Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 20 January 2022



ასწლიანი ომის მიზეზები

XIV საუკუნეში ორი უდიდესი ევროპული სახელმწიფო დაუპირისპირდა ერთმანეთს, ესენია: ინგლისის და საფრანგეთი. მათი დაპირისპირება ხანგრძლივ ომში გადაიზარდა, რომელიც მიმდინარეობდა 1337-1453 წლებში. ამ ომს პირობითად ასწლიანომს უწოდებენ, სინამდვილეში ის საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ასწლიანი ომის მიმდინარეობა იყო სამ პერიოდად. პირველი პერიოდი - 1337-1360 წლები; მეორე პერიოდი - 1369-1380 წლები; მესამე პერიოდი - 1415-1453 წლები.

ისევე, როგორც ყველა ისტორიულ მოვლენას, ასწლიან ომსაც ჰქონდა თავისი გამომწვევი მიზეზები, რამაც განაპირობა ამ ორი უდიდესი ევროპული სახელმწიფოს დაპირისპირება. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ასწლიანი ომის სამი ძირითადი  მიზეზი:

1.ინგლისის მეფეების (ინგლისის მეფეები პლანტაგენეტთა დინასტიიდან იყვნენ) მიერ საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული მათი კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების სურვილი - ინგლისის პლანტაგენეტი მეფეები წარმოშობით ფრანგები იყვნენ. ისინი საფრანგეთში მემკვიდრეობით ფლობდნენ საკმაოდ დიდ ტერიტორიებს. კონფლიქტის ობიექტს წარმოადგენდა აკვიტანიის საჰერცოგოს, იგივე გიენის და მისი საპორტო ქალაქის - ბორდოს - საკითხი  - აკვიტანია, იგივე გიენა მდებარეობდა საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ინგლისთან, ვინაიდან ჯერ კიდევ ალიონორა აკვიტანიელის ხანიდან მოყოლებული იგი ინგლისის მეფის სამფლობელოს წარმოადგენდა. გიენიდან ინგლისში გადიოდა: ღვინო, მარილი, ფოლადი, საღებავი და სხვა. დროთა განმავლობაში კი საფრანგეთის მეფეებმა საკუთარი ძალაუფლების გაძ₾იერებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს  ინგლისის მეფეებს ჩამოართვეს  საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული მათი კუთვნილი ტერიტორიები. ამდენად ასწლიანი ომის დაწყებამდე ინგლისის მეფეები მიზნად ისახავდნენ კვლავ დაებრუნებინათ მათი კუთვნილი მიწები საფრანგეთში.

2.ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება ფლანდრიის ტერიტორიების გამო - ფლანდრის დღევანდელი ბელგიის ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენდა. ფლანდრია წარმოადგენდა სამრეწველო ქვეყანას, სადაც განსაკუთრებით საფეიქრო მრეწველობა იყო განვითარებული, განსაკუთრებით კი შალის მრეწველობა, მატყლს კი ფლანდრიელები ინგლისიდან იღებდნენ. როგორც ვიცით  ინგლისი ცნობილი იყო მაღალხარისხოვანი მატყლის წარმოებით, ინგლისური მატყლის ძირითადი შემსყიდველები კი  ფლამანდრიელი მრეწველები იყვნენ. ამდენად ინგლისი სერიოზულ ეკონომიკურ გავლენას ახდენდა ფლანდრიაზე. არადა საფრანგეთსაც სურდა ფლანდრიის თავის გავლენის ქვეშ მოქცევა, რასაც ცხადია ინგლისი ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ფლანდრიაში საფრანგეთის გაბატონება ინგლისს მატყლის გასაღების ძირითად ბაზარს მოუსპობდა. ამრიგად ინგლისისა და საფრანგეთის ინტერესთა კონფლიქტი ფლანდრიაში წარმოადგენდა ასწლიანი ომის ერთერთ ძირითად მიზეზსს და ამ ორი სახელმწიფოს აგრესიის ობიექტს.

3.ინგლისის ტახტის მემკვიდრეების პრეტენზია საფრანგეთის ტახტის დაკავებისათვის - საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზის (რომელიც წარმოადგენდა კაპეტინგების დინასტიას) გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტზე ავიდა  ფილიპე IV-ის სამი ვაჟიდან ერთერთი ვაჟი შარლ IV. უნდა აღინისნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე IV-ეს ჰყავდა სამი ვაჟი, მაგრამ არც ერთს არ დაუტოვია ტახტის მემკვიდრე, ვინაიდან მათ შვილები არ ჰყოლიათ. ამდენად XIV საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთის სამეფო დინასტია-კაპეტინგების დინასტია ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან მათ უკვე აღარ ჰყავდათ ტახტის მემკვიდრე. ფილიპე IV ლამაზს ასევე ჰყავდა ასული იზაბელა, რომელიც გათხოვილი იყო ინგლისის მეფეზე - ედუარდ II-ზე, რომელიც იყო პლანტაგენეტთა დინასტიიდან. მათ შეეძინათ შვილი, ინგლისის ტახტის მემკვიდრე ედუარდ III.

        როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვინაიდან კაპეტინგების პირდაპირიმემკვიდრე უკვე აღარ არსებობდა საფრანგეთში, ამიტომ ინგლისელებს, კერძოდ ინგლისის ტახტის მემკვიდრეს - იზაბელასა და ედუარდ II-ის ვაჟს ედუარდ III-ეს გაუჩნდა სერიოზული პრეტენზია თავისი ბაბუის ფილიპე IV ლამაზის ტატის დაკავებისათვის, ე.ი. საფრანგეთის ტახტის დაკავებისათვის. თუმცა ფრანგი იურისტები აღნისნავდნენ, რომ სალიკური სამართლის მიხედვით, იგივე ფრნგული სამართლის მიხედვით - მეფის ასული არ ითვლებოდა სამეფო ტახტის მემკვიდრედ და ამდენად ფილიპე IV ლამაზის ასულის, იზაბელას შვილს - ედუარდ III-ეს არანაირი პრეტენზია არ შეიძლებოდა ჰქონოდა საფრანგეთის ტახტზე.

1328 წელს საფრანგეთის ტახტი დაიკავა ფილიპე IV ლამაზის ძმის შვილმა, შესაბამისად კაპეტინგების ნათესავმა - ფილიპე VI ვალუამ. სწორედ ამ დროიდან იწყება საფრანგეთში ვალუების დინასტიის მმართველობა.

ცხადია, ფილიპე VI-ის მიერ საფრანგეთის ტახტის დაკავებით უკმაყოფილო დარჩა ინგლისი. მას უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პრეტენზიები საფრანგეთის წინააღმდეგ. 1337 წელს უკვე ინგლისმა დაიწყო მზადება ომისათვის საფრანგეთის წინააღმდეგ.


ასწლიანი ომის დაწყება და მიმდინარეობა

თავდაპირველად ინგლისის მეფე ედუარდ III-ემ (1329 წელს)  საფრანგეთის მეფედ ცნო ფილიპე VI ვალუა, ვინაიდან ინგლისს ამ დროს ომი ჰქონდა შოტლანდიასთან. შოტლანდიის მეფე დავით II კი საფრანგეთის მოკავშირე იყო. ეს კიდევ უფრო ძაბავდა ვითარებას.

ასწლიანი ომის პირველი პერიოდი - 1337-1360 წლები -ი ნგლისის მიერ საფრანგეთთან ასწლიანი ომის დაწყება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საფრანგეთის მიერ ფლანდრიის ნაწილის შეერთებამ. ფლანდრიას მართავდა საფრანგეთის მეფის მიერ დანიშნული მმართველი. ამ მმართველმა დააპატიმრა ფლანდრიაში ჩამოსული ინგლისელი ვაჭრები, რასაც ინგლისის მხრიდან ფლანდრიასთან ვაჭრობის აკრძალვა მოჰყვა. ინგლისთან ვაწრობის გარეშე ფლანდრიის ქალაქებს გაკოტრება ემუქრებოდათ, ამიტომ მათ საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. აჯანყებულებს მხარი დაუჭირა ინგლისის მეფემ. ამის საპასუხოდ, საფრანგეთის ფლოტილიამ ინგლისის სანაპირო ზოლი მოარბია. ფრანგებს თავიანთი ფლოტი გენუელი დაქირავებულებით ჰყავდათ გაძლიერებული და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ინგლისის ფლოტი მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, მაგრამ 1340 წელს სლეისთან გამართულ ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა გაანადგურა საფრანგეთისა და გენუის ფლოტი და ამის შემდეგ, ომის დამთავრებამდე ინგლისს ზღვაზე უპირატესობა აღარც დაუთმია.

როგორც დავინახეთ, ინგლისელებმა გადმოლახეს ლა-მანშის სრუტე და დაიკავეს მთელი ფლანდრია და შეიჭრნენ საფრანგეთის საზღვრებში. ინგლისელები ადვილად დაეუფლნენ გზად არსებულ სიმაგრეებს და განაგრძეს სვლა ჩრდილოეთით, რათა დაეკავებინათ ციხესიმაგრე - კალე. საფრანგეთის მეფემ უზარმაზარი არმია შეკრიბა, მოოიშველია მოკავშირეები და ინგლისელთა წინააღმდეგ დაიძრა.

პირველი სახმელეთო ბრძოლა ფრანგებსა და ინგლისელებს შორის 1346 წელს კრესისთან გაიმართა, სადაც, მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, ფრანგთა არმიამ კატასტროფული მარცხი იწვნია. ბრძოლაში ინგლისელებმა დაატყვევეს საფრანგეთის მეფის მოკავშირე ბოჰემიის მეფე. კრესისთან ბრძოლაში ევროპის ისტორიაში პირველად იქნა გამოყენებული არტილერია. პირველი ქვემეხი იყო ხის და ხშირად ყუმბარები ამ ქვემეხშივე ფეთქდებოდა და თავად მექვემეხეები ზარალდებოდნენ.

 ამ წარმატებამ ხელ-ფეხი გაუხსნა ინგლისის მეფე ედუარდ III-ეს. მან დაიკავა კალე. კალეს დაკავებამ საშუალება მისცა ინგლისს, რომ ევროპაში დაებანდებინა ძალები, რითაც მუდმივი საფრთხის ქვეშ ამყოფებდა საფრანგეთს. 1347 წელს ინგლისის მეფე ედუარდ III-ემ საბოლოოდ დაამარცხა შოტლანდია და თავიდან აიცილა ორ ფრონტზე ბრძოლის საშიშროება.

ასწლიანი ომის ერთერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა მოხდა 1351 წელს. როგორც გვახსოვს, შუა საუკუნეების ევროპაში პირადი გმირობა და რაინდული პატიოსნება ძალიან მნისვნელოვანი იყო. რაინდისათვის ყველაზე დიდი სირცხვილი სიტყვის გატეხა და რაინდული კოდექსის დარღვევა იყო. ომის დროს ფრანგების მტკიცებით ინგლისელმა კაპიტანმა დაარღვია რაინდული კოდექსი, თუმცა ინგლისელი სულაც არ თვლიდა თავს დამნაშავედ. რადგან სიტყვიერად პრობლემა ვერ მოგვარდა, გადაწყდა, გამართულიყო ბრძოლა რაინდული წესების დაცვით და ასე გამოევლინათ სიმართლე. ინგლისელებმაც და ფრანგებმაც 30-30 მებრძოლი გამოიყვანეს - ისინი ერთმანეთს უნდა შერკინებოდნენ. შერკინების დროს იცავდნენ ყველა წესს, რაც თან ახლდა რაინდულ ასპარეზობას: დაჭრილებს მკურნალობდნენ, დანებებულს არ ხოცავდნენ, ატყვევებდნენ და ა.შ. საბოლოოდ, რაინდთა ასპარეზობაში ფრანგმა რაინდებმა გაიმარჯვეს. ფრანგული არმიის  დამარცხების ფონზე ამ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ საფრანგეთში. მას უწოდებდნენ „ოცდაათის ომს“. მართალია ამ „ოცდაათის ომს“ არავისთვის მოუტანია დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგი, მაგრამ ეს იყო სიმბოლური გამარჯვება ფრანგებისათვის და ამასთან ასწლიანი ომის ერთერთი ყველაზე რომანტიკული ეპიზოდი.

XIV საუკუნის 50-იან წლებში ევროპას შავი ჭირის ეპიდემიამ გადაუარა. ეპიდემიამ კიდევ უფრო გააჩანაგა ომით გათანგული საფრანგეთის და ინგლისის ეკონომიკა. ეპიდემიის პერიოდში დროებით შეწყდა დიდი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ 1356 წელს პუატიესთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს საფრანგეთის არმია და კიდევ უფრო გააფართოვეს ინგლისის ტერიტორიები კონტინენტზე. ამ ბრძოლაში საფრანგეთის არმიის უდიდესი ნაწილი იქნა განადგურებული. უფრო მეტიც, ინგლისელებმა დაატყვევეს საფრანგეთის მეფე ჟან კეთილი და მასთან ერთად სხვა ფრანგი წარჩინებულებიც. საინტერესოა საფრანგეთის მეფის საქციელი ტყვეობაში. თავდაპირველად მის სანაცვლოდ საპატიო ტყვეობაში მისი შვილი წავიდა. თვითონ კი სიტყვა მისცა ინგლისის მეფეს, რომ რაინდული წესის თანახმად, ინგლისის მეფის ტყვე იქნებოდა. მაგრამ მისი შვილი ინგლისელთა ტყვეობიდან გაიქცა, მეფემ კი რაინდული წესის თანახმად, მიატოვა საფრანგეთი და ინგლისისმეფესთან ჩავიდა, როგორც ტყვე. მან ტყვეობაში დალია სული.

 პუატიესთან ბრძოლაში ფრანგული არმიის მარცხი განპირობებული იყო ქვეითი და ცხენოსანი ჯარის საკმაოდ არაკოორდინირებული, იგივე არაშეთანხმებული მოქმედებით.

უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის ჯარის ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ ცხენოსანი რაინდები, რომლებიც არ იყვნენ მიჩვეულნი დისციპლინას. ისინი თავიანთ ნებაზე, საკუთარი თავის წარმოსაჩენად იბრძოდნენ და არ ემორჩილებოდნენ საერთო სამხედრო სტრატეგიას. რაც შეეხება ქვეით ჯარს - იგი შედგებოდა დაქირავებული, უცხოელი მეომრებისაგან. უცხოელ მეომრებს კი ნაკლები მოტივაცია ჰქონდათ რათა ებრძოლათ საფრანგეთის ეროვნული მიზნებისათვის.

საფრანგეთისაგან განსხვავებით ინგლისის ჯარი კი კარგად ორგანიზებული და მობილიზებული იყო, ქვეითი და ცხენოსანი ჯარიც საკმაოდ კოორდინირებულად მოქმედებდა ბრძოლების დროს. ინგლისის ქვეითი ჯარი დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი, ინგლისელი გლეხებისაგან, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ საკმაოდ კარგი მშვილდები, რომელთა ისრებიც 200 ნაბიჯის მანძილზე ატანდა მოწინააღმდეგის აბჯარში. ასე, რომ კრესისთან და პუატიესთან ბრძოლაში გამოჩნდა ინგლისური არმიის აშკარა უპირატესობა.

უნდა აღინისნოს, რომ პუატიესთან ბრძოლის შემდეგ დასრულდა ასწლიანი ომის პირველი ეტაპი, რასაც 1360 წელს ინგლის-საფრანგეთს შორის დროებითი დაზავება მოჰყვა ბრეტანში. ბრეტანის ზავის თანახმად საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგლისის საზღვრებში მოექცა.

როგორც ავღნიშნეთ, ინგლისელების გამარჯვებას შედეგად მოჰყვა საფრანგეთის ტერიტორიების ოკუპაცია, ანუ ინგლისური შეიარაღებული ძალების მიერ საფრანგეთის ტერიტორიების დაკავება. ინგლისელები ძარცვავდნენ და არბევდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ფრანგმა ფეოდალებმაც  გააძლიერეს ფრანგი გლეხების ჩაგვრა. ასე რომ ომისა თუ ჩაგვრისაგან და ძარცვისაგან შეჭირვებული  ფრანგი გლეხები 1358 წელს მთელი საფრანგეთის მასშტაბით აჯანყდნენ, ამ აჯანყებას ეწოდა „ჟაკერიის აჯანყება“. ეს სახელი ამ აჯანყებას იმიტომ ეწოდა, რომ საფრანგეთში გლეხების დამაცირებელი სახელი იყო „ჩერჩეტი ჟაკი“. ვინაიდან ამ აჯანყების ორგანიზატორები და შემსრულებლებიც „ჩერჩეტი ჟაკები“ , იგივე გლეხები იყვნენ, ამიტომ აჯანყებას ეწოდა ჟაკების აჯანყება. საფრანგეთის მეფემ დიდი ჯარი გამოყო ამ აჯანყების ჩასახშობად. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ინგლისიც კი დაეხმარა საფრანგეთის მეფეს ამ აჯანყების ჩახშობაში, ვინაიდან აჯანყებული გლეხები იბრძოდნენ, როგორც ფრანგი ფეოდალების წინააღმდეგ, ასევე ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგაც.

ასწლიანი ომის მეორე პერიოდი - 1369-1380 წლები -  უნდა აღინინოს, რომ ბრეტონის ზავით მიღებული ხანმოკლე შესვენებით ისარგებლა საფრანგეთის მეფემ შარლ VI-ემ და განახორციელა ფრანგული არმიის რეორგანიზება. მან გაატარა რამდენიმე რეფორმა, ყოველივემ კი გაზარდა ფრანგული არმიის ბრძოლისუნარიანობა. ომი განახლდა 1369 წელს. ფრანგულმა ჯარმა მოახერხა და შეავიწროვა ინგლისელები მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, მათ შეძლეს დაკარგული ტერიტორიის დიდი ნაწილის უკან დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ მათი განდევნა ვერ შეძლო საფრანგეთის ტერიტორიიდან.

 1396 წელს დაიდო ახალი დროებითი ზავი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, თუმცა ეს ზავი არ აკმაყოფილებდა არც ერთი მხარის ინტერესს და რეალურად ორივე მხარისათვის გახდა მოსამზადებელი პერიოდი გადამწყვეტი ბრძოლისათვის.


ასწლიანი ომის მესამე პერიოდი და ომის დასასრული

ასწლიანი ომის მესამე პერიოდი - 1415-1453 წლები - ინგლისისა და საფრანგეთის არმიები ერთმანეთს 1415 წელს დაუპირისპირდნენ აზენკურთან. სწორედ აზენკურის ბრძოლა წარმოადგენს ასწლიანი ომის ერთერთ უმთავრეს და საინტერესო ეპიზოდს ასწლიანი ომის მიმდინარეობის დროს. ინგლისელთა არმია, რომელსაც თავად ინგლისის მეფე ჰენრი V მეთაურობდა, საფრანგეთის არმიასთან შედარებით მცირერიცხოვანი იყო. გამთენიისას ინგლისისა და საფრანგეთის არმიები დაეწყვნენ საბრძოლველად. როდესაც ინგლისელებმა ფრანგთა დიდი უპირატესობა შეამჩნიეს, მათ ჯარი გადაადგილეს ყველაზე ვიწრო ადგილისაკენ, რომელიცშემოფარგლული იყო მთებით. ინგლისელმა მშვილდოსნებმა წინა რიგები დიკავეს. წინ შუბების კედელი აღმართეს, რომ ფრანგთა სწრაფი იერიშის შემთხვევაში ფრანგ ცხენოსან რაინდებს მათთან მიახლოვება გასჭირვებოდათ. მშვილდოსნები ისე განლაგდნენ, რომ მატ ნასროლ ისრებს ადვილად მიეღწიათ ფრანგთაა განლაგებამდე.

ფრანგები დარწმუნებულები იყვნენ ადვილ გამარჯვებაში, ამიტომ ბრძოლის შეტევაზე გადასვლას არ ჩქარობდნენ, ამან კი ინგლისელებს კარგად გამაგრების საშუალება მისცა. როდესაც ინგლისელმა მშვილდოსნება ისრები დაუშინეს დრანგული არმიის პირველ რიგს გრანგები მაშინვე მოეგნენ გონებაზე და იერიშზე გადავიდნენ. იმ დღეს ეტყობა ბუნებაც ინგლისელთა მხარეზე იყო-ძლიერ წვიმას მიწა აეტალახებინა, რის გამოც ფრანგი რაინდების ცხენები სწრაფად ვერ მოძრაობდნენ, ამიტომ სანამ ინგლისელებამდე მიაღწიეს, ბევრი მათგანი ინგლისელთა ისრებით დაიღუპნენ. პირველი იერიშის შემდეგ ფრანგი რაინდები უკუიქცნენ და უკან მომავალი საკუთარი ქვეითები გადაქელეს. მომდევნო იერიშის დროს ფრანგებმა გაარღვიეს ინგლისელთა რიგები და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთვნენ, მაგრამ ფრანგ რაინდებს, რომლებსაც აბჯარი რკინის ჰქონდათ, ფეხით გადაადგილება გაუჭირდათ. ინგლისელმა მსვილდოსნებმა მოკლე მახვილის გარდა დიდი ხის ჯოხებიც გამოიყენეს. ისინი ხის ჯოხებით ადვილად აქცევდნენ მზიმე აბჯარში ჩასმულ რაინდს, ის კი ფეხზე ვეღარ დგებოდა და ადვილი ნადავლი ხდებოდა. ამასობაში იერიშზე ინგლისელი რაინდებიც გადმოვიდნენ და ფრანგები უკუაქციეს.

ბრძოლის შედეგად ფრანგული არმიის საუკეთესო ნაწილი განადგურდა. ბევრი რაინდი ტყვედ ჩავარდა, ბევრიც დაიღუპა. ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ინგლისის მეფე ენრი V-ეს შეეშინდა, რომ ფრანგ რაინდებს მცირერიცხოვანი მცველები არ დაეხოცათ და არ გაქცეულიყვნენ, ამიტომ მან მათი დახოცვა ბრძანა, მაგრამ არც ერთმა ინგლისელმა რაონდმა არ ისურვა ამ ბრძანების შესრულება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა რაინდულ კოდექსს და ასევე დიდ გამოსასყიდსაც დაკარგავდნენ. ამ ბრძანების შესრულება რიგითმა სკვაიერმა მეომარმა იკისრა. მან მშვილდოსანთა რაზმი მიაყენა ფრანგებს და ისრებით დაახოცინა ისინი. ეს იმ ეპოქაში უზარმაზარი დანაშაული იყო. მეფე ჰენრი მიხვდა თავის შეცდომას და თავიც იმართლა: ეს ბრძანება გავაუქმე, მაგრამ ინფორმაციის მიტანამდე დახოცესო.

აზენკურთან ბრძოლაში ფრანგების მარცხმა აიძულა საფრანგეთის მეფე შარლ VI, რომელსაც ამ დროისათვის გონება სულ დაეკარგა, დაედო ზავი ტრუაში. ამ ზავით მისი გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მეფედ ჰენრი V (ინგლისის მეფე) ცხადდებოდა. შარლი კი, რომელიც კანონიერი მემკვიდრე იყო ტახტის გარეშე რჩებოდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინგლისის მეფეთა ტიტულატურაში ტრუას ხელშეკრულების შემდეგ გაჩნდა საფრანგეთის მეფის ტიტულიც და ასე გაგრძელდა XIX საუკუნემდე.

აზენკურთან ბრძოლის შემდეგ ინგლისელებმა საფრანგეთის დედაქალაქი - პარიზიც აიღეს და განაგრძეს სვლა სამხრეთისაკენ. საფრანგეთი რელური საფრთხის წინაშე დადგა. მისი ტერიტორია მთლიანად ინგლისელთა ოკუპაციის საფრთხის წინაშე დადგა. საფრანგეთში ძველი დროიდანვე არსებობდა ლელენდა, რომლის მიხედვითაც, ელზასის ტყეებიდან გამოჩნდებოდა ქალწული, რომელიცმხსნელად მოევლინებოდა ქვეყანას უკიდურესი გაჭირვების ჟამს. სწორედ ასეთი ძნელბედობის ჟამს საფრანგეთს მხსნელად მოევლინა ჟანა დარკი.

ჟანა დარკი დაიბადა კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში. მისი სოფელიც ოკუპირებული ჰქონდათ ინგლისელებს. ამდენად ჟანა ბავშობიდანვე ხედავდა  საფრანგეთის მიმე მდგომარეობას და ინგლისელების მიერ ფრანგების რბევას. მას ჰქონდა სამშობლოსადმი გამძაფრებული სიყვარული და ინგლისელების დამარცხების ჟინი. 13 წლის იყო ჟანა, როდესაც იგი ყველას მოუთხრობდა, თუ როგორ ეცხადებოდა მას მთავარანგელოზი და ჰპირდებოდა უფლის წყალობას ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში. 16-17 წლის ჟანამ  ბიჭურად გადაცმულმა დატოვა სოფელი და დიდი გაჭირვებით მიაღწია სამხრეთ საფრანგეთში გახიზნულ დოფინთან (ასე უწოდებდნენ ტახტის მემკვიდრეს, სანამ მას მეფედ აკურთხებდნენ. ამ სახელს უწოდებდნენ იმიტომ, რომ  მის მფლობელობაში იყო დოფინეს ოლქი) შარლთან. შარლი ავიდან უნდობლად ეხვდა ჟანა დარკს, მაგრამ როდესაც მასში დაინახა საოცარი ენთუზიაზმი და გამარჯვების ბრმა რწმენა, იგი მიხვდა, თუ რამხელა საბრძოლო მუხტის სეტანა შეეძლო ამ ფრანგ ქალწულს საფრანგეთის არმიაში. დოფინმა შარმა ჟანა დარკს ჩააბარა ყველაზე ცუდად ორგანიზებული და ცდად შეაიარაღებული არმია. მიუხედავად ამისა მოკლე დროში ჟანამ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა თავისი მეომრების მხრიდან და წარმატებებს მიაღწია თავის მეომრებთან ერთად. ცხენზე ამხედრებული, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, კარლოს მარტელის ხმლით და ვალუების შროშანებიანი თეთრი დროშით აღჭურვილი ჟანა დარკი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მან ინგლისელებისაგან არაერთი ფრანგული სოფელი და ქალაქი გაათავისუფლა.

1429 წელს ფრანგებმა ჟანა დარკის მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს და  ინგლისელებისაგან დაპყრობილი ქალაქი ორლეანი 209 დრიანი ალყისაგან გაათავისუფლეს, სწორედ ამიტომ ჟანას ეწოდა „ორლეანელი ქალწული“, ვინაიდან იგი ამ ბრძოლის გმირი იყო. ორლეანის გათავისუფლებას მოჰყვა ჟანას არმიის მიერ ქალაქ რეიმსის გათავისუფლება. ჟანასვე ინიციატივით დოფინი შარლო ჩამოიყვანეს რემსში და იგი დიდი ზარზეიმით რეიმსის საკათედრო ტაძარში მეფედ აკურთხეს შარლ VII-ის სახელით, ხოლო შემდეგში ასწლიანი ომის წარმატებით დამთავრებისათვის მას „ძლევამოსილი“ უწოდეს.


ჟანა დარკის ასეთი წარმატებები საშინლად არ მოსწონდათ და გარკვეულ შურსაც იწვევდა არა მარტო ინგლისელების, არამედ საფრანგეთის ფეოდალებისა და სარდლების მხრიდანაც. ამიტომაც მათ გადაწყვიტეს თავიდან მოეშორებინათ ასეთი წარმატებული, ნიჭიერი და ქარიზმატული ფრანგი ქალი. რა თქმა უნდა ინგლისელებსაც უნდოდათ ჟანას შეპყრობა და დასჯა, მაგრამ უბრალოდ დასჯის შემთხვვევაში ჟანა დარკი წამებულად იქცეოდა, რაც მათ არ აწყობდათ.

ერერთი ბრძოლის დროს ინგლისელთა მოკავშირე ბურგუნდიელებმა ჟანა დარკი ღალატით ტყვედ ჩაიგდეს და დიდი თანხის სანაცვლოდ ინგლისელებს გადასცეს, ხოლო ინგლისელებმა კი ჟანა კათოლიკურ ეკლესიას გადასცეს. სამწუხაროდ, ფრანგი დიდებულებისაგან მოსყიდულმა კათოლიკური ეკლესიის სასამართლომ, ინკვიზიციამ (ინკვიზიციას თავმჯდომარეობდა ფრანგი ეპისკოპოსი პიერი, რომელსაც მეტსახელად „კოშონი“ ანუ „ღორი“) ჟანა დარკი დაადანაშაულა ჯადოქრობაში, სატანასთან მსახურობაში და მას მიუსაჯა სიკვდილი. ჟანა დარკი მიატოვა ყველამ, მის გასათავისუფლებლად არაფერი გაუკეთებია საფრანგეთის მეფე შარლ VII-ეს, რომელიც სწორედ ჟანას დამსახურებით ეკურთხა რეიმსში საფრანგეთის მეფედ.

1431 წლის 30 მაისს რუანში, ძველი ბაზრის მოედანზე ჟანა დარკი მრავალი მაყურებლის თანდასწრებით კოცონზე დაწვეს. მისი ბოლო სიტყვები იყო: „იესო ქრისტე“. ჟანას ფერფლი ინგლისელებმა მდინარე სენას გააყოლეს. 1456 წლისათვის კათოლიკურმა ეკლესიამ აღიარა, რომ ჟანა დარკი უდანაშაულოდ იქნა კოცონზე დამწვარი და მოუხსნა ყველა ბრალდება, ხოლო 1920 წელს ჟანა დარკი საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამწმინდანად შერაცხა. ჟანა დარკის ხსოვნის დღეა 8 მაისი, რადგან სწორედ 8 მაისს გაათავისუფლა ჟანა დარკმა ქალაქი ორლეანი.

ჟანა დარკის მიერ დაწყებულმა ბრძოლამ მართლაც დიდი მუხტი მისცა ფრანგების ბრძოლას ინგლისელების წინააღმდეგ. ფრანგებმა თანდათან დაიწყეს ინგლისელი ოკუპანტების მიერ საფრანგეთის გათავისუფლება და საბოლოოდ 1453 წელს დასრულდა საომარი მოქმედებები ინგლისსა და საფრანგეთს შორის. სწორედ 1453 წელი ითვლება ასწლიანი ომის დასრულების თარიღად. საზავო ხელშეკრულებით, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის მეფე ლუი XI-სა და ინგლისის მეფე ედუარდ IV-ს შორის დაიდო, ინგლისმა საფრანგეთში ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგა, ასევე ვერ შეძლო ფლანდრიის შემოეერთებაც. ინგლისს მხოლოდ კალეს ნავსადგური შერჩა, რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ ასევე საფრანგეთის ხელში გადავიდა.  მიუხედავად ამისა ინგლისის, ანუ დიდი ბრიტანეთის მეფე 1802 წლამდე საფრანგეთის მეფის ტიტულს ატარებდა. 

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -