Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 24 February 2018


შუმერი


    შუამდინარეთს უწოდებენ მდინარეების: ტიგროსსა და ევფრატს შორის არსებულ ტერიტორიას, ამ მდინარეებს ხშირად “ტყუპი მდინარეების” სახელითაც მოიხსენიებენ. შუამდინარეთს ასევე უწოდებენ მესოპოტამიას, რაც ბერძნული სიტყვაა და ქართულად ორ მდინარეს შორის არსებულ ქვეყანას ნიშნავს. გარდა აღნისნულისა მესოპოტამიას მოიხსენიებენ, “ნოყიერი ნახევარმთვარის” სახელითაც. როგორც ეგვიპტეში ნილოსი, ასევე შუამდინარეთში ტიგროსი და ევფრატი კარგ პირობებს ქმნიდნენ მიწათმოქმედების განვითარებისათვის, ამიტომ ამ რეგიონში უხსოვარი დროიდან დასახლდნენ ადამიანები. ტიგროსისა და ევფრატის წყალი სარწყავად რომ გამოეყენებინათ, ამისათვის ადგილობრივებს არხებისა და დამბების რთული სისტემის მშენებლობა მოუწიათ. საირიგაციო სისტემის შექმნა კი სათანადო ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მოითხოვდა ორგანიზებულობას. შუამდინარეთში არსებული ნაყოფიერი მიწები იზიდავდა ირგვლივ მწყოვრებ სხვადასხვა ტომებს და შესაბამისად, მათი დაცვაც გახდა საჭირო.ყოველივე ამან სხვა მიზეზებთან ერთად ხელი შეუწყო შუამდინარეთში სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ასე, რომ, მესოპოტამია არის ერთერთი იმ ძველი რეგიონებიდან, სადაც სახელმწიფო წარმოიშვა.
    შუამდინარეთი უძველესი დროიდან დასახლებული იყო ორი სხვადასხვა ხალხით: სამხრეთით მოსახლეობდნენ შუმერები, ხოლო ჩრდილოეთით _ სემიტები (აქადელები).
შუმერები ძვ.წ. IV ათასწლეულში ტომებად ცხოვრობდნენ დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. შუმერები მისდევდნენ ნადირობას, მეთევზეობას, მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. მათ მოშინაურებული ჰყავდათ ხარი, თხა, ცხვარი, ვირი და ღორი. მესოპოტამიაში ხარობდა ლერწამი. შუმერები ლერწამს იყენებდნენ, როგორც საშენ მასალად, ასევე მისგან წნავდნენ ჭილოფებსა და კალათებს.
     შუმერთა შორის იყვნენ სხვადასხვა სპეციალობების შესანიშნავი ხელოსნები. მათ ქვის იარაღები თავდაპირველად სპილენძისა და კალის იარაღებით შეცვალეს, ხოლო შემდეგ ბრინჯაოსაგან დამზადებული იარაღები გამოიყენეს. ბრინჯაოსაგან შუმერები არა მარტო სამუშაო და საბრძოლო იარაღებს ამზადებდნენ, არამედ ჭურჭელს, სამკაულსა და ღუმელებსაც. ღუმელს ისინი აგურის გამოსაწვადაც იყენებდნენ, გამომწვარი აგურით კი ორ და სამ სართულიან სახლებს აშენებდნენ. ძვ.წ. IV ათასწლეულში შუმერებმა გამოიგონეს ბორბალი, ეტლი, სამეთუნეო ჩარხი და გუთანი. ეტლსა და გუთანში ისინი ხარსა და ვირს აბამდნენ.

   შუმერებს ერთიანი სახელმწიფო არ  ჰქონდათ. მეურნეობის და ვაჭრობის განვითარების შედეგად შუმერების ქვეყანაში წარმოიშვა მრავალი პატარა და დიდი ქალაქ-სახელმწიფოები. ეს ქალაქ-სახელმწიფოები დამოუკიდებლად არსებობდნენ. შუმერულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა იარსებეს დაახლოვებით ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებიდან ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე. ცნობილი შუმერული ქალაქები იყო: ური, ურუქი, უმა, ლაგაში და სხვა. ცნობილია ერთ-ერთი ქალაქის, ურუქის მეფე _ გილგამეში (იგი ცხოვრობდა ძვ.წ. XXVII საუკუნეში), რომელიც შუმერულ თქმულებათა გმირად იქცა.
მესოპოტამიაში, შუმერების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ სემიტური ტომები. მათი ერთერთი ქალაქი იყო აქადი. სწორედ აქადის მმართველმა სარგონმა შეძლო ის, რის გაკეთებასაც დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდნენ შუმერები. კერძოდ: აქადის მეფე სარგონ I-მა შექმნა მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული ჯარი და ეს ჯარი სამხრეთისაკენ დაძრა. შუმერებმა აქადის შემოტევებს ვერ გაუძლეს. სარგონ აქადელმა შუა და სამხრეთ მესოპოტამია გააერთიანა. შუმერული მოსახლეობა აქადურს შეერია, შუმერულ ენაზე უკვე აღარ ლაპარაკობდნენ, თუმცა აქადელებმა შეითვისეს შუმერთა რელიგია, დამწერლობა, სამეცნირო ცოდნა, მეურნეობის ორგანიზაციის მეთოდები.
   სარგონ I-ის გარდაცვალების შემდეგ აქადის სამეფოში დაიწყო შუმერული ქალაქების აჯანყებები. მათთან ბრძოლაში აქადის სამეფო თანდათან დასუსტდა. ძვ.წ. XXI ს-ში აქადის სახელმწიფო გაანადგურეს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შემოსულმა მრავალრიცხოვანმა ტომებმა _ ელამებმა და ამორეველებმა და თვითონაც შუამდინარეთში დასახლდნენ. აქადის სახელმწიფოს შემდეგ შუამდინარეთში კიდევ არაერთი სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
   შუმერებმა და აქედელებმა, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ შეისწავლეს მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობის თავისებურებები და შეადგინეს კალენდარიც. ისინი იყვნენ პირველები, რომლებმაც დღე და ღამე თორმეტ-თორმეტ ნაწილად დაყვეს, შემოიღეს შვიდღიანი კვირა. შუმერებს ათვლის  სამოცეული სისტემა ჰქონდათ. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ დღეს ერთ საათს 60 წუთად, ხოლო 1 წუთს 60 წამად ვყოფთ.
   შუმერებმა შექმნეს დამწერლობა, რომელსაც “ლურსმულს” უწოდებდნენ, რადგან ამ დამწერლობის თითოეული ნიშანი, ანუ სიმბოლო, ლურსმნის მოყვანილობის ხაზებისაგან შედგებოდა. ერთი ან რამდენიმე სიმბოლო გადმოსცემდა სიტყვის მარცვალს, მთელ სიტყვას ან ცნებას. ლურსმულ ნიშნებს სიტყვის მნიშვნელბაც გააჩნდათ. შუმერები საწერ მასალად თიხას იყენებდნენ. თიხისაგან პატარპატარა გუნდებს ზელდნენ და ფირფიტის ფორმას აძლევდნენ. ინფორმაციის ჩასაწერად ჯერ კიდევ სველ ფირფიტაზე სამკუთხედად წამახულ ლერწმის წვრილი ღეროთი ნიშნები გამოჰყავდათ, რის შემდეგაც ფირფიტებს მზეზე აშრობდნენ და ინახავდნენ. შუმერებს ჰქონდათ სკოლები. ლურსმული დამწერლობა XIX საუკუნეში გერმანელმა მეცნიერმა გროტეფენდმა გაშიფრა. ლურსმული დამწერლობა შუმერებისაგან სხვა ხალხებმაც გადაიღეს და ის ფართოდ გავრცელდა ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებში (მაგ:  ასურეთში, ურარტუში და სხვა).
    “თიხის წიგნები” მოგვითხრობს, რომ შუმერებმა პირველმა შექმნეს მათემატიკისა და გეომეტრიის საფუძვლები. მათ, პირველებმა მსოფლიოში, გამოიგონეს ციფრების აღმნიშვნელი ნიშნები, წილადები, იცოდნენ კვადრატული ფესვის ამოღება და ორუცნობიანი განტოლების ამოხსნა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -