Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 24 February 2018


ასურეთი


   ასურელები ანუ, ასირიელები იყვნენ ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევარში არაბეთის ნახევარკუნძულიდან წინა აზიაში შემოჭრილი სემიტური ტომების შთამომავლები. მათ დაიკავეს მდინარე ტიგროსის შუა წელი და  ტიგროსზე ააშენეს ქალაქი ასური, (ბერძნული ფორმა “ასირია”). მალე ეს ქალაქი ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოს ცენტრი გახდა.  ამიტომ ძველმა ბერძნებმა ამ სახელმწიფოს ასურეთი უწოდეს. ასე წარმოიქმნა ძვ.წ. XVI საუკუნეში (ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარში) სემიტური სახელმწიფო ასურეთი. 
   ასურეთის ტერიტორია ძირითადად მოიცავდა მდ. ტიგროსის შუა და ზემო წელს. ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში თავიდანვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, სამხრეთ შუამდინარეთის დაბლობში კი – მიწათმოქმედება. ასურეთს ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა, მის ტერიტორიაზე გადიოდა ძირითადი სავაჭრო მარშრუტები, ამიტომ ასურელები ვაჭრობასაც მისდევდნენ, საიდანაც  კარგ სარგებელს ნახულობდნენ. ამიტომ მდიდარი ქალაქი ასური თავიდანვე მოექცა მეზობელი სახელმწიფოების მმართველების თვალსაწიერში. ასურეთს არ ჰქონდა ბუნებრივი საზღვრები (ზღვები და ქედები), ასე, რომ ზღვებისა და ქედების არქონის გამო ასურელებს თავისი ტერიტორიისა და სავაჭრო გზების დასაცავად გამუდმებული ბრძოლა უწევდათ. ამიტომ ისინი მეომარ ხალხად ჩამოყალიბდნენ.
  თავიდან ასურეთი ხშირად ექცეოდა ბაბილონის დაქვემდებარებაში. ამიტომ აქ გავრცელდა ბაბილონური ენა, რელიგია, კულტურა..ძვ. შემდეგში ასურეთი ისე გაძლიერდა, რომ დაიპყრო, დალაშქრა ან დახარკა იმდროინდელი წინა აზიის თითქმის ყველა სახელმწიფო: თავდაპირველად ჩრდილოეთ შუამდინარეთი, მითანის სამეფო და ხეთური ოლქები. 
   ასურეთის ტერიტორია განსაკუთრებით გაიზარდა მეფე ტიგლათფილესერ I-ის დროს (ძვ.წ. XII ს ბოლო და XI ს-ის დასაწყისი). ჩრდილოეთით მან დალაშქრა ნაირის ქვეყნები, სამხრეთით კი ქალაქი ბაბილონი დაიპყრო, ასევე დახარკა ფინიკიის ქალაქები. საინტერესოა, რომ სწორედ ამ მეფის გამარჯვებების აღსანიშნავად შესრულებულ ლურსმულ წარწერებში მოიხსენებიან ქართველთა წინაპარი ტომები, კერძოდ: მუშქები, დაიაენი იგივე დიაოხი. სწორედ ამ ტომებს მოუწიათ ბრძოლა ასურეთის ძლევამოსილი მეფის წინააღმდეგ. ასეთი ლაშქრობების შემდეგ ძველი მსოფლიოს ისტორიის ფურცლეზე ასურეთმა დაიმკვიდრა მეომართა ქვეყნის სახელი. 
   ძლიერების ამ პირველ პერიოდს კვლავ დაღმასვლა მოჰყვა, თუმცა  ძვ.წ. IX საუკუნიდან ასურეთი კვლავ ძლიერდება, რომელსაც ე.წ. “ახალასურულ ხანას” უწოდებენ. მისი სიძლიერის საფუძველს  უპირველეს ყოვლისა მისი არმია წარმოადგენდა. არავის არ ჰყოლია მანამდე ასეთი ორგანიზებული, გაწვრთნილი და შეარაღებული ჯარი, როგორიც ასურეთის მეფეებს ჰყავდათ. ასურეთის ხელახალი გაძლიერება დაკავშირებულია ძვ.წ. VIII საუკუნეში ტიგლათფილესერ III-ის სამხედრო და ადმინისტრაციულ რეფორმებთან. მან შექმნა სამხედრო არისტოკრატიის პრივილიგირებული ფენა. ბრინჯაოს იარაღი შეცვალა რკინის იარაღით. ასურელი მეომრები შეიარაღებულები იყვნენ რკინის ხმლებით, ხელცულებით, მრგვალი ფარებით, შუბებით, შურდულებით და მშვილდისრებით.
  ასურეთის არმია ყველაზე ძლიერ არმიად გადაიქცა მახლობელ აღმოსავლეთში. ასურელებს თავისი მილიტარისტული (სახელმწიფოს გამალებული შეარაღება, ეკონომიკისა და იდეოლოგიის დაქვემდებარება სამხედრო მიზნებისათვის) მისწრაფებებიდან გამომდინარე უხდებოდათ საიმედო ხერხების მოძებნა არა მარტო ტერიტორიების დასაპყრობად, არამედ მათ შესანარჩუნებლადაც. ამიტომ ასურელები გარკვეულწილად “გამომგონებლებიც” გახდნენ. სამხედრო ხელოვნების სფეროში მათ გამოგონებათა რიცხვს მიეკუთვნება: საალყო მანქანები, სამხედრო გზები და ხიდები, ხეთებისაგან შეთვისებული რკინის იარაღითან ერთად ორთვალა საბრძოლო ეტლის გამოყენება.  პირველად მათ დაიწყეს ცხენოსანი მეომრების (კავალერიის) გამოყენება. არ არსებობდა ძალა, რომელიც ასურელი მეომრების შეჩერებას შეძლებდა.

   ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ემ, რომელმაც გაატარა სხვადასხვა რეფორმა, ასევე შეცვალა დაპყრობილი ქვეყნების მიმართ წარმოებული პოლიტიკაც. ასურელების განსაკუთრებული “გამოგონებათა” რიცხვს განეკუთვნება დაპყრობილ ხალხთა მასობრივი დეპორტაცია (გადასახლება), ასურეთის იმპერიაში მათი იძულებითი ასიმილაციის მიზნით. ასურელები დამორჩილებული ქვეყნების მოსახლეობას უკვე კი აღარ ხოცავდნენ, არამედ სამშობლოდან სხვა რეგიონებში ასახლებდნენ; 
ომებს, თუმცა იშვიათად, მაგრამ თან სდევდა ასურელთა დამარცხებებიც. ერთ-ერთი დიდი დარტყმა ასურეთს მიაყენა გაძლიერებულმა ურარტუმ, რის შედეგადაც ასურეთმა საკუთარი მიწების ნაწილიც კი დაკარგა.
  ეკონომიკური თვალსაზრისით ასურეთის იმპერია სამხედრო ნადავლისა და დაპყრობილი თუ დეპორტირებული ხალხისათვის დაკისრებული გადასახადების ხარჯზე ცხოვრობდა. ამავე დროს ეს დიდძალი შემოსავალი იხარჯებოდა გაუთავებელ ომებზე და იფლანგებოდა ასურელ მეფეთა მიერ საკუთარი სახელისა და დიდების უკვდავსაყოფად წამოწყებულ გრანდიოზულ მსენებლობებზე. ასეთი პარაზიტული ეკონომიკა კი ასურეთის იმპერიის დასუსტებისა და დაცემის ძირითადი მიზეზი გახდა. 
ასურეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ბაბილონი და მიდია (ირანული მოდგმის ხალიხი). ბაბილონის მეფემ სამხრეთიდან შეუტია ასურეთს, ხოლო მიდიის მეფემ _ ჩრდილოეთიდან. მათი ჯარები ძვ.წ. 614 წელს ქალაქ ასურში შეხვდნენ ერთმანეთს. ასურეთის ძველი დედაქალაქი დაეცა. მალე, ძვ.წ. 612 წელს, მოკავშირეებმა ნინევიაც აიღეს, ხოლო ძვ.წ. 605 წელს, ქარხემიშთან  გამართულ ბრძოლაში, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა საბოლოო დაამარცხა ასურეთის უკანასკნელი მეფე. ასე “აღიგავა პირისაგან მიწისა” ერთ დროს უდიდესი და უძლიერესი ასურეთის სახელმწიფო.
   პირველი ბიბლიოთეკა ნინვეიაში _ XIX საუკუნის შუა ხანებში, მესოპოტამიის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური ნინევიაში გათხრების დროს ბრიტანელმა მეცნიერებმა სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნანგრევებში ათასობით თიხის ფირფიტა იპოვეს, რომელზედაც ლურსმული დამწერლობით შესრულებული ტექსტები იყო დატანილი. ეს ასურეთის მეფე ასურბანიფალის იგივე აშურბანიპალის ცნობილი ბიბლიოთეკა გახლდათ ნინევიაში.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -