Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 2 February 2018


ნეოლითი

    დაახლ. ძვ.წ. VIII-VII ათასწლეულებში მეზოლითის ეპოქა ნეოლითმა _ ახალი ქვის ხანამ შეცვალა. ნეოლითი კაცობრიობის ისტორიაში ძირეული გარდატეხის ეპოქაა. ადამიანი შემგროვებელი და მიმთვისებელი არსებიდან მწარმოებელ არსებად გადაიქცა. პირველყოფილი ეკონომიკის ამ უდიდეს მიღწევას უწოდებენ “ნეოლთურ რევოლუციას”. ნეოლითში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის:
1. გაუმჯობესდა შრომის იარაღების დამზადების ტექნიკა – ნეოლითში ქვის დამუშავების ძველ წესებს დაემატა დამუშავების ახალი ტექნიკა: ქვის გაპრიალება, გახეხვა, გახვრეტა.
2. ნეოლითურ ხანაში ჩაეყარა საფუძველი მიწათმოქმედებას – ფიქრობენ, რომ რეგიონი, სადაც ნეოლითური ცივილიზაცია წარმოიშვა, თავდაპირველად, საფიქრებელია, მახლობელი აღმოსავლეთი იყო. ითვლება, რომ მარცვლეულის თესვა ქალებმა თავდაპირველად თანამედროვე ჩრდილოეთ ერაყის თუ ქურთისტანის მთიანეთსა და სამხრეთ კავკასიაში დაიწყეს: ამ არეალში ბუნებრივად ხარობდა ხორბლისა და ფეტვის ველური წინაპარი. მართლაც, საქართველო ხორბლეულის ერთ-ერთი სამშობლოა.  დღეისათვის მსოფლიოში ხორბლეულის ცნობილი 19 ჯიშიდან 12 საქართველოშია დამოწმებული. აქედან 5 ჯიშის სამშობლოდ საქართველო  ითვლება.

    დროებით საცხოვრებელში დატოვებული ქალები, ვიდრე მამაკაცები ახლომახლო მთებში ნადირობდნენ, სხვადასხვა მცენარეების თესლებს, ან მარცვლეულს აგროვებდნენ, ბოლოს კი მისი თესვაც დაიწყეს. 
3. ნეოლითურ ხანაში ასევე საფუძველი ჩაეყარა მეცხოველეობასაც - ცხოველებიდან ადამიანმა, ეტყობა პირველად ცხვარი და თხა მოაშინაურა (თუ არ ჩავთვლით ძაღლს, რომელიც შესაძლოა, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანის მონადირეებმა მოაშინაურეს). ეს პროცესი სადღაც ძვ. წ. 8000 ან კიდევ უფრო მეტი  წლის წინ დაიწყო. რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, მისი მოშინაურება სადღაც ძვ.წ. VI ათასწლეულის ფარგლებში  ივარაუდება. 
4. ნეოლითში წინა აზიიდან, რომლის გეოგრაფიულ საზღვრებში იმ ხანად სამხრეთ კავკასია და, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაც მოიაზრებოდა, გავრცელდა პირველი ცივილიზაცია. - მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის წარმოქმნა-განვითარებას კაცობრიობის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მომთაბარე შემგროვებელი და ველური მონადირე თანდათან მიწათმოქმედმა და მესაქონლემ  შეცვალა. სოფლის მეურნეობის ამ უმთავრესი დარგების ათვისებამ ადამიანებს პირველად შესაძლებლობა მისცა, შედარებით მყარად მოეკიდა ფეხი ამა თუ იმ საცხოვრისზე; ამ ფაქტმა კი მათ გარჯას ნაყოფიერების ზრდასთან ერთად, საშუალება მისცა, მატერიალური დოვლათი მარაგის სახით დაეგროვებინათ და მეტი დრო დაეთმოთ ისეთი განყენებული  საქმიანობისათვის, როგორიც ხელოვნება და რელიგიაა. საკვებით მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფამ ერთგვარი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური სტაბილურობის განცდა მოიტანა, როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ნეოლითურმა რევოლუციამ ჰომო საპიენს საპიენსის არსებობის საფუძველი შეცვალა და  შეიძლება ითქვას, თანამედროვე საკაცობრიო ცივილიზაციის  ერთგვარ წინაპრადაც კი იქცა.
5. სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მისი ნაყოფიერების ზრდასთან ერთად შემცირდა ნადირობის ეკონომიკური დატვირთვა, მაგრამ მას სიმბოლური ხასიათი არასოდეს დაუკარგავს _ მონადირის გარდაქმნა მეომრად, შემდეგ კი უკვე მმართველად _ ბუნებრივად მოხდა.
6. ყველაზე ადრეული ხანის მიწათმოქმედთა “გამონაგონი” უაღრესად მარტივი ხასიათისა გახლდათ: პირველი ასეთი იარაღი პრიმიტიული ნამგალი თუ სამკალი დანა იყო _ როგორც წესი, ხის ან ძვლის ტარზე წამოცმული კაჟის თლილი ნატეხი ან ნადირის წამახული ეშვი _ და მას ჯერ ან ველური ბალახი სათიბად, საბოლოოდ კი უკვე კულტურული მარცვლეულის სამკალად ხმარობდნენ. თანდათანობით, ასეთ უმარტივეს ნამგალს და სახნისს, მიწათმოქმედებისა თუ მესაქონლეობისათვის საჭირო, ახალ-ახალი ხელსაწყო-იარაღები დაემატა. ასევე გამრავალფეროვნდა  მარცვლეულის ჯიშები.
7. ზოგადად სოფლების წარმოშობამ და მუდმივი საცხოვრისის გაჩენამ შრომის ასაკისა და სქესის მიხედვით დანაწილებასთან ერთად პროფესიული დაოსტატების მიხედვით დანაწილებაც გახადა შესაძლებელი. რაც თავის მხრივ, მეტ დახელოვნებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს უწყობდა ხელს. ცნობილია, რომ საქმიანობის ერთი სფეროს განვითარება სხვა სფეროების განვითარებასაც განაპირობებს. ასე მაგალითად, როდესაც მომთაბარული ცხოვრების მიმდევარი ხალხი ამა თუ იმ ადგილას მუდმივად დასახლდებოდა, მომთაბარეობის ხანის დროებით საცხოვრისს _ ტყავებითა თუ ტოტებით შეკრულ კარავს _ უფრო მუდმივი და მოხერხებული სამყოფლით ცვლიდა: თავიდან მიწური სახლებით, შემდეგ _ ფიცრულით, საბოლოოდ კი _ როგორც ეს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში მოხდა _ ალიზის, აგურის ან ქვის ნაგებობებითაც.
8. საშენ მასალად ალიზის თუ აგურის აუცილებლობამ თიხაზე მოთხოვნილებაც გააჩინა, თიხის წარმოებამ კი მისგან ჭურჭლის დამზადებას დაუდო სათავე. ასე ჩაეყარა საფუძველი მეთუნეობას, ანუ კერამიკულ წარმოებას. ნეოლითური ხანის ადამიანი თიხის ნაწარმს არა მარტო საოჯახო, არამედ საკულტო დანიშნულებისთვის და იმავდროულად  სამკაულადაც იყენებდა. 
9. მეთუნეობის პარალელურად, ან, უფრო ადრეც კი ადამინმა კალათების დაწვნა დაიწყო. ამას კი მალევე ძაფის დართვა და ქსოვილების ხელით ქსოვა მოჰყვა. პირველი ქსოვილი, რომლის წარმოებაც ადამიანმა დაახლ. ძვ.წ. VI-V ათასწლეულების მიჯნაზე დაიწყო, ტილო იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკვე სელიც მოჰყავდათ. ზუსტი ცნობები იმის თაობაზე, რომ ნეოლითის ხანაში შალის ქსოვილსაც აწარმოებდნენ, არ არსებობს, თუმცა თავისთავად ცხვრისა და თხის მოშინაურება ადრეულ ეტაპზე და თანაც, ტილოს ქსოვილის წარმოებასთან შედარებით, შალის ქსოვილის დამზადების სიიოლე, გვაფიქრებინებს, რომ შალის ქსოვილის წარმოება ტილოზე ადრე უნდა გაჩენილიყო და რომ ნეოლითის ადამიანისათვის შესამოსად ცხოველის ბეწვისა და ტყავის ადგილი შალის ქსოვილს უნდა დაეკავებინა.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -