Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 19 April 2018


სამოქალაქო ომი ინგლისში (XVII საუკუნე)

   XVI საუკუნის II ნახევარში ინგლისში ჩამოყალიბდა მიწათმფლობელთა ახალი ფენა _ ჯენტრი. ისინი იყენებდნენ დაქირავებული მუშახელის შრომას და ამაში მუშებს ხელფასს უხდიდნენ. ვაჭრები და მანუფაქტურების მფლობელები მანუფაქტურული ნაწარმის დანერგვას სოფელში ამჯობინებდნენ. სოფლის ხელოსანი გადაიქცა დაქირავებულ მუშად.
   ასე, რომ კაპიტალისტური ურთიერთობების დამყარებამ ხელი შეუწყო ინგლისური ვაჭრობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას. მიუხედავად ასეთი სწრაფი დაწინაურებისა ინგლისში არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობა და უკმაყოფილება მეფესა და ინგლისის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რამაც ინგლისი XVII საუკუნის დასაწყისში რევოლუციამდე მიიყვანა. განვიხილოთ ამ უკმაყოფილებათა მიზეზები:
1) როგორც უკვე ავღნისნეთ, წარმოების განვითარების შედეგად ინგლისში ჩამოყალიბდა ახალი კლასი _ ბურჟუაზია. მაგრამ, როგორც ვაჭრობა, ასევე წარმოება გარკვეულწილად შეზღუდული იყო იმის გამო, რომ სამეფო ხელისუფლება ფართოდ იყენებდა მონოპოლიების პრინციპს. მონოპოლიურ უფლებებს მეფე ანიჭებდა ვაჭრებისა თუ მეწარმეთა გარკვეულ ჯგუფს ამა თუ იმ სფეროში, რითაც ზღუდავდა წარმოების თავისუფლებას და გზას უკეტავდა სხვა მეწარმეებს. სანაცვლოდ კი მეფის მთავრობა ამ პრივილიგებული ჯგუფებიდან დიდ ფულად თანხებს იღებდა. ამგვარი შეზღუდვები მეწარმეთა გარკვეული ნაწილის დიდ უკმაყოფილებას იწვევდნენ. ე.ი. არსებობდა წინააღმდეგობა მეფესა და ბურჟუაზიას შორის;
2) მდგომარეობას ამწვავებდა ისიც, რომ XVI-XVII სს მიჯნაზე ინგლისში გამოჩნდა პროტესტნტული ეკლესიის ახალი, რადიკალური მიმდინარეობა, რომელიც პურიტნთა სახელით არის ცნობილი. სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან _ პურუს - წმინდა. პურიტანები გამოდიოდნენ ანგლიკანური ეკლესიის განწმენდის მოთხოვნით. ინგლისის პროტესტანტული ეკლესია მათ მეტისმეტად არაპროტესტანტულად და უფრო კათოლიკურად მიაჩნდათ. ისინი მოითხოვდნენ საეკლესიო იერარქიის სრულ გაუქმებას, რელიგიური მრწამსის სრულ თავისუფლებას და უპრველეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ არა საეკლესიო რიტუალს, არამედ ქადაგებას. პრაქტიკულად ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა სოციალური თანასწორობის მოთხოვნა რელიგიური ლოზუნგის საფარველით. გარდა ამისა პურიტანები ქადაგებდნენ, რომ სულიერი ხსნა და ღვთის ნების შესრულება მდგომარეობდა არა მარტო ქადაგებასა და ლოცვაში, არამედ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დაუღალავ შრომაში, სიმდიდრის დაგროვებაში და ა. შ. ეს იყო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ნაწილი. პურიტანები გამოდიოდნენ მეფის, როგორც ეკლესიის პირველი პირის და საეკლესიო სასამართლოების წინააღმდეგ და მოითხოვდნენ , რომ მღვდლები მრევლს აერჩია. ამ მიმდინარობის მომხრეებად ძირითადად თავადაზნაურობა, მრეწველი და ვაჭრები იყვნენ.
 როგორც ვხედავთ პურიტანები სასტიკად ამათრახებდნენ ანგლიკანურ ეკლესიას, სამეფო კარს, მის ფუქსავატ და ზედმეტად ხელგაშლილ თუ გართობა-სანახაობით აღსავსე ცხოვრებას. ამის პასუხად მათ სასტიკი დევნა დაიმსახურეს. მეფის სამსჯავროები, მაღალი კომისია და ვარსკვლავიანი პალატა უმოწყალოდ სჯიდა პურიტანებს. ბევრი მათგანი იძულებული შეიქმნა სამშობლო მიეტოვებინა და ამერიკაში გადასახლებულიყო. ასე, რომ, ინგლისში საკმაოდ გამწვავდა დაპირისპირება მეფესა და ინგლისის საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც პურიტანულ მრწამსს აღიარებდა.
3) უკმაყოფილება სუფევდა ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 1603 წელს გარდაიცვალა დედოფალი ელისაბედ თიუდორი. ტახტზე ავიდა მისი უახლოესი ნათესავი ჯეიმს I სტიუარტი (1603-1625 წწ), მანამადე სტიუარტების შოტლანდიის ტახტი ჰქონდათ დაკავებული. როგორც ვხედავთ ინგლისის სამეფო ტახტზე დროთა განმავლობაში სამი დინასტია მეფობდა ერთმანეთის მიყოლებით, ესენია: პლანტაგენეტები, თიუდორები და სტიუარტები. სტიუარტების სამეფო ოჯახი შოტლანდიას XIV საუკუნიდან მართავდა. ახალი მეფე, რომელიც შეჩვეული იყო შეუზღუდავ მმართვლობას, ვერ შეეწყო ინგლისურ პოლიტიკურ სინამდვილეს. ახალი მეფე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებდა და ხალხს ახალახალ გადასახადებს აკისრებდა. მოსახლეობა და პარლამენტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მეფის ერთპიროვნული და უკანონო გადაწყვეტილებების გამო. მეფე ვერ ეწყობოდა იმასაც, რომ  მისი პოლიტიკური უფლებები პარლამენტით იყო შეზღუდული. პარლამენტთან უთანხმოება ჰქონდა მის მემკვიდრეს ჩარლზ I (1625 – 1649). ასე რომ, ახალი, სტიუარტების დინასტია თავიდანვე დაუპირისპირდა ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც საკმაოდ ამწვავებდა წინააღმდეგობას მეფესა და პარლამენტს შორის.
   ჩარლზ I პარლამენტისადმი არანაკლებ შეურიგებელი აღმოჩნდა. ამ დროს ინგლისი საფრანგეთთან და ესპანეთთან წარუმატებელ ომს აწარმოებდა, ამიტომ ჩარლზი მოსახლეობას პარლამენტის მიერ დაწესებულზე მეტ გადასახადებს თვითნებურად ახდევინებდა. მას, ვინც გადასახადს არ გადაიხდიდა, აპატიმრებდნენ. პარლამენტი ომისათვის საკმარის თანხებს არ გამოყოფდა და მეფის ფავორიტის, პირველი მინისტრის გრაფი სტრაფორდის გადადგომას მოიტხოვდა.
   1628 წელს მეფემ არასასურველი პარლამენტი დაითხოვა და ახალი მოიწვია. ახალმა პარლამენტმა ჩარლზ I-ს წარუდგინა “პეტიცია უფლებების სესახებ”, რომელიც ასევე მიუღებელი აღმოჩნდა მეფისათვის, რადგან ეს დოკუმენტი  გარკვეულწილად ზღუდავდა მეფის ხელისუფლებას. სამ თვეში მეფემ ახალი პარლამენტიც დაითხოვა, ამიტომ ის ისტორიაში “ხანმოკლე პარლამენტის” სახელით შევიდა. ჩარლზ I  პარლამენტის გარეშე ქვეყანას 11 წლის მანძილზე მართავდა.
   ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ვაჭრები დაემორჩილნენ ყოფილი პარლამენტის მოწოდებას და გადასახადებს აღარ იხდიდნენ. მეფე კი კონტრშეტევაზე გადავიდა. მისი ბრძანებით, მისთვის მიურებელ ადამიანებს აპატიმრებდნენ.
   მდგომარეობას ამძიმებდა ისიც, რომ გამწვავდა წინააღმდეგობა ინგლისსა და შოტლანდია შორის. 1603 წლიდან ინგლისსა და შოტლანდიას ერთი მეფე ჰყავდა, თუმცა შოტლანდია რელიგიურ საკითხებში გარკვეული ავტონომიით სარგებლობდა. მეფემ და მისმა მრჩევლებმა ამჯერად შოტლანდიის საეკლესიო საქმეებში ჩარევა გადაწყვიტეს. ამის საპასუხოდ აჯანყდა შოტლანდია. მათ საკმაოდ კარგი არმია ჰყავდათ და ინგლისელები რამდენჯერმე დაამრცხეს კიდევაც.
   ჩარლზ I-ს ახალი არმია სჭირდებოდა, მაგრამ ამისათვის თანხები არ გააჩნდა. მეფემ შოტლანდიასთან დამამცირებელი ზავი დადო და დიდი კონტრიბუციის გადახდა იკისრა. ამასთანავე შოტლანდიელებმა მოითხოვეს, რომ მათი საქმეები მხოლოდ პარლამენტს განეხილა და არა მეფეს. ინგლისის მოსახლეობაც ახალი პარლამენტის მოწვევას ითხოვდა. მეფე იძულებული გახდა დათანხმებულიყო.
   1640 წლის ბოლოს შეიკრიბა ახალი პარლამენტი რომელიც ისტორიაში “ხანგრძლივი პარლამენტის” სახელით შევიდა. “ხანგრძლივი პარლამენტი მოქმედებდა 1653 წლამდე. მომდევნო წელს, 1641 წელს, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პარლამენტის დათხოვნა და დანიშვნა მხოლოდ მისივე გადაწყვეტილებით იყო შესაძლებელი. იმავე წელს (1641 წელს) პარლამენტმა გამოსცა საპტორესტო წერილი ანუ “დიდი რემონსტრაცია”, რომელშიც მეფეს და სასულიერო ლიდერებს უკანონო საქმეებში ამხელდა. პარლამენტმა მიაღწია იმისაც, რომ სიკვდილით იქნა დასჯილი მეფის ფავორიტი, აბსოლუტიზმის პოლიტიკის აქტიური გამტარებელი გრაფი სტრაფორდი.
დიდი რემონსტრაციის საპასუხოდ მეფემ გადაწყვიტა ოპოზიციის მეთაურების დაპატიმრება, მაგრამ მათ ლონდონის საქმიან რაიონს, სიტის შეაფარეს  თავი, რომელიც შეუვალობით სარგებლობდა. ამან საბაბი მისცა მეფეს ჯარის შეგროვება დაეწყო პარლამენტის წინააღმდეგ. ქვეყანა ორად გაიყო. დაიწყო ეწ. სამოქალაქო ომი.
   1642 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის. ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა და ქვეყნის ჩრდილოთში გაემგზავრა. 
  მეფის დასაყრდენს მსხვილი არისტოკრატები წარმოადგენდნენ. პარლამენტი ეყრდნობოდა ლონდონის საქმიან წრეებს, ეკონომიკურად განვითარებული რაიონების მოსახლეობას, მათ შორის თავად-აზნაურობას. თავდაპირველად სამხედრო მოქმედებებში წარმატება მეფის მხარეს იყო. მისი არმია თავად-აზნაურებისაგან შედგებოდა, რომლებსაც სამხედრო საქმის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაშინ, როცა პარლამენტის ჯარი სახელდახელოდ შეკრებილ ვაჭარ-ხელოსანთა და გლეხობის კრებულს წარმოადგენდა. 
  მდგომარეობა შეიცვალა, როდესაც საპარლამენტო ჯარს რადიკალურად განწყობილი ოლივერ კრომველი ჩაუდგა სათავეში, პურიტანი, ენერგიული და მტკიცე ხასიათის ადამიანი. მან გაწმინდა ჯარი მერყევი ელემენტებისაგან, შექმნა მძლავრი ბირთვი პურიტანი ჯარისკაცებისაგან, რომლებიც არნახული თვდადებითა და სიმტკიცით გამოირჩეოდნენ. მან თავის ახალ არმიას “ახალი ნიმუშის” (იგივე “რკინისგვერდებიანები”) არმია უწოდა. მისი ჯარი შედგებოდა ცხენოსანი მეომრებისაგან. არმიის საფუძვლს მკაცრი დისციპლინა წარმოადგენდა. ჯარისკაცებს სასტიკად ეკრძალებოდათ მშვიდობიან მოსახლეობაზე და დასახლებებზე თავდასხმა. ამის შედეგად პარლამენტის ჯარმა შეძლო მეფის ჯარის დამარცხება და თვით გაქცეული ჩარლზ I-ის ტყვედ ჩაგდება.
   მალე პარლამენტის ბანაკში წინააღმდეგობებმა იჩინა თავი. ახლად აღზევებულმა ფენებმა, რომელთა წარმომადგენლებს კრომველი და მისი მომხრეები წარმოადგენდნენ, ჩათვალეს, რომ რევოლუციური მოძრაობა უნდა დასრულებულიყო, მაშინ როცა ფართო ფენების წარმომადგენლები, რომელთაც პარლამენტის ჯარის ოფიცერი ჯონ ლილბერნი მეთაურობდა, მოითხოვდნენ ხალხის უფლებების გაფართოებას. ბრძოლა კრომველისა და მისი მომხრეების გამარჯვებით დამთავრდა. საპარლამენტო ბანაკში არეულობით ისარგებლა მეფემ და ტყვეობას თავი დააღწია და შოტლანდიაში გაიქცა. ამან გამოიწვია სამოქალაქო ომის დამთავრება.
  ე. წ. მეორე სამოქალაქო ომში კვლავ პარლამენტმა გაიმარჯვა. მეფე ტყვდ ჩაიგდეს და 1649 წ სიკვდილით დასაჯეს. ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. 

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -