდში ხშრად ავადმყოფობდა. სიკვდილის წინ მან ქრისტიანობის მიღება გადაწყვიტა. იმპერატორს მონათვლა, ქრისტეს მსგავსად, მდინარე იორდანეში უნდოდა, მაგრამ ხელი ავადმყოფობამ შეუშალა. მაშინ ის საწოლში, ავადმყოფი მოინათლა. ნათლობის დასრულების დროს კონსტანტინემ წარმოთქვა: “ახლა გაქრა ყოველგვარი ორაზროვნება”. მოკლე ხანში, იმავე წელს, კონსტანტინე დიდი სიცოცხლეს გამოესალმა. ცოტა ხნით ადრე, მისი ღვთისმოსავლი დედა, ელენე დედოფალი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინაიდან კონსტანტინემ ქრისტიანობას თავისუფლება მიანიჭა, ამიტომ მას მოციქულთა სწორი უწოდეს, მოგვიანებით კი ეკლესიამ კონსტანტინე დიდი წმინდანად აღიარა.
   კონსტანტინე დიდი პირველი იყო იმპერატორებს შორის, რომელიც მიხვდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანული, რელიგიური ძალაუფლებისა და პოლიტიკური ძალაუფლების შერწყმას. 
  იმპერიაში ქრისტიანობის განმტკიცებისათვის უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმპერატორმა თეოდოსიმ (379-398 წწ)  გადადგა, როდესაც 383 წელს, ქრისტიანობის გარდა, ყველა სარწმუნოება აკრძალა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -