Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 24 February 2018


ბაბილონი


     ძვ.წ. XX საუკუნეში აოხრებულ და გაპარტახებულ შუამდინარეთში არაბეთის ნახევარკუნძულიდან შემოიჭრა კიდევ ერთი ძლიერი მეომარი ტომი _ ამორეველთა ტომი. ისინი საბოლოოდ დამკვიდრდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში, ერთ პატარა სამეფოში, სადაც საფუძველი ჩაუყარეს ახალ სამეფო დინასტიას და ტახტი ბაბილონში დაიდგეს.
    ბაბილონი აქადურად ნიშნავს “ღმერთების კარიბჭეს”. ეს ქალაქ-სახელმწიფო ძველთაგანვე იყო ცნობილი, მის მფარველ ღვთაებად კი  შუამდინარეთში საყოველთაოდ აღიარებული ღმერთი _ მარდუქი მიიჩნეოდა. ქალაქი ბაბილონი მდებარეობდა მდინარე ევფრატის ნაპირზე, სადაც ევფრატი და ტიგროსი ერთმანეთს მაქსიმალურად უახლოვდებიან, სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ გზაჯვარედინზე. აქ ერთმანეთს კვეთდა სახმელეთო და სანაოსნო გზები. ამიტომ ბაბილონი სწრაფად იზრდებოდა და მდიდრდებოდა, მაგრამ მისი აღზევება დაკავშირებულია დიდი მეფის, გამჭრიახი პოლიტიკოსისა და მამაცი მხედარმთავრის ჰამურაბის ( ძვ.წ. 1792-1750 წწ, ე.ი. ძვ.წ. XVIII ს) მმართველობის ხანაში. 
       XX საუკუნის დასაწყისში, ქალაქ სუსას (ახლანდელი ირანი), იგივე სუხას  გათხრების დროს არქეოლოგებმა იპოვეს ჰამურაბის კანონთა კრებული, რომელიც შედგებოდა 282 მუხლისაგან, ამჟამად ეს კრებული პარიზში, ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი. ჰამურაბის კანონები სასტიკი და ულმობელი იყო. მცირე დანაშაულზეც კი მძიმე სასჯელი იყო გათვალისწინებული.

   ბაბილონს დამპყრობლები დიდხანს მართავდნენ, მათ შორის ასურეთი. ძვ.წ. VII საუკუნის ბოლოს ასურეთის ძლიერება დაემხო და ბაბილონმაც კვლავ აღორძინება დაიწყო. ბაბილოსნის სამეფოს სათავეში ახალი დინასტია ჩაუდგა. ისინი წარმოშობით ქალდეველთა მეომარი ტომიდან იყვნენ, ამიტომ მათი მმართველობის ხანას “ბაბილონის ახალ სამეფოს” ან “ქალდეურ ბაბილონსაც” უწოდებენ.
 ქალდეური ბაბილონი განსაკუთრებით აღზევდა და გაძლიერდა მეფე ნაბუქოდონოსორის (ძვ.წ. 605-562 წწ) მმართველობის ხანაში. იგი ერთდროულად დიდი აღმშენებელი და დამპყრობელი მეფე იყო. მან გააფართოვა საზღვრები აღმოსავლეთით, კავშირი შეკრა მიდიის მეფესთან და ამ კავშირის განსამტკიცებლად მიდიის მეფის ასული შეირთო ცოლად, რომელსაც უძღვნა შესანიშნავი სილამაზის ბაღი. ეს ბაღი ბერძნებმა მსოფლიოს ერთერთ საოცრებად მიიჩნიეს. ნაბუქოდონოსორის ცოლს ერქვა ამიტისი, მას შეცდომით სემირამიდას სახელით მოიხსენიებენხოლმე. ამიტომ მსოფლიოს ამ საოცრებას სემირამიდას დაკიდული ბაღების სახელით იცნობენ
    ნაბუქოდონოსორმა ასევე განაახლა ღვთაება მარდუქის ტაძარი და ააგო ბაბილლონის გოდოლი (კოშკი). ნაბუქოდონოსორი დასავლეთითაც აწარმოებდა დაპყრობით ომებს. მან რამდენჯერმე ილაშქრა პალესტინაში, ძვ. წ. 587 წელს აიღო იერუსალიმი, მიწასთან გაასწორა იგი და დაანგრია სოლომონის დიდი ტაძარი, იუდეველთა უმრავლესობა კი ბაბილონში გადაასახლა. იუდეველი ხალხის ეს დიდი ტრაგედია აღწერილია ბიბლიაში. წმინდა წიგნი ნაბუქოდონოსორს მოიხსენიებს, როგორც სასტიკ და ულმობელ დამპყრობელს, უღმერთო ადამიანს. ნაბუქოდონოსორის მიზანი ეგვიპტის დამორჩილება იყო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო.
   ნაბუქოდონოსორის მემკვიდრენი უუნარონი აღმოჩნდნენ. ბაბილონის სამეფო კვლავ დასუსტდა. ასე, რომ ბაბილონის ახალი სამეფოს ძლიერების ხანაც ხანმოკლე აღმოჩნდა, იგი ძვ.წ. 539 წ (ძვ.წ. VI ს) სპარსეთის მეფე, კიროსმა დაიპყრო. შემდგომში კი ბაბილონი ალექსანდრე მაკედონელის მსოფლიო იმპერიის დედაქალიც იყო.






- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -