Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday 23 February 2018
ძველი ეგვიპტე
ძველი ადამიანის ნაკვალევი მდინარე ნილოსის ნაპირებზე ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქაში გაჩნდა. ნილოსი სათავეს ცენტრალურ აფრიკაში, ეკვატორთან იღებს და ჩრდილოეთისაკენ, ხმელთაშუა ზღვისაკენ მიედინება. ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან, დაბლობში მდინარე იტოტება და დელტას ქმნის. მდინარის სანაპირო ვაკეების ირგვლივ უდაბნო აკრავს. რადგან ამ რეგიონში წვიმა თითქმის არ მოდის, ნილოსი აქ ტენის ერთადერთი წყაროა. ზაფხულობით ნილოსში წყლის დონის მომატებისა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის შემდეგ მიწის ზედაპირზე ნაყოფიერი შლამი რჩებოდა, რომელსაც ადამიანები იყენებდნენ მიწათმოქმედებისათვის.
ნილოსის ნაპირებზე გაჩნდა პატარა დამოუკიდებელი დასახლებანი. ნილოსის მიმდებად მიწის დამუშავება ადვილი იყო, თუმცა ნილოსი საფრთხესაც უქმნიდა ნათესებს _ ადიდებულ წყალს მათი განადგურება შეეძლო. თანდათან ეგვიპტელებმა მოვარდნილი წყლის სარწყავი არხებით რეგულირება ისწავლეს: მათ მდინარის კალაპოტის გასწვრივ ძირითადი არხი გაჰყავდათ, მისგან პატარ-პატარა არხებით კი წყალი ყანებამდე მიდიოდა. ძირითადი არხით ავსებდნენ წყალსაცავასაც, რომელსაც გვალვის დროს ნათესების მოსარწყავად იყენებდნენ. მიწათმოქმედებას ასეთ სახეს კი, რომელიც ძირითადად ნიადაგის ხელოვნურ მორწყვაზეა დამყარებული, საირიგაციო, ანუ სარწყავი მიწათმოქმედება ეწოდება. მის შექმნას კაცობრიობა ძველ ეგვიპტელებს უნდა უმადლოდეს. სწორედ ამიტომ უწოდა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ეგვიპტეს “ნილოსის ნობათი”.
დროთა განმავლობაში თითოეული სარწყავი სისტემის ირგვლივ ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელსაც საკუთარი ტერიტორია ჰქონდა და დამოუკიდებელ სამეურნეო ერთეულს წარმოადგენდა. ასეთ ერთეულს ნომი ეწოდება. ნომის სათავეში მმართველი _ ანუ ნომარქი იდგა. ნომები ცდილობდნენ საკუთარი საზღვრების გაფართოებას: ხშირად ერთი ნომი მეორეს იპყრობდა და მის მიწას იერთებდა. თანდათან ნომები გაერთიანდა. ნომების გაერთიანების შედეგად ძვ.წ. IV ათასწლეულში ჩამოყალიბდა ეგვიპტეში ორი სამეფო: ქვემო და ზემო ეგვიპტე. ქვემო ეგვიპტის სამეფო მდებარეობდა ჩრდილოეთით, ნილოსის დელტაში (მდინარის დატოტვილი შესართავი), ხოლო სამხრეთში, ნილოსის სათავეებისაკენ წარმოიქმნა ზემო ეგვიპტის სამეფო.
დაახლოვებით ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულსა ზემო სამეფოს მეფემ, მენესმა დაიპყრო ქვემო სამეფო. ასე გაერთიანდნენ ეგვიპტეში ზემო და ქვემო სამეფოები და შეიქმნა სახელმწიფო. ამერიდან ეგვიპტეს ფარაონები (ანუ “დიდი სახლი”) მართავდნენ. გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქი იყო მემფისი _ ქალაქი ნილოსის დელტის სამხრეთ ნაწილში. ეს იყო პირველი ცენტრალიზებული სამეფო დედამიწაზე, რომელმაც 3000 წელი იარსება. ეგვიპტის სამეფოს ისტორია იყოფა სამ ქრონოლოგიურ პერიოდად: ძველი სამეფო, შუა სამეფო და ახალი სამეფო.
ძველი სამეფოს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში განსაკუთრებულად გამორჩეულია. მას უწოდებენ “აყვავების ხანას” ან “პირამიდების საუკუნეს”.
ძვ.წ. XXI საუკუნეში ფარაონმა მენტუხეტეპმა მოახერხა ეგვიპტის კვლავ გაერთიანება. ისტორიის ამ პერიოდს ეწოდება “შუა სამეფოს” ხანა. ამ დროს ქვეყნის დედაქალაქი გახდა თებე, რომელიც სამხრეთ ეგვიპტეში მდებარეობდა. თებეს მახლობლად აშენდა ლუქსორისა და კარნაკის ტაძრები. შუა სამეფომ სამ საუკუნემდე იარსება, რასაც მოჰკვა დაცემის პერიოდი. ამ დროისათვის ეგვიპტე განიცდიდა მძიმე პოლიტკურ და ეკნომიკურ კრიზისს, ყოველივე ამას დაემატა ძვ.წ. XVII-XVI სს-ში ჰიქსოსების შემოსევები.
ჰიქსოსები იყვნენ აზიიდან მოსული სემიტური ტომები, რომელთაც ეგვიპტელთა დამარცხება მოახერხეს ახალი “სამხედრო ტექნიკით” _ სამხედრო ცხენის, ეტლისა და მშვილდისრის მეშვეობით. ეს სამხედრო ტქნიკა მანადე ეგვიპტელებისათვის უცნობი იყო. თუმცა, მათ მაინც ვერ სეძლეს მთელი ეგვიპტის დამორჩილება _ თებესა და მეზობელ ოლქებს კვლავ ეგვიპტელი მეფეები მართავდნენ
ეგვიპტელებმა ჰიქსოსები დაამარცხეს ძვ.წ. XVI საუკუნეში ქ. თებეს მმართველების მეთაურობით და კვლავ აღიდგინეს ქვეყნის ერთიანობა. ეგვიპტის ისტორიის ამ პერიოდს “ახალი სამეფოს” პერიოდი ეწოდება. ახალი სამეფოს ხანაში, თუთმოს III-ის ფარაონობის პერიოდში, ეგვიპტის სამეფომ თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია. თუთმოს III-ემ მოახერხა შეექმნა ძლიერი არმია და ფლოტი. იგი ყოველ წელს აწყობდა დიდ ლაშქრობებს აზიაში.
ძველ ეგვიპტეში მრავალღმერთიანობა იყო გავრცელებული. ეგვიპტელებს სწამდათ რომ ღვთაება რა ლოტოსისაგან წარმოიშვა, ხოლო რას ბაგეთაგან გაჩნდნენ ღმერთები, თვალებისაგან კი _ ადამიანები. ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო მათ ადამიანთა დროებით სამყოფლად, საიქიო კი მუდმივ სცხოვრისად წარმოედგინათ. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ თუ მიცვალების სხეულს კარგად შეინახავდნენ, მისი სული იცოცხლებდა. ამიტომ დამკვიდრდა გვამების მუმიფიცირების ტრადიცია, რასაც აღწევდნენ გვამების სათანადო წესით დამუშავებით. საიქიოს ეგვიპტელები “დასავლეთის ქვეყანას” უწოდებდნენ, მას ღვთაება ოსირისი მართავდა. ოსირისის მეუღლე იყო ისიდა _ ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.
ძვ.წ. XIV ს-ში ფარაონმა ამონჰოტეპ IV-ემ განახორციელა რელიგიური რეფორმა, რომლის თანახმად ეგვიპტელებს ერთი ღმერთის, ატონისათვის, იგივე რა _ მზის ღმერთისათვის უნდა ეცათ თაყვანი. ახალი ღმერთის პატივსაცემად ფარაონმა სახელი შეიცვალა და ეხნატონი დაირქვა. ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ქურუმებმა კვლავ ძლიერი ღმერთების კულტი აღადგინეს. ამგვარად, ეხნატონის რეფორმა მონოთეიზმის (ერთღმერთიანობის) შემოღების პირველი და წარუმატებელი მცდელობა იყო.
ფარაონ ამონჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ტახტი დაიკავა ტუტანჰამონმა. ეგვიპტეში კვლავ აღზევდა ამონის კულტი. რაც შეეხება ტუტანჰამონს, მას დიდხანს არ მოუწია ფარაონის ტახტზე ჯდომა, ის სრულიად ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეტლიდან გადმოვარდა და ამ ტრამვით გარდაიცვალა. XX ს 20-იანი წლების დასაწყისში (1922 წ) ინგლისელმა არქეოლოგებმა (კარტერის ხელმძღვანელობით) გათხარეს ტუტანჰამონის მდიდრულად მორთული აკლდამა. სიცოცხლეზე უფრო, ტუტანჰამონს სიკვდილის შემდეგ გაუმართლა _ მისი აკლდამა ეგვიპტის ფარაონთა ერთადერთი აკლდამა აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენამდე ხელუხლებლად ე.ი. გაუძარცვავად მოაღწია. ამ აკლდამაში აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები მნახველზე წარუშლელ სთაბეჭდილებას ახდენს.
მნიშვნელოვანია ეგვიპტესა და ხეთებს შორის მიმდინარე ომები, რომლის კულიმინაციას წარმოადგენს ქადეშის ბრძოლა ძვ.წ. 1274 წელს. ეს ბრძოლა აწარმოოა ფარაონმა რამსეს II-ემ. მან ხეთებთან დადო საზავო ხელშეკრულება, რომელიც მიჩნეულია თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულების უძველეს ნიმუშად. მისი ასლი დღესაც ამშვენებს გაეროს შტაბბინას.
ახალი სამეფოს დაცემა იწყება რამზეს III-ისმემკვიდრეების დროს. მას რვა მემკვიდრე ჰყავდა და ყველას რამზესი ერქვა. ისინი ზედიზედ იკავებდნენ ტახტს და ამიტომ ახალი სამეფოს ისტორიაში ეს პერიოდი შევიდა, როგორც რამზესიდების ხანა.
ძვ.წ. VII საუკუნეში ეგვიპტე ასურელებმა დაიპყრეს, მაგრამ მათი ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ.წ. 525 წელს სპარსეთის მეფე დარიოსმა ეგვიპტე დაიპყრო და თავისი იმპერიის VI სატრაპიად გამოაცხადა. უკვე ძვ.წ. IV ს-ში ეგვიპტე ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. მაკედონელი ბატონობა შეცვალა რომმა და ბოლოს ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში ეგვიპტეში გაბატონდნენ არაბები. ეგვიპტელთა პირდაპირ მემკვიდრეებად დღევანდელ ეგვიპტეში მიჩნეულნი არიან კოპტები.
მთელ იმდროინდელ მსოფლიოში ეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით არის აშენებული. ამისი კარგი მაგალითია დიდი სფინქსი,. სფინქსი არის ფარაონისთავიანი და ლომისტანიანი ფიგურა, რომელიც ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და სიძლიერის სიმბოლოა.
ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი პირამიდებია. თავდაპირველად პირამიდის ფორმა საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნის, მისი სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა,რომელიც პირველი ვეზირისა და არქიტექტორის, იმჰოტეპის გეგმით აიგო. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდათაგან საყოველთაოდ ცნობილია _ ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერანის პირამიდები გიზაში. პირამიდების მსენებლობას დიდი ფინანსები, ძალისხმევა და დრო სჭირდებოდა, ამიტომ დროთა განმავლობაში ეს პროცესი შეწყდა. ეგვიპტელებს საკუთარი დამწერლობაც ჰქონდათ. ინფორმაციის გადმოსაცემად ისინი სპეციალურ ნისან-სიმბოლოებს იყენებდნენ. ბერძნებმა იგვიპტური დამწერლობის ამ ნიშან-სიმბოლოებს იეროგლიფები უწოდეს. თითოეული იეროგლიფი რომელიმე საგანს, მოქმედებას ან იდეას გამოხატავდა. რაც შეეხება საწერ მასალას, ამისათვის ეგვიპტეში იყენებდნენ პაპირუსს. ეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვა შეძლო ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა შამპოლიონმა