Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 24 February 2018



ხეთების სამეფო

     დაახლოვებით ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში შეიქმნა ხეთების ანუ ხათის ერთიანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა ძვ.წ.XIII ს-მდე. 
      ხეთების მიერ დასახლებული ტერიტორია ძირითადად მთაგორიანი იყო. აქ ნაკლებად იყო ნაყოფიერი ველები და მდელოები, სადაც მოსავლის მოყვანა შეიძლებოდა. დაბლობ მხარეში მოსახლეობა უმეტესად მიწათმოქმედებას მისდევდა, მთიან ნაწილში კი მესაქონლეობა უფრო ხელსაყრელი იყო. მცირე აზია თავისი ბუნებრივი სიმდიდრით თავიდანვე იქცევდა შუამდინარელი, ეგვიპტელი და სირიელი ვაჭრების ყურადღებას, თუმცა ხეთებმა ვაჭრობა თავიანთ ქვეყანაში თანდათან ხელში აიღეს და უცხოელი ვაჭრები შეავიწროვეს. ზოგიერთი საქონლის, მაგალითად რკინის, გატანა კი საერთოდ აკრძალეს. ძვ.წ. II ათასწლეულში ხეთებმა რკინის გამოდნობა ისწავლეს და მისგან იარაღის დამზადება დაიწყეს. რკინის გამოდნობის წესს ისინი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ.
     ხეთები მისდევდნენ ცხენების მოშენებასაც. სწორედ ხეთების სახელს უკავშირდება მცირე აზიაში ცხენებშებმული ეტლების გამოჩენა. ეტლებში ხარების ნაცვლად ცხენების შებმა ახალი ნაბიჯი იყო, რომლის წყალობითაც გადაადგილება დაახლოვებით 10-ჯერ უფრო სწაფად გახდა შესაძლებელი. ხეთები საუკეთესო ცხენოსნებად ითვლებოდნენ და ბრძოლის დროს ცხენებშებმულ საბრძოლო ეტლებსაც იყენებდნენ.
     ხეთების სამეფოს დედაქალაქი იყო ხათუსა, საიდანაც მეფე სახელმწიფოს მართავდა დანიშნული მოხელეების მეშვეობით. ხეთების სამხედრო წარმატებები განაპირობა მათი ჯარის კარგმა ორგანიზაციამ, ასევე ცხენიანი საბრძოლო ეტლისა და რკინის იარაღის გამოყენებამ. მაგრამ აჯანყებებისა და ხეთური ჯარის არაერთგზის დამარცხებამ დაასუსტა ხეთების სამეფო. ამით ისარგებლა გაძლიერებულმა ეგვიპტემ და ხეთები გამოდევნა სირიიდან. ხეთებმა ეგვიპტესთან გააგრძელეს ბრძოლა, რომელიც  ძვ.წ. 1274 წელს კადეშის ბრძოლით და თანასწორი და ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დაასრულეს. ამ შეთანხმების თანახმად ხეთები ჩრდილოეთ სირიაში, ხოლო ეგვიპტელები _ სამხრეთ სირიაში გაბატონდნენ.

    ხეთების რელიგიური წარმოდგენის მიხედვით, მათ ყოველ ტომსა თუ დასახლებას თავისი ღვთაება ჰყავდა. ამიტომ ხეთების სამეფოს ხშირად “ათასი ღვთაების” ქვეყნად მოიხსენიებენ. 
    დროთა განმავლობაში შინაგანმა წინააღმდეგობებმა, ასევე წინა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში ჰეგემონობისათვის  მეზობლებთან წარმოებულმა ომებმა ხეთები დაასუსტა.  ძვ.წ. 1200 წელს უკვე საკმაოდ დასუსტებული ხეთების სამეფო ეგეოსის ზღვის სამხრეთიდან დაძრულმა “ზღვის ხალხებმა” გაანადგურეს. “ზღვის ხალხებში” შედიოდნენ ხმელთაშუა ზღვის კუნძულების, სამხრეთ საბერძნეთისა და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროს მცხოვრებლები.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -