Posted by : ლელა კაკაშვილი Friday, 2 February 2018



პირველი ქალაქები

     როგორც უკვე ავღნიშნეთ, ენეოლითის ხანაში სოფლის მეურნეობა საკვების მოპოვების უფრო საიმედო წყარო გახდა, ვიდრე ნადირობა და შემგროვებლობა იყო. სოფლის მეურნეობის, კერძოდ მიწათმოქმედებისათვის საჭირო გახდა ერთ ადგილას დასახლება, ამიტომ ადამიანების მომთაბარე ტომებმა ერთ ადგილას დასახლება დაიწყეს. მათ ნაცვლად იმისა, რომ ველურ ბუნებაში საკვები შეეგროვებინათ, დათესეს მარცვლეული კულტურები, ხოლო მომთაბარეობის ნაცვლად ფერმები და სახლები ააშენეს. ასე გაჩნდა პირველი სოფლები და ქალაქები.
    ადამიანებს გაუჩნდათ ჭარბი პროდუქტიც, რომელსაც შავი დღისათვის ინახავდნენ. ერთ ადგილზე მცხოვრები ადამიანები ხშირად ხდებოდნენ იმ მომთაბარეთა მსხვერპლნი, რომლებიც საქონელსა და პროდუქტს იპარავდნენ. ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა თანდათან თავის დაცვა დაიწყეს. გარდა ამისა ჭარბ პროდუქტსა და საქონელს ისინი მეზობელ ტომებს უცვლიდნენ, ამით კი საფუძველი ჩაეყარა გლობალურ ვაჭრობას.
    ადრე მიაჩნდათ, რომ პირველი ქალაქები მხოლოდ ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა წლებში ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობასთან ერთად გაჩნდა. თუმცა ბოლოდროინდელმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ისეთი სათემო საცხოვრისების არსებობაც დაადასტურა, რომლებიც სტრუქტურული თვალსაზრისით სოფლებისაგან ძირფესვიანად განსხვავდება. ისინი, სამართლიანად შეიძლება, პირველ ქალაქებადაც ჩაითვალოს. ასეთია, 
1. პალესტინაში _ იერიქონში გათხრილი, სავარაუდოდ მსოფლიოში უძველესი ქალაქი-დასახლება, რომელიც ფუნქციონირებას ძვ.წ. 8000 წლის ახლო ხანებიდან იწყებს. იგი მდებარეობს მკვდარ ზღვასთან, მას დაახლოვებით 2,5 ჰექტარს მოიცავს. საინტერესოა, რომ ძვ.წ. 7000 წლისათვის მისთვის მასიური ქვის კედელიც შემოურტყამთ, რომლის სისქე თითქმის 3 მეტრს აღწევდა, სიმაღლე კი დღეისათვის 4 მეტრამდეა შემორჩენილი. გალავანს ჰქონდა 2 კოშკიც. მოსახლეობა მრგვალ სახლებში ცხოვრობდა, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდა, დასახლებაზე იყო სალოცავი, რომლის შუაგულში საკურთხევლის მსგავსი პლატფორმა იდგა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მოჰყავდა ქერი, ხორბალი, ოსპი, ხურმა. მეცნიერების თვალსაზრისით სწორედ საკუთარი მოსავლის დასაცავად ააგეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქვის გალავანი . მათ საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი ეჭირა ნადირობასაც

2. მცირე აზიაში, თურქეთის ტერიტორიაზე _ ჩათალ-ჰუიუკში _ გაითხარა ძვ.წ. VII ათასწლეულის შუა ხანებით, ანუ ნეოლითური ხანით დათარიღებული დასახლება, რომელშიც ერთნაირი აგებულების, მიჯრით, ალიზითა და ასევე ერთნაირი ზომის გამომწვარი აგურით ნაშენი სახლების კვალია დარჩენილი, რაც თავისთავად, კარგად ორგანიზებულ შრომის დანაწილებაზე მიუთითებს. აქ ნაპოვნი იარაღების უმეტესობა ობსიდიანისგანაა ნაკეთები, რომელსაც თითქმის 100 კმ-ით დაშორებული ვულკანური წარმოშობის საბადოებიდან ეზიდებოდნენ. კოსმეტიკის გამოყენების პირველ დასტურად მიიჩნევენ ობსიდინის სარკეს, მოსართავად იყენებდნენ ოხრის საღებავს-ხშირად ქალების სამარხებში ჩატანებული ოხრით გავსეებული ნიჟარები, მძივებს ამზადებდნენ ცისფერი ან მწვანე აპატისტისაგან. ამ იდეოლოგიურ წარმოდგენებს კიდვ უფრო ამტკიცებს ქვის პატარა ქანდაკებებიც, სადაც სიმრავლის თვალსაზრისით პირველ ადგილზე კვლავ ქალის ქანდაკებებია. ქვის ერთ-ერთ რელიეფზე ქალი გამოსახულია ლეოპარდთან ერთად. ნაპოვნია მამაკაცის მარმარილოს ქანდაკებაც ლეოპარდის ქუდით და მკლავზე სამაჯურით. ერთ-ერთი საკულტო ნაგებობის კედელზე შემორჩენილია მოხატულობა, რომელიც ასახავს დასახლებას, რომლის შორიახლოს ვულკანი ამოიფრქვა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ის მთაა, სადაც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ობსიდიანი წარმოიშვა.

3. ადრენეოლითური სამიწათმოქმედო სოფლის თვალსაჩინო ნიმუშია ჩინეთში აღმოჩენილი დასახლება ბან პო. ძვ.წ. 6000 წლის დაარსებულ სოფელში მოჰყავდათ ფეტვი. ბან პოელები ჩეხავდნენ ტყეებს, შემდეგ წვავდნენ და ფეტვს თესავდნენ. ამა გარდა მოშინაურებული ჰყავდათ ღორი და ძარლი. ბან პოში შენობების სამი ტიპი დადასტურდა:
1. კვადრატული
2. მრგვალი 
3. წაგრძელებული.
შენობის წინ ამოთხრილი ორმოები მარცვლეულის შესანახად გამოიყენებოდა. დასახლებას გარშემორტყმული ჰქონდა წყლით სავეს თხრილი. ყველაზე დიდი კვადრატული ნაგებობა დასახლების ცენტრში იდგა.. ბან პოში იპოვეს 76 თიხის დასაკრძალი ურნა, სადაც ბავშვები იყვნენ დაკრძალულნი.რაც შეეხება ზრდასრულებს, მათი სასაფლაო სოფლისაგან მოშორებულ ჩრდილოეთ მხარეს არმოჩნდა, სადაც 250 საფლავი იყო. არქეოლოგები ვერ ხსნიან რატომ კრძალავდნენ ბავშვებსა და ზრდასრულებს ცალ-ცალკე.
    ნეოლითს ზოგიერთი მეცნიერი მატრიარქალური გვარის გაფურჩქვნის პერიოდად, შეიძლება ითქვას, მატრიარქატის ოქროს ხანად თვლის. ამავე დროს, ნეოლითის პერიოდის დასრულებასთან ერთად მატრიარქატის ხანაც მთავრდება. მართლაც, ლითონის ტექნოლოგიის ათვისებით პირველყოფილი საზოგადოების ისტორიაში ახალი, პატრიარქალური გვარის პერიოდი იწყება.

    ნეოლითური ხანის ძეგლები ძირითადად დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი, კერძოდ ასეთი ძეგლები გვხვდება : ხუცუბანში, ანასეულში, კისტრიკში, ქობულეთში, თეთრამიწაში, აპიანჩაში, მახვილაურში. აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანი ინტენსიურად სახლდება ნეოლითის ბოლო ეტაპზე, როდესაც იწყება ადრესამიწათმოქმედო კულტურის _ შულავერ-შომუთეფეს კულტურის განვითარება. დასახლება შულავერი შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა. მრგვალი ფორმის სახლები გამოუწვავი თიხის აგურისაგან  - ალიზისაგან იყო ნაგები და გუმბათოვანი გადახურვა ჰქონდა. სახლების გვერდით იყო 2-3 მეტრის დიამეტრის დამხმარე ნაგებობები, სამეურნეო ორმოები წყლისა და პროდუქტის შესანახად. ყველა სახლში თიხის ოვალური კერიები ჰქონდათ. ნაპოვნია ქალის პატარა ქანდაკება, რომელსაც მკერდზე სიცოცხლის ხის გამოსახულება აქვს. საერთოდ შულავერის კულტურისათვის დამახასიათებელია ქალის პატარა ქანდაკებები, რომელსაც მკვლევარები სიცოცხლისა და ნაყოფიერების ღმერთის კულტს უკავშირებენ.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -